ხორბალი ბევრია, მაგრამ გლეხები ფასს აპროტესტებენ

ხორბალი ბევრია, მაგრამ გლეხები ფასს აპროტესტებენ

კახელებმა დიდი ოდენობით მარცვლეული მოიწიეს, მაგრამ მის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მათთვის მიუღებელია ფასიც, რომელიც შარშანდელთან შედარებით, მკვეთრად არის შემცირებული.

წელს კახეთში 1 ჰექტარზე 3-დან 5 ტონამდე ხორბალს მიიღებენ. ამ დროისთვის ხორბალს ალაზნის ველზე იმკიან. შარშანდელი გვალვიანი წლის შემდეგ, წელს ფერმერებს ძალიან გაუმართლათ, მაგრამ ამჯერად პრობლემა სხვა კუთხით შეიქმნა.

თუკი შარშან 1 კილოგრამი ხორბლის ღირებულება 55 თეთრის ფარგლებში მერყეობდა, ახა მისი ფასი 35-38 თეთრია. თანაც კახელებს, მიმდინარე ხარჯებთან ერთად, შარშანდელი ვალებიც გასასტუმრებელი აქვთ. შარშან ბევრ მათგანს, სიცხისაგან ყანები მთლიანად დაეწვა.

გლეხებს არც მოსავლის შენახვის საშუალება აქვთ, რადგან გადასახადი დიდია. ამიტომ ისინი ითხოვენ, რომ მსხვილმა კომბინატებმა კეთილი ნება გამოიჩინონ და დროულად შეისყიდონ ხორბალი. მათ აქვთ საკუთარი საწყობები და იმის შესაძლებლობა, რომ გლეხებს მარცვლეულის იქ დასაწყობება შესთავაზონ.

ამისათვის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „გლობალ აგროს“ ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა ხორბლის უხვი მოსავალი და ალოობის დაწყება იყო.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე წისქვილკომბინატების წარმომადგენლებმა ფქვილის იმპორტის მექანიზმებისა და ფასების რეგულაციების საკითხები განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მონიტორინგის გამკაცრების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არსებული წისქვილკომბინატები სრულ მზადყოფნაში არიან, შეისყიდონ ხორბლის მოსავალი და ამით ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციაში ხელი შეუწყონ.

ამასობაში ფერმერები უხვ მოსავლს ემადლიერებიან, მაგრამ რეალიზაციას უჩივიან. ამ ეტაპზე ისინი ქერის გაყიდვას ვერ ახერხებენ. ბოლო დროს 1 კილოგრამი ქერის ფასი 60-დან 30 თეთრამდე დაეცა, თუმცა ამ ფასადაც ჭირს რეალიზაცია. ფერმერები ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

„წელს საუკეთესო მოსავალი მოვიდა, მაგრამ ვერ ვყიდით. იმის გამო, რომ ქერი დამეთესა, მანქანა და სახლი ჩავდე ბანკში და კრედიტი ისე გამოვიტანე, ახლა რა უნდა ვქნა არ ვიცი“, - აცხადებს ფერმერი ელიზბარ იმერლიშვილი.

ბაჩუკი გონაშვილი კი ამბობს, რომ შირაქის და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. „კილოგრამი ქერის ფასი 60 თეთრი იყო, ახლა კი 30 თეთრზე დაეცა, თუმცა მყიდველი მაინც არ ჩანს“, - განუცხადა qiziyi.ge-ს ბაჩუკი გონაშვილმა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნავენ, რომ დღეისთვის რაიონის ტერიტორიაზე სახნავ-სათესი ნაკვეთების 47 663 ჰა-დან წელს 11929 ჰა ხორბალი, ხოლო 2 720 ჰა-ზე ქერი იყო დათესილი. უწყების ინფორმაციით, წელს 40 000 ტონა ხორბლის, ხოლო 9 520 ტონა ქერის მოსავალს ელოდებიან.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ზვიად ჯავახიშვილის თქმით, მარცვლეულის გასაყიდი ფასი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დასტაბილურდება.