[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
გასული წლის აპრილში ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და საბერძნეთს 110 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტი გამოუყვეს. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, მაგრამ ქვეყანაში სიტუაცია არ შეცვლილა: ბიუჯეტის დეფიციტი კვლავ მაღალია, ეკონომიკა არ იზრდება, უმუშევრობა კი მატულობს. სანამ საბერძნეთი ცდილობს ეკონომიკის გადარჩენის ახალი გეგმა მიიღოს, დანარჩენ ევროპაში სერიოზულად მსჯელობენ მისი ვალის რესტრუქტურიზაციაზე, ინვესტორებს კი სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ საბერძნეთი დეფოლტს არ გამოაცხადებს.
ევროპელი ეკონომისტები მართლაც საგონებელში არიან ჩავარდნილი. მას შემდეგ, რაც როგორც იქნა შეთანხმდნენ და საბერძნეთს 110 მილიარდიანი კრედიტი მისცეს, ევროკავშირისაგან 85 მილიარდიანი დახმარება ირლანდიამ მიიღო და პორტუგალია 80 მილიარდს ელოდება. მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ საბერძნეთს არაფერი ეშველა და ეს, ცხადია, სიტუაციას ძალიან ძაბავს.
ეგზომ დიდი დახმარება რომ მიეღო, საბერძნეთმა სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯების შემცირების პირობა დადო. კრედიტის გაცემისას ასევე აღინიშნა, რომ 2014 წლისათვის ბიუჯეტის დეფიციტი შიდა პროდუქტის 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ჯერჯერობით საბერძნეთმა ყველაფერი ამისკენ სერიოზული ნაბიჯები ვერ გადადგა.
ცხადია, ქვეყნის მთავრობამ დასახული მიზნის შესასრულებლად გარკვეული ზომები გაატარა. მაგალითად, უარი თქვეს საპენსიო ფონდის გაზრდაზე, შედარებით ლიბერალური გახდა შრომის კანონმდებლობა და ცდილობენ ანტიმონოპოლიური ღონისძიებები გაატარონ. გარდა ამისა, მოსალოდნელია გადასახადების ზრდა და სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების შემცირება. დაიწყო უმსხვილესი ნაციონალური ენერგომაპანია PPC-ს პრივატიზაციის პროცესი. მაგრამ ეს აშკარად საკმარისი არ არის.
ბერძნული პრობლემები მთელს ევროპას აწუხებს. განსაკუთრებით ეს უმსხვილეს კრედიტორზე გერმანიაზე უნდა ითქვას. პირველმა სწორედ გერმანელებმა გააჟღერეს ოფიციალურად, რომ ბერძნული ვალის რესტრუქტურიზაციაზე ფიქრობენ. სავარაუდოდ, მალე ასეთივე აზრს გააჟღერებს საფრანგეთიც.
ცხადია, ბერძნულ სიტუაციაზე თავიანთი აზრი აქვთ საბირჟო ტრეიდერებს. ისინი თანდათანობით იმედს კარგავენ, რომ საბერძნეთი ოდესმე ვალების გადახდას მოახერხებს.
ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ სიტუაციის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ თავის დროზე შეგნებულად თუ შემთხვევით მცდარი მონაცემები იქნა გამოქვეყნებული. კერძოდ, ცნობილი იყო, რომ 2009 წლის მონაცემებით, საბერძნეთის ბიუჯეტის დეფიციტი შიდა პროდუქტის 13,6 პროცენტი, სახელმწიფო ვალი კი 115 პროცენტი იყო. 2010 წლის ბოლოსათვის დეფიციტის 8,1 პროცენტამდე, შიდა პროდუქტის კი 4 პროცენტით ელოდნენ. ხოლო 2011 წლისათვის შიდა პროდუქტის კლება 2,5 პროცენტამდე ინდა შემცირებულიყო.
მაგრამ, ცნობილი გახდა, რომ 2009 წელს ბიუჯეტის რეალური დეფიციტი 15,4 პროცენტი იყო და არა 13,6 პროცენტი. 2010 წლისათვის კი ამ მაჩვენებელმა 10,6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება შიდა პროდუქტს, მისი მოცულობის კლებამ შარშან 4,5 პროცენტი შეადგინა, წელს კი ალბათ 3,2 პროცენტი იქნება და არა დაპირებული 2,5 პროცენტი. ამიტომაც არის, რომ საბერძნეთის გადარჩენის არავის სჯერა.
საერთოდ, საბერძნეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც შესაძლო დეფოლტის წინაშე აღმოჩნდა. ევროკავშირმა მის მაგალითზე გარკვეული გამოცდილება მიიღო, რაც ალბათ ირლანდიისა და პორტუგალიის შველისას გამოადგება. ახლა კი საბერძნეთი შეიძლება ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანა აღმოჩნდეს, რომელიც ვალების გამო დეფოლტს ოფიციალურად გამოაცხადებს.