მოვაჭრეებმა ბათუმის მერიას სეზონი დაათმობინეს

მოვაჭრეებმა ბათუმის მერიას სეზონი დაათმობინეს

ბათუმში ძველი დრო გაიხსენეს და ქალაქის მერიამ ჯიხურების წინააღმდეგ გაილაშქრა. მოვაჭრეებთან დაპირისპირებამ შედეგი ვერ გამოიღო. დღენახევრიანი გაწევ-გამოწევის შემდეგ ბათუმის მერმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ჯიხური დაბრუნდება ძველ ადგილებზე და მოვაჭრეებს მიეცემათ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა სექტემბრის ბოლომდე.

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც გარემოვაჭრეებმა რამდენიმე ჯიხურის „ჭაჭის თაუერის“ ტერიტორიიდან გადატანა გააპროტესტეს. როგორც ზედამხედველობის სამსახურმა უფროსმა ზაალ მამუჭაძემ განმარტა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 8 ჯიხური ტერიტორიიდან დასაწყობების მიზნით გაიტანა. ახლო მომავალში მერია იმსჯელებს, რა ფორმით გააგრძელებენ გარემოვაჭრეები საქმიანობას სექტემბრის შემდეგ.

სუვენირებისა და სამკაულების ჯიხურები ბათუმში საბაგიროს ტერიტორიასა და გოგებაშვილის ქუჩის გასწვრივ იყო განლაგებული. რამდენიმე დღის წინ კი ბათუმის მერიამ ჯიხურები „ჭაჭის თაუერის“ მიმდებარედ ორ მწკრივად განალაგა, რასაც, როგორც გარემოვაჭრეების, ასევე, ბათუმელების პროტესტი მოჰყვა.

ხუთშაბათს, გვიან საღამოს, ბათუმის მერიამ ჯიხურების აღება მეპატრონეებთან შეუთანხმებლად დაიწყო. მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და მერიის სამსახურები, რომლებმაც 8 ჯიხური ადგილიდან გაიტანეს, სამუშაოები კი მას შემდეგ შეაჩერეს, რაც გარემოვაჭრეები ადგილზე მივიდნენ და სპეცტექნიკას ჯიხურების აღების საშუალება აღარ მისცეს.

როგორც გარემოვაჭრე სულიკო გოგრაჭაძე აცხადებს, ჯიხურებში არსებული სუვენირები და სამკაულები გადატანის დროს ზიანდება. მისივე თქმით, გარემოვაჭრეები მივიდნენ ჯიხურებთან, რათა დაზიანებისგან დაიცვან საქონელი და ზედამხედველობის სამსახურმა ვერ შეძლოს მათი გატანა.

„ჯიხურებში არის საქონელი. ერთი კვირის წინ „ჭაჭის თაუერთან“ გადმოტანის დროს, მოვიდნენ ღამე, წაიღეს ჯიხურები და დააზიანეს როგორც სუვენირები, ასევე ჯიხურები. ახლაც, გავიგეთ, რომ გაჰქონდათ ჯიხურები და მოვვარდით, რომ დავიცვათ ჩვენი საქონელი“, - აღნიშნა სულიკო გოგრაჭაძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ რკინის ჯიხურები გარემოვაჭრეებმა ბათუმის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე თვითნებურად განათავსეს. მისი მეშვეობით, ძირითადად, სამკაულებსა და სუვენირებს ყიდიან. მერიამ კი მას ახალი ფორმის ჯიხურები დაუპირისპირა. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფროსის, თენგიზ მესხიძის განცხადებით, ე.წ. „ერმაკოვის ბუტკებს“ წელს სტუდენტები მოხატავენ, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა საპირფარეშოები და დაყენდება გარე-განათება.

„არსებული უსახური ჯიხურები, რომლებითაც გარე მოვაჭრეები სარგებლობენ, მათი გაკეთებულია და თვითნებურად ჩადგმული. ამასთან, უკანონო ჯიხურების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა.

ჯიხურების ადრინდელი ადგილმდებარეობა ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში, განსაკუთრებით, ტურისტულ სეზონზე. აქედან გამომდინარე, გადაწყდა მათი გადატანა. მერიის შესაბამისმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯიხურები განეთავსებინა ერთად, მერიის მიერ გამოყოფილ ადგილზე გარე მოვაჭრეებთან შეთანხმებით, რისთვისაც შეირჩა გოგებაშვილის ქუჩა.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ჯიხურების მოხატვა და ქალაქის იერსახესთან შესაბამისობაში მოყვანა. მომავალი სეზონისთვის კი, მოხდება მათი ჩანაცვლება ახალი ჰოლანდიური ჯიხურებით, რაც შესაბამისობაში იქნება ქალაქის იერსახესთან.

ეს ამ წელიწადს არ მოესწრება, უკვე სეზონია მოსული და სანამ ახალ ჯიხურებს დავამზადებდით ხალხი ვერ ივაჭრებდა და მათი მხრიდან უფრო დიდი გულისწყრომა იქნებოდა. ამჟამად, სტუდენტებთან მოვილაპარაკეთ და ისინი ჯიხურებს მოხატავენ, დავაყენებთ გარე განათებას, მოეწყობა საპირფარეშოები და იქაურობა უფრო ლამაზი იქნება, ხოლო მომავალ წელს შევცლით ამ ჯიხურებს“, - აცხადებდა მესხიძე.

ახლა კი გაირკვა, რომ ოქტემბრამდე ყველაფერი ძველებურად რჩება. მას შემდეგ, რაც საზღვაო სეზონი დასრულდება, მერიის თანამშრომლები და მოვაჭრეები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.