ივლისიდან სამომხმარებლო ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. ამიერიდან მომხმარებლისთვის თვალსაჩინო იქნება გენმოდიფიცირებული საქონელი. თუკი რიგითი მოქალაქე დღემდე ვერაფრით არჩევდა გმო პროდუქტს ნატურალურისაგან, ახლა ასე აღარ იქნება. კანონი ყველა მეწარმეს ავალდებულებს პატივი სცენ მომხმარებელს და მისი არჩევანის თავისუფლება დაიცვან. თავნება და დაუდევარ ბიზნესმენებს საკმაოდ სოლიდური ჯარიმა მოელით.
2015 წლის 1-ლი ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ“, რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მომხმარებელს ექნება არჩევანის თავისუფლება, ვინაიდან ის იქნება ინფორმირებული, სურსათი გენმოდიფიცირებულია თუ არა. აღნიშნული კანონი არეგულირებს ეტიკეტზე განსათავსებელ ინფორმაციას. კერძოდ, თუკი სურსათის შემადგენლობაში არსებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა „გმ“.
კანონის მიხედვით, ეს ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. თუკი სურსათის ეტიკეტირება შეუძლებელია, თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია გენმოდიფიცირებულობის შესახებ. ეტიკეტირების წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება და ბიზნეოპერატორს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.
სურსათი, რომლის ეტიკეტზეც არ იქნება მითითებული „გმ“ და ლაბორატორიული კვლევით აღმოჩნდება გენმოდიფიცირებული, ექვემდებარება განადგურებას. თუკი ბიზნესოპერატორი არ გაანადგურებს ასეთ სურსათს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით იგი დაჯარიმდება 10 000 ლარით.
აღნიშნული საკითხის კონტროლი ორ უწყებას - შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტმენტს, ქვეყნის შეგნით კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევალება.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტის ეთერ სარჯველაძის თქმით, გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს იმისათვის გამოიყენება, რომ პროდუქტი მალე არ გაფუჭდეს და დიდხანს შეინახოს, ასევე გამძლე იყოს მავნებლების მიმართ.
„ამ პროდუქტების ეტიკეტირება ადრეც უნდა მომხდარიყო, ჯერ კიდევ როდის გვეუბნებოდა ევროპა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარზე ქართულ პროდუქტზე დიდი მოთხოვნა იქნება თუ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს ვაწარმოებთ“, - ამბობს ეთერ სარჯველაძე.
მისივე თქმით, ევროპის ბევრ ქვეყანაში პროდუქტი, რომელიც გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს შეიცავს, ძალიან იაფია: „ჩვენთან კი შეიძლება ერთნაირი ფასი ჰქონდეს ნატურალურსაც და გენმოდიფიცირებულსაც. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ, მომხმარებელს ზომისა და ფერის მიხედვით შეუძლია ეჭვი შეიტანოს პროდუქტში. მაგალითად, პომიდორს ხელს რომ მოვკიდებთ, თუ ნათითური არ დაეტყობა და მინიმალურ ორმოს მაინც არ წარმოქმნის, ეს პომიდორი ნამდვილად გენმოდიფიცირებულია“, - ამბობს ეთერ სარჯველაძე.