სახელმწიფო ბიუჯეტის შესწორებულმა ვარიანტმა რიგი გაურკვევლობა გამოიწვია. გაუგებარია ბიუჯეტი მცირდება თუ არა. თავიდან თითქოს ყველანი აქცენტს სწორედ ამ მიმართულებით აკეთებდნენ, მაგრამ ციფრების ანალიზმა სხვა სურათი დახატა.
ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამ გამოიწვია ცვლილებები. „ჩვენ ჯერ კიდევ თებერვლის თვიდან ვსაუბრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სამწუხაროდ, ვერ იქნებოდა 5%-იანი რეგიონში და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით. ამიტომ მშპ-ს ზრდას დაახლოებით 2%-ის ფარგლებში უნდა ველოდოთ. შესაბამისად, ეს არის პირველი დიდი მიზეზი იმისა, რომ უნდა განგვეხორციელებინა ბიუჯეტის ცვლილებები და ამაზე უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. პრაქტიკულად უკვე მზად გვქონდა კიდეც ბიუჯეტის პროექტი, მაგრამ მოხდა სამწუხარო რამ - თბილისის სტიქიის შემდეგ ჩვენ დავდექით რეალობის წინაშე, რომ აუცილებელი იყო დამატებით თანხების მოძიება. ფინანსთა სამინისტრომ მართლაც 24 საათის რეჟიმში იმუშავა, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში და ჩემს კოლეგა მინისტრებთან შევჯერდით, რომ სამინისტროები და უწყებები შეიმცირებენ დაფინანსებას და ეს დაფინანსება ძირითადად მოხმარდება სწორედ ასეთი ტიპის სამუშაოებს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისი ინფორმაციით, კორექტირება შეეხება როგორც შემოსავლების მხარეს, ისე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. „სამწუხაროდ, საგადასახადო შემოსავლები ვერ შესრულდება, ამიტომ ჩვენ მათს გეგმას შევამცირებთ დაახლოებით 200 მილიონი ლარით. მაგრამ ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ პრივატიზაციაში გვაქვს საკმაოდ დიდი წარმატება. თქვენ იცით, რომ საქართველოში მიმდინარე წლიდან დაიწყო მუშაობა ე.წ. მეოთხე თაობის მობილურმა კავშირგაბმულობამ და მათი ლიცენზიებიდან ჩვენ დაახლოებით 150 მილიონ ლარს ველოდებით. ამის გარდა, გრანტების მოცულობა იზრდება, შესაბამისად, ეს ორი ფაქტორი უკვე აბალანსებს იმ დანაკარგს, რომელიც შეიძლება ვერ შემოვიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში. რეალურად, შემოსულობებში არ გვექნება პრობლემები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულებები, მათ შორის, ჩვენი შიდა კანონმდებლობით, არის ვალდებულება, რომ საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა იყოს 3%-ზე მაღალი, ამიტომ ჩვენ გვიწევს გარკვეული ტიპის ხარჯების შემცირება“, - განაცხადა ხადურმა.
ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მთავრობაც დაეთანხმა, რომ წელს ასაღები შიდა ვალის მოცულობა შემცირდეს 100 მილიონი ლარით. ნაცვლად დაგეგმილი 600 მილიონისა, ქვეყანა კომერციული ბანკებისგან 500 მილიონ ლარს ისესხებს.
საბოლოოდ საბიუჯეტო ცვლილებები კი ასე გამოიყურება:
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტით საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მლნ ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები, კერძოდ:
დონორებთან გაწეული მოლაპარაკებების შედეგად საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 184,0 მლნ ლარით, სულ დამატებით მივიღებთ 224,0 მლნ ლარს;
მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით დამატებით მობილიზებული იქნება 150,0 მლნ ლარი;
სხვა შემოსავლები იზრდება 20,0 მლნ ლარით;
სახაზინო ვალდებულებების (შიდა ვალი) აღება მცირდება 100,0 მლნ ლარით;
ასევე, საბიუჯეტო დეფიციტის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი მცირდება 67,0 მლნ ლარით; ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები, არსებულ გეგმასთან შედარებით გაიზრდება დაახლოებით 27,0 მლნ ლარით.
საბიუჯეტო სახსრების ნაწილში მცირდება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები - 10,0 მლნ ლარი; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - 5,0 მლნ ლარი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასიგნებები - 12,0 მლნ ლარით (ეს არის მათი ბიუჯეტის მხოლოდ 1.5%. განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი არც ერთი პროექტი არ შეჩერდება, შემცირება ხდება მხოლოდ მოსალოდნელი ეკონომიების ხარჯზე); საქართველოს პარლამენტი - 6,0 მლნ ლარით; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 7,0 მლნ ლარით; სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 8,0 მლნ ლარით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - 3.5 მლნ ლარით; გარემოს დაცვის სამინისტრო - 2,0 მლნ ლარით; სხვა დანარჩენი მხარჯავი დაწესებულებები ჯამში, დაახლოებით, 17,0 მლნ ლარით.
საინტერესო მომენტი სწორედ აქ არის. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შემოსულობები (ანუ მთლიანად ბიუჯეტის მოცულობა) იზრდება 27 მილიონით. გამოდის, რომ 9,875-მილიარდიანი ბიუჯეტის ნაცვლად, გვექნება 9,902 მლრდ ლარის მოცულობის ბიუჯეტი. ესე იგი, მთლიან ნაწილში იგი იზრდება. რაც შეეხება გადასახდელებს, აქ ცვლილება არ არის. წელს ბიუჯეტს 9,575 ლარი უნდა გაეცა და შესწორებული ვარიანტის მიხედვითაც ამდენს გასცემს.
გამოდის, რომ ცვლილება არის მხოლოდ შიდა ხარჯების გადათამაშებაში, რაც საქართველოს რეალობაში ხშირად ხდება. მაგალითად, ასე იყო 2013 წელს და თითქმის ყოველთვის ხდებოდა ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში. ეს კი ბიუჯეტის შეკვეცად ვერ ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა ბიუჯეტი მცირდება თუ იზრდება?
ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის კორექტირების მაჩვენებელი მეტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტრომ უბრალოდ, მეტი ვერ მოახერხა. მისი აზრით, ბიუჯეტის კორექტირების საკითხი გარდაუვალი რეალობითაა განპირობებული, ამ კონტექსტში ექსპერტმა რეგიონში განვითარებული მოვლენები და სავაჭრო პარტნიორებთან გაუარესებული მდგომარეობა დაასახელა.
„ხელისუფლებას ჰქონდა გაცხადებული, რომ ის მეორე კვარტლის შედეგებს ელოდა და ამ შედეგებიდან გამომდინარე მოხდებოდა ბიუჯეტის კორექტირება. კარგი იქნებოდა, რომ წლის დასაწყისშივე პროგნოზები უფრო რეალისტური ყოფილიყო და უფრო მეტნაკლებად ადეკვატური ზრდის პროგნოზი გვქონოდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის პროგნოზები საკმაოდ მაღალი იყო, ჩავთვალოთ, რომ ეს შეცდომა არ არის“, - განაცხადა კალანდაძემ.
უმჯობესი იყო, რომ ჩვენ უფრო მეტად შემოგვეჭირა ქამრები და დაახლოებით, 250 მილიონი ლარის ფარგლებში მოგვეხდინა კორექტირება, მაგრამ მე ამ ეკონომიურ კორექტირებას ძირითადად იმას მივაწერ, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ ზარალის ოდენობა დაახლოებით, 100 მილიონია და შესაბამისად, ამ ხარჯების სავალდებულო წესით გადახდა უწევს ხელისუფლებას“, - განაცხადა კალანდაძემ.
ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ მთავარი აქცენტი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით იყოს გადატანილი: თანმიმდევრული ხარჯვითი პოლიტიკის უზრუნველყოფა, საინვესტიციო აქტივობის გაძლიერება და მოზომილად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის განხორციელება.