ციფრულმა ტექნოლოგიამ პრობლემა წარმოშვა

ციფრულმა ტექნოლოგიამ პრობლემა წარმოშვა

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა საქართველოსთვის უმტკივნეულო პროცესი სულაც არ აღმოჩნდა. არცთუ მაღალფასიანი, პატარა მოწყობილობის შეძენაც კი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ მოახერხა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა დაადასტურა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს მინიმალურად მტკივნეული იყოს. მისი თქმით, ციფრულ მაუცყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტმა, ფაქტობრივად, ნახევარი სამინისტრო გარდაქმნა „ქოლ-ცენტრად“ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვემსახუროთ მოსახლეობას, ასევე გაეცეს კითხვებზე პასუხი. მოქალაქეებს მთელი ჩვენი სამინისიტრო ემსახურება. ბანკებთან შედგა შეთანხმება, რომ განვადებები ფართოდ იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ეკონომიკის სამინისტირო ამ საკითხთან დაკავშირებით თავის გრაფიკს მიყვება.

მთავრობა სწორედ ე.წ. „სეთ ტოპ ბოქსების“ ხელმისაწვდომობის ამბავში გაიჭედა. ეკონომიკის სამინისტროში იმედი ჰქონდათ, რომ 60-80-ლარიანი მოწყობილობის შეძენას მოსახლეობა უპრობლემოდ შეძლებდა. ამიტომ განვადების მექანიზმზე არავის უზრუნია. არადა, მედია ურჩევდა მთავრობას, რომ ამ კუთხით მაინც ეზრუნა საკუთარ მოქალაქეებზე. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პირველივე ეტაპმა დაადსტურა, რომ ჟურნალისტები არც ამ შემთხვევაში ცდებოდნენ.

განსაკუთრებით მწვავე იქნება ეს პროცესი რეგიონებში, სადაც ხელმოკლე ადამიანები ცხვორობენ. ამიტომ ამჯერად ეკონომიკის სამინისტროში ყურები გამოიფხიკეს და საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისთვისაც სავაჭრო ქსელებში „სეთ ტოპ ბოქსის“ ღირებულების ერთიანად გადახდა სირთულეს წარმოადგენს, განხორციელდეს ხელმისაწვდომი სპეციალური საბანკო შეთავაზება. მათი შეძენა უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განვადების შეღავათიანი პირობებით.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია მიქელაძის განცხადებით, საქართველოს ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა ფართომასშტაბიან რეფორმას წარმოადგენს და მისი წარმატებით განხორციელება უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის. „შესაბამისად, მოხარულნი ვართ იმ მხარდაჭერისა და კეთილი ნებისათვის, რომელიც გამოხატა საქართველოს საბანკო სექტორმა“, - აღნიშნა მიქელაძემ.

ე.წ. „სეთ ტოპ ბოქსის“ განვადების შეძენა ნეგატიური საბანკო ისტორიის მქონე პირებსაც კი შეეძლებათ. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განმარტებით, განვადებით სარგებლობა ასევე შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა.

„სეთ ტოპ ბოქსებს“ განვადებით გასცემს ყველა ის ბანკი, რომლის საბანკო პროდუქტშიც შედის განვადების სერვისი და ის განხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაქსიმალურად შეღავათიანი პირობებით. ასევე ოპერატიულად მოხდება თავად საბანკო ოპერაციის გაფორმება.

ასე რომ, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც მოწყობილობის განვადებით შეძენა სურს, ამის არავითარი პრობლემა არ ექნება - განვადებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, განურჩევლად ასაკისა. მეტიც, ეს შეუძლია იმ პირებსაც კი, რომლებიც შესაძლოა კრედიტორთა სიაში ირიცხებოდნენ, ანუ ჰქონდეთ ნეგატიური საბანკო ისტორია, თუკი ვალი ამჟამად არ უფიქსირდებათ“, - აღნიშნა გვასალიამ.

ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის მე-2 ეტაპი განხორციელდება 2015 წლის 9 ივლისს 10:00 საათზე შემდეგ ქალაქებში - გორი, ქარელი, ბეკამი, დუშეთი და ხაშური. თბილისის ზონაში ანალოგური მაუწყებლობა 1-ელ ივლისს გაითიშა. მთელი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ეტაპობრივად, 6 კვირის განმავლობაში მოხდება.