საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ახალი ბუმი დაიწყო. მართალია წინა თიზ-ებმა ვერ გაამართლა, მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ აღმოჩნდა ვერც მთავრობისთვის და ვერც ინვესტორთათვის. ამჯერად აქცენტი დასავლეთ საქართველოზე კეთდება. ჩინელები ქუთაისში დამკვიდრდნენ, ხოლო ქართულ-უცხურ საინვესტიციო ჯგუფს მიზანში გონიო აქვს ამოღებული.
აჭარაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოწყობას ბევრი არ დააგვიანდება. პროექტი „შავი ზღვის მარგალიტს“ მოიცავს და ის, სავარაუდოდ, გონიოში 300 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსდება. იდეის ავტორი ქართული „ჯორჯიან ბელარუს ბიზნეს ჯგუფია“, რომელმაც პროექტის ფარგლებში რამდენიმე ქვეყნის ინვესტორთა ჯგუფი გააერთიანა.
პროექტის ავტორის, არჩილ დოლიძის განცხადებით, პროექტში ჩართულია რამდენიმე ფინანსური ჯგუფი, მათ შორის, ჩეხური „ჩესტერი“, საპროექტო კომპანია „ტაჯიტირი“, ჩეხური კომპანია „ტატრა“, ამერიკული „გლობალ ენერჯი“ და ინვესტორები ისრაელიდან და კანადიდან. პროექტს მხარდაჭერას უცხადებს, როგორც აჭარის, ასევე ცენტრალური მთავრობა, რომელთანაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭებაზე, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთის გადაცემა მოხდება.
ინდუსტრიული ზონა სამ ფორმატად იქნება დაყოფილი. პირველი ბიზნეს ობიექტების განთავსებას გულისხმობს, რისთვისაც დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთია გათვალისწინებული. ბიზნეს ზონა საფონდო ბირჟას, სალიზინგო კომპანიებს და ბიზნეს სუბიექტებს გააერთიანებს. მეორე ნაწილი ტურისტულ ზონას მოიაზრებს, სადაც მაღალი კლასის სასტუმროები განთავსდება. მესამე კი ვირტუალურ ზონას გააერთიანებს, სადაც IT სფეროს ლაბორატორიები განთავსდება.
ამ ეტაპზე კომპანიას მიღებული აქვს ნებართვა პირველადი სამუშაოები ჩაატაროს. პირველადი სამუშაოები კი დაგეგმარებას, მდინარე ჭოროხის ნაპირსამაგრი სამუშაოების შესწავლას და გეოდეზიურ მონიტორინგს გულისხმობს.
„მიწის გადმოცემა და სტატუსის მინიჭება გრძელვადიანი პროცესია. ჩვენი მხრიდან ჩასატარებელია რიგი სამუშაოები რომლის შემდგომაც მოხდება სტატუსის მინიჭება, შემდგომ კი მიწის გადმოცემა. ჩვენ მხარდაჭერა გვაქვს როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან, ასევე აჭარის ხელისუფლებისგან“, - აცხადებს დოლიძე.
ვირტუალურ ზონაში, დოლიძის განცხადებით, იგეგმება კომპანია IBM-ის შემოყვანა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები IBM-ის უკრაინულ და რუსულ ოფისებთან. ვირტუალურ ზონაში, სავარაუდოდ, 4000-მდე ახალგაზრდა იქნება დასაქმებული, სადაც ისინი ტექნოლოგიურ სფეროში გადამზადდებიან.
სულ რაღაც ერთი თვის წინ კი ჩინელებმა ინდუსტრიული ზონა ქუთაისში შექმნეს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და „ჰუალინგ ჯგუფის“ კომპანია შპს „GEORGIAN HUASHUN INTERNATION INDUSTIAL INVESTMENT GROUP LTD“–ის დირექტორმა შაო სიაო ძინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნასთან დაკავშირებულ ურთიერთვალდებულებათა შესახებ“.
ეკონომკის სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის ჰუალინგის თიზ-ი საქართველოს მთავრობის განკარგულებით შეიქმნა და მისი ფუნქციონირების ვადად 30 წელი განისაზღვრა.
ინდუსტრიული ზონა ფუნქციობას დაიწყებს ქუთაისში, ავტომშენებელის ქუჩაზე მისთვის გამოყოფილ 359251.00 კვ/მ ტერიტორიაზე. მუდმივად დასაქმებულთა არანაკლებ 75% იქნება საქართველოს მოქალაქე.
„ეს ხელშეკრულება პირდაპირ პასუხობს იმ სულისკვეთებას, რაც არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაფართოებისა და განვითარების კუთხით. ძალიან მოხარულნი ვართ, რომ კომპანია, რომელიც შარშან, მესამე კვარტლის მონაცემებით, იყო ყველაზე მსხვილი ინვესტორი საქართველოში, კვლავაც განაგრძობს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას. რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა მზად არის, ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ სულისკვეთებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ თიზ-ის შესაქმნელად 40 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.