[ეკა ბაქრაძე]
საქართველოს მთავრობაზე განაწყენებული ისრაელი სეპარატისტულ აფხაზეთთან ისეთ მასშტაბურ «ჩახუტებაზე» გადავიდა, რომ ძნელი წარმოსადგენია, ფუქსისა და ფრენკელის უპირობო გათავისუფლების შემთხვევაშიც კი რაიმე რადიკალურად შეიცვალოს. მართალია, ქართველი ექსპერტები ჯერჯერობით ოლმპიურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ და აცხადებენ, რომ «აფხაზეთით მხოლოდ წვრილფეხა ავანტიურისტი შეიძლება, დაინტერესდეს», თუმცა ვითარება სახუმარო არ არის. ისრაელის ხელისუფლებაში ჯერჯერობით, არც წვრილფეხა ბიზნესმენები შეუმჩნევია ვისმეს და არც ავანტურისტები.
ებრაულ-აფხაზური საქმიანი კონტაქტი მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატისკენ მიდის. აფხაზეთის მარონეტული რეჟიმი გეგმავს სოხუმის აეროპორტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, ისრაელს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწესების შესახებ თხოვნით მიმართოს.
საინფორმაციო პორტალი «იზრუსი» აფხაზეთის ე.წ. პრემიერის მრჩეველ ბესლან ეშბას სიტყვებს ავრცელებს. ეშბას განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მოლაპარაკებები უკვე გამართეს სოხუმში ცოტა ხნის წინათ მყოფი ებრაელი ბიზნესმენების დელეგაციასთან.
«პირდაპირის საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისით, ისრაელი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია რუსეთსა და თურქეთთან ერთად», - განაცხადა ეშბამ და დასძინა, რომ სოხუმის აეროპორტის გახსნა 2012 წლის ზაფხულის სეზონისთვის იგეგემება.
საქართველოს მთავრობას როგორც ჩვევია თევზივით პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. ექსპერტები კი იხტიბარს არ იტეხენ და მიაჩნიათ, რომ სეპარატიტებთან ფართომასშტაბიან თანამშრომლობას არცერთი სახელმწიფო არ იკადრებს.
ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ ჭყოიძე აფხაზეთში ბიზნეს-საქმიანობის წარმოების მიზნით სერიოზული უცხოელი ინვესტორის ჩასვლას ცალსახად გამორიცხავს. ექსპერტი თვლის, რომ «აფხაზეთით მხოლოდ წვრილფეხა ავანტიურისტი შეიძლება, დაინტერესდეს».
«აფხაზეთში კერძო პირთა ვიზიტები ადრეც ხორციელდებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აღიარების პროცესი ჩაფლავდა, ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლება ასეთი ტიპის ვიზიტებს ახლა მეტ პროპაგანდას უწევს. რაც შეეხება ბიზნეს-აქტივობას, ძალიან მეეჭვება, რომ რომელიმე პრესტიჟული და ავტორიტეტული ინვესტორი აფხაზეთში ჩავიდეს და იქ საქმიანობა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე დაიწყოს. ოკუპირებულ აფხაზეთში მხოლოდ წვრილფეხა ავანტიურისტი, კონტრაბანდისტი და მსგავსი პროფილის მქონე ბიზნესის წარმომადგენელი თუ ჩავა», - განაცხადა ჭყოიძემ.
ექსპერტმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც ამ ტერიტორიაზე არალეგალურად ჩადის და ვიზიტს საქართველოს შესაბამის უწყებებთან შეთანხმების გარეშე ახორციელებს, ქართულ კანონმდებლობას არღვევს. «ეს კანონი ისევე ვრცელდება სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, როგორც თავად რუსეთის ფედერაციაზე», - დასძინა ჭყოიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში აფხაზეთში თურქი და გერმანელი ბიზნესმენებმა ვიზიტს დაუფარავად მოუხშირეს, მაგრამ მათ შორის ყველაზე დიდი გამოხმაურება ებრაელი ბიზნესმენების ვიზიტს მოჰყვა. ყველასთვის ცხადია, რომ ისრაელიდან სეპარატისტებთან მივლენილი ბიზნესმენების უკან თავად ისრაელის სახელმწიფო დგას. ამით თელ-ავივი თბილისს სამაგიეროს ფუქსისა და ფრენკელის დაპატიმრების გამო უხდის.