რამდენიმე დღეში ელექტროენერგიის ტარიფთან დაკავშირებით სემეკის ვერდიქტი გახდება ცნობილი. ამ შემთხვევაში კომისია მარტოოდენ თბოსადგურების ტარიფს დაადგენს, მაგრამ ელექტროენერგიის წარმოებაში თბოსადგურების წილი იზრდება. ასე რომ, მათი ტარიფის შესაძლო გაზრდა, სავარაუდოდ, საბოლოო ტარიფზეც აისახება. „საქართველოში ბოლო წლებში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და თბოსადგურების წილიც თანდათან მატულობს.
დენის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში სუბსიდირების შესახებ მთავრობა ერთობლივად იმსჯელებს“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმადაც თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემთხვევაში მოხდება თუ არა ბიუჯეტიდან სუბსიდირება.
„ტარიფს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ თბოელექტროსადგურებს აქვთ განაცხადი გაკეთებული. ამ მიმართულებით სემეკი მუშაობს. მე ადრეც გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის გაუფასურებამ ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა, ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ვნახოთ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას, ვიცი, რომ მიმდინარეობს დათვლა. ამას გარკვეული დრო სჭირდება და ალბათ, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
იქვე კახა კალაძემ დაადასტურა, რომ მთავრობა ელექტროტარიფის თემაზე იმსჯელებს. „იმ შემთხვევაში თუ ტარიფის დათვლის შედეგად გარდაუვალი იქნება ტარიფის გაზრდა, მაშინ მთავრობა შეიკრიბება. ეს მარტო ენერგეტიკის მინისტრის გადაწყვეტილება ვერ იქნება და არ უნდა იყოს“, - განაცხადა კალაძემ.
შეიცვლება თუ არა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი, 7 ივლისს გახდება ცნობილი. „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“, შპს „მტკვარი ენერგეტიკისთვის“ და შპს „ჯიფაუერისთვის“ ტარიფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 7 ივლისის სხდომაზე მიიღებს.
როგორც სემეკში აცხადებენ, კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად 150-დღიანი ვადა აქვს, თბოელექტროსადგურების შემთხვევაში, ბოლო ვადა სექტემბრის დასაწყისი იყო, თუმცა დეპარტამენტმა ამ საკითხებზე მუშაობა დროზე ადრე დაასრულა და დასკვნას 7 ივლისს წარმოადგენს.
თბოელექტროსადგურებმა ტარიფის გადახედვის თხოვნით სემეკს მას შემდეგ მიმართეს, რაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, განსაკუთრებით პრობლემები შეექმნა თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ძირითადად, ბუნებრივ აირზე მუშაობენ, რომელიც აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის, შესაბამისად, ანგარიშსწორება ხდება დოლარში, მოსახლეობის მხრიდან კი ანაზღაურება ლარით ხორციელდება.
ამავე დროს ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რათა ენერგორესურსი მაქსიმალურად იქნას ათვისებული.
„ენერგეტიკული მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თითოეული ინვესტორისთვის, ვინც საქართველოში შემოდის, ჩვენი გული და კარგი ღიაა და მათ მიერ თითოეული ჩადებული ინვესტიცია იქნება მაქსიმალურად დაცული და ხელშეუხებელი“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე ხელისუფლება დიდ ყურადღებას ანიჭებს ქარის სადგურების პროექტის განხორციელებას და პირველი პროექტი 2016 წელს დაიწყება.