ქადაგიძეს დღე-დღეზე განაიარაღებენ

ქადაგიძეს დღე-დღეზე განაიარაღებენ

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანო მალევე დაუბრუნდება. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტში ყველა დასაბუთებული შენიშვნა გათვალისწინებული იქნება.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ განხილვის პროცესში, ბევრი რეკომენდაციის გათვალისწინება მოხდა, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების.

„მინდა, ყველას მყარი გარანტია მივცე იმისა, რომ პარლამენტი არც ამ და არც სხვა კანონს ისე არ მიიღებს, რომ გათვალისწინებული და გააზრებული არ იყოს ყველა დასაბუთებული შენიშვნა და მოსაზრება. ცხადია, ამ სფეროში როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელსაც ყველას მხარდაჭერა ექნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით გასულ კვირას დაამტკიცა. ცვლილებებით, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით, ეროვნულ ბანკთან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქმნება. პროექტით, სააგენტოს საქმიანობას საბჭო უხელმძღვანელებს.

ეს გადაწყვეტილება ბევრი მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა. ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო დღეებში დაუფარავად ასახელებენ იმ მიზეზს, რომელმაც მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე რეალური საბაბზე ალაპარაკდა. დეპუტატის თქმით, საკითხი დღის წესრიგში არ დადგებოდა, რომ არა ბანკის მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. ტყემალაძემ აღნიშნა, რომ პრობლემას პიროვნებაში ხედავს და არა სისტემაში.

„პიდაპირ გეტყვით: პრობლემა არის პიროვნებაში. ამ არსებული, ჩაკეტილი წრიდან გარკვეული ინფორმაცია ნაკლებად გამოდის საზოგადეობაში. ინფორმაციის მიუწვდომლობამ გამოიწვია უკმაყოფილება საზოგადოებაში და ექსპერტებშიც.

ფაქტია, რომ ეროვნული ბანკისადმი ნდობა არ არსებობს. ეს გამოწვეულია ეროვნული ბანკის საბჭოს მუშაობით, სებ-ის პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით“, - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ და დასძინა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა იმიტომ, რომ პირველ რიგში, „ეროვნული ბანკის ავტორიტეტი შენარჩუნებულიყო“.

გუშინ კომენტარი გააკეთეს მთავრობის წევრებმაც. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას უვნებელ პროცედურას უწოდებს. მისი თქმით, წინა ხელისუფლების პერიოდში იდგა ეროვნული ბანკის საერთოდ გაუქმების საკითხიც. ეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის იდეა იყო.

„ამ იდეას სერიოზულად განიხილავდნენ. მაშინ რატომღაც არ მოჰყოლია მიახლოებული ხმაურიც კი, რაც ახლა მოჰყვა ამ აბსოლუტურად უვნებლივ პროცედურას. ეს ასეა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში. წინა ხელისუფლების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ფრთა სერიოზულად განიხილავდა, რომ გაუქმებულიყო საკონსტიტუციო სასამართლო. ამ იდეას გაცილებით ნაკლები განხილვა მოჰყვა, ვიდრე დღეს. რა ხდება, იქნება თქვენ გამაგებინოთ?“, - კითხვით მიმართა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

როგორც ჩანს, საკანონმდებლო ორგანო „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვას მალე დაუბრუნდება. მისი ამოქმედება პროექტის მიხედვით, 1-ლი ივლისიდან იგეგმებოდა.