ეკონომიკა ნახევარი ძალით იზრდება

ეკონომიკა ნახევარი ძალით იზრდება

მთავრობას ჯერჯერობით ეკონომიკური ზრდის განახევრებული ტემპი უჭირავს. აპრილის ჩავარდნის შემდეგ, მაისში ვითარება ოდნავ გამოსწორდა და ახლა ქვეყნის მშპ 2,5%-ის „სიჩქარით“ იმატებს. ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ ყველაფერი იდეალურად არ არის, თუმცა მაინც კარგია, რომ რეალური ზრდა სახეზეა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2,1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2015 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ - 2,5 პროცენტი. ამავე პერიოდში შემცირებულია ექსპორტის ვარდნის ტემპი, რაც ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს. კერძოდ, იანვარ-მაისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13,1%-ით შემცირდა, იმპორტი - 9%-ით, ხოლო ექსპორტი - 24%-ით.

მაისში მსხვილ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7,3%-ით გაიზარდა და 4,190 მილიარდი შეადგინა. დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის რეკორდული ზრდა თებერვალში დაფიქსირდა - 13,1%, მომდევნო თვეებში საწარმოთა ბრუნვამ უკუსვლა დაიწყო: მარტი - 9,9%, აპრილი - 4,9%.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაისის წინასწარი ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი უკვე შეაფასა. მისი აზრით, ყველაფერი იდეალურად არ არის, თუმცა კარგია, რომ ამ მოვლენების ფონზე რეალური ზრდა არსებობს.

„გამოქვეყნდა მაისის წინასწარი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - 2,1%. პირველი კვარტალი იყო 3,2%, საშუალო წლიურმა ზრდამ 5 თვის განმავლობაში შეადგინა 2,5%. მაისში განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა მშენებლობის სექტორი, ფინანსური შუამავლობის სექტორი, ელექტროენერგეტიკა და უძრავი ქონება“, - განაცხადა კვირირკაშვილმა.

მინისტრმა უძრავი ქონების სფეროს ზრდის მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 5% ზრდა ამ სექტორში განსაკუთრებით პოზიტიურია, რადგანაც „კერძო სექტორში დადებული გარიგებები განსაკუთრებით გვიჩვენებს გაჯანსაღების ტენდენციას“.

გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა სექტორებიც, სადაც კლება აღენიშნება, ესენია: ავტომობილებით ვაჭრობა, მეტალურგია და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი5%-დან 2%-მდე დაიყვანა, თუმცა ხელისუფლებაში თავს იმითიიმედებენ, რომ საქართველოს რეგიონში მაინც ყველაზე მაღალიეკონომიკური ზრდა ექნება.

„ეკონომიკური ზრდის ტემპის შეფასებისას აუცილებელია რეგიონში არსებული ვითარების ანალიზი, რადგან რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის ტენდენციები ნებისმიერ ქვეყანაზე დიდ გავლენას ახდენს. მაშინაც კი, როდესაც საქართვლეოში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჩვენ არ ვყოფილვართ ლიდერები რეგიონში, რადგან უშუალო მეზობლების ეკონომიკური ზრდის ტემპი ჩვენთან შედარებით კიდევ უფრო მეტი იყო. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, დღეს ჩვენ რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპის საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს და პირველად ვართ ლიდერი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ფინანსთა მინისტრის აზრითაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი (2.3%) მეზობელ ქვეყნებში ყველაზე მაღალია, თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების შესაძლებლობას. წლის ბოლომდე მთავრობას მართლაც ძალიან ბევრი მუშაობა მოწევს, რომ დღევანდელი განახევრებული მაჩვენებელი მაინც შეინარჩუნოს.