[რეზონანსი]
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს. ავტოსადგურებში რიგებია, რის გამოც ხალხს წინასწარ უწევს თადარიგის დაჭერა და უმრავლესობა დილის საათებში არჩევს გადაადგილებას.
ავტომანქანებით მოძრაობას მგზავრთა დიდი უმრავლესობა ხარჯების გამო ერიდება. საწვავის მაღალი ფასი მათ საკუთარი ავტომანქანებით მგზავრობის ფუფუნების საშუალებას არ აძლევს. სულ მცირე, 120-150 კილომეტრიან მონაკვეთზე წასვლა-წამოსვლის ხარჯი 60 ლარს აღემატება. უფრო შორ მანძილზე გადაადგილება გაცილებით ძვირი ღირს. მაგალითად, ზუგდიდში წინასააღდგომოდ გამგზავრება ოჯახს, ყველაზე მცირე, 170 ლარი მაინც უჯდება. ამიტომ მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტით არჩევენ გადაადგილებას.
წინასააღდგომოდ დედაქალაქის თითქმის ყველა ავტოსადგურში რიგებია, მძღოლები მგზავრთა მომსახურებას ვერ აუდიან. სამაშრუტო ტაქსები თუ ავტობუსები მყისიერად ივსება.
მაღალი მოთხოვნაა მატარებლებზეც, მგზავრებმა თადარიგი ადრევე დაიჭირეს და ბილეთები წინასწარ შეიძინეს. მგზავრთა ნაკადის მოჭარბების გამო, „საქართველოს რკინიგზას“ 21 აპრილიდან აქტიურ რეჟიმში გადავა. დამატებითი რეისი დაინიშნება სენაკის და ოზურგეთის მიმართულებით და ამ რეისზე შემადგენლობებს ვაგონებიც დაემატება. დამატებითი ვაგონები გაჩნდება თბილისის მატარებლებზეც. სპეციალური რეჟიმი 29 აპრილამდე გაგრძელდება.
ცვლილებებია ტარიფებზეც, საქალაქთაშორისო მგზავრობებზე კორექტირება ორიოდე კვირის წინათ განიცადა და შემდეგი ცვლილება, წესით, არ უნდა დაგეგმილიყო.
როგორც აღმოჩნდა, „მარშრუტკებსა“ და ავტობუსებზე 1-2 ლარით ფასმა თითქმის ყველა მიმართულებით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ ავტოსადგურებს ერთსა და იმავე მიმართულებაზე ერთმანეთის განგანსხვავებული ტარიფები აქვთ. არის შემთხვევები, როცა სხვაობა 2-3 ლარს შეადგენს. ასეა, მაგალითად, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. ზოგიერთ მგზავრს ზუგდიდის მიკროავტობუსზე 13-15-17 ლარის ფარგლებში უწევს მგზავრობის საფასურის გადახდა. თუმცა, მგზავრებისთვის ტარიფი არ არის მთავარი სირთულე, ყველაზე დიდ დისკომფორტს მათ რიგში დგომა უქმნით.
„სააღდგომოდ ზუგდიდში ვაპირებ ჩასვლას. თავდაპირველად მატარებლით მქონდა მგზავრობა დაგეგმილი, მაგრამ ბილეთი ვერ ვიშოვე. საბოლოოდ, ალბათ, „მარშურტკით“ გავემგზავრები. ავტოსადგურებში დიდი რიგები დგას, რამდენიმე ჩემი ახლობელი გაემგზავრა და ლოდინი საკმაოდ დიდხანს დასჭირდა. უახლოეს დღეებში უფრო მეტი ხალხმრავლობა იქნება. წინასააღდგომოდ ყოველთვის ასეა. ბოლო დრომდე მგზავრობა 15 ლარი ღირდა, ისედაც ძვირია და ახლა უფრო ასწიეს ფასი - 17 ლარამდე გააძვირეს.ოჯახიდან ოთხი წევრი მივდივართ და მარტო წასვლა-წამოსვლაში 136 ლარის გადახდა მოგვიწევს“, - ამბობს ლიკა ქვაჩახია, ზუგდიდელი მგზავრი.
„თბილისის ცენტრალური ავტოსადგურიდან გავემგზავრები. მგზავრობაში 15 ლარს ვიხდი. დაახლოებით 2 კვირის წინ ვიმგზავრე და ამდენივე გადავიხადე. არა მგონია, გააძვირონ. ისედაც მაღალი ფასებია. ამასთან, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოჯახიდან ამა თუ იმ რეგიონში მინიმუმ 2 ადამიანი მაინც ჩადის. მგზავრობის საფასურს თუ გავითვალისწინებთ, მგზავრობსითვის ადამიანებს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა უწევს“, - ამბობს ირინა გოგია, გალის მკვიდრი.
ავტოსადგური „გლდანი“ გამოკითხულთა შორის ერთადერთი აღმოჩნდა, საიდანაც მგზავრებს შეღავათიან ფასში მოუწევთ მგზავრობა. ზუგდიდის მიმართულებით ტარიფი 13 ლარი ღირდა და წინასააღდგომოდაც ავტოსადგური მგზავრებს ამ ფასში მოემსახურება. რაც შეეხება იმერეთის მიმართულებას, ქუთაისში, საჩხერესა და ჭიათურაში მგზავრობა „გლდანიდან“ 10 ლარი ღირს. თუმცა, დაბალი ფასის მიუხედავად, აქ მგზავრთა დეფიციტია.
„ტარიფი არ გაგვიძვირებია. ბოლო პერიოდში ამ ფასით გადაგვყავს მგზავრები და ცვლილებებს არც ვგეგმავთ. მიუხედავად დაბალი ფასისა, აქტიურობა არ შეიმჩნევა. ცვლილება ოდნავ არის, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ამან ბოლო დროს არსებული მდგომარეობა შეცვალოს. რეალურად ძალიან გვიჭირს, საწვავი ძვირია, მგზავრი ცოტა გვყავს. მგზავრობა რომ გავაძვიროთ, ყველა გაიქცევა, ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც ფასებს ვერ ვცვლით“, - ამბობს ავტოსადგურის თანამშრომელი.
ავტოსადგურ „ოკრიბაში“ ფასების ცვლილებაზე არ საუბრობენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თანამშრომლებისა და მგზავრების ნათქვამი ერთმანეთისგან განსხვავებულია. „ოკრიბაში“ არც ბილეთების გაძვირებას ადასტურებენ და არც მოთხოვნის გააქტიურებას. მგზავრები ამბობენ, რომ 1 ლარით ძვირად უწევთ მგზავრობა. ამასთან, არის რიგები, რის გამოც მგზავრობა დროში იწელება.
„მგზავრების ნაკადმა მოიმატა, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მეტს ვვარაუდობდით. შარშან ამ პერიოდში გაცილებით მეტი მგზავრი გვყავდა. რაც შეეხება ფასებს, არ გაგვიძვირებია. ცოტა ადრე მოიმატა და ახლაც რომ გავაძვიროთ, მგზავრებს დავაფრთხობთ“, - ამბობს „ოკრიბას“ თანამშრომელი.
„ხაშურში ადრე 5 ლარად ვმგზავრობდი. სულ ახლახან 6 ლარი გადავიხადე. ნაკლებად ვფიქრობ, რომ ცვლილება აღდგომის სეზონს უკავშირდება. შეიძლება, ეს იყოს საბაბი ფასების მორიგი ზრდისთვის და საბოლოოდ ასე დარჩება, კიდევ თუ არ მოიმატა. ძალიან დიდი რიგებიცაა. ხვალ ვაპირებ გამგზავრებას და დილიდანვე მომიწევს სახლიდან გასვლა, რომ სოფელში დროულად ჩავიდე“, -ამბობს ხაშურელი მარი გელაშვილი.
ბილეთის ფასი უცვლელი რჩება რაჭის მიმართულებით. მგზავრებს კვლავ 20 ლარის გადახდა მოუწევთ, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მათ რეგიონში ექმნებათ, სადაც ადგილობრივი ტრანსპორტი შეზღუდვით მუშაობს. მაღალი ფასი ერთ-ერთი მიზეზია იმისთვის, რომ რაჭველებს რიგში დგომა არ უწევთ.
„დიდუბის ავტოსადგურიდან გავდივართ. ბილეთი 20 ლარი ღირდა და ფასი ახლაც იგივეა. ყველაზე დიდი პრობლემა ადგილზე გვექმნება. ონში ჩავდივარ. რაიონიდან სოფლების მიმართულებით ავტობუსები და მარშუტკები დღეგამოშვებით ან კვირაში ორჯერ თუ დადიან. გორისუბნის რეისს თუ ვერ ჩავუსწარი, ტაქსის აყვანა მომიწევს, რაც ძალიან ძვირი ღირს. საბოლოდ, სახლში ჩასვლა, სულ მცირე, 30-35 ლარი დამიჯდება“, - ამბობს ნათელა მურუსიძე.