გუშინ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის ინიციატივა განიხილებოდა, როგორც წესი, შეხლა-შემოხლის, ორომტრიალისა და ურთიერთბრალდებების ფონზე.
საკმაოდ საინტერესო ბრალდებები წამოაყენა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა. მაგალითად, მისი განცხადებით, „როცა ერთი და იგივე კაცი რამდენიმე ბანკის გაკოტრების წინა ხაზზე მოხვდება, არ შეიძლება ეჭვი არ შეგეპაროს, ან როცა ეროვნული ბანკის საბჭოში ერთდროულად სამი პროკურორი აღმოჩნდება, ეს არ იძლევა უნდობლობის საფუძველს? რაც არ უნდა სიგელი მოიტანო სხვადასხვა ორგანიზაციიდან“?
ამის გარდა, მეჭიაურმა ისაუბრა ეროვნული ბანკის პოლიტიზირებულობაზე და ა.შ. ეჭვქვეშ დააყენა მისი მონეტარული პოლიტიკა, მოკლედ თქვა ყველაფერი, რასაც ფიქრობდა და რაც ისედაც დიდი ხანია, ცნობილი იყო ეროვნული ბანკისა და მისი პოლიტიკის შესახებ. თუმცა, ლოგიკურად ჩნდება კითხვა - სად იყო პარლამენტი ამდენ ხანს, რატომ მივიდა საქმე აქამდე და არის თუ არა რეალური გამოსავალი ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევა ეროვნული ბანკისთვის? - შექმნილი სიტუაციის ანალიზი ექსპერტ, დემურ გიორხელიძეს ვთხოვეთ.
ბატონო დემურ, ის ეჭვები, რაც გამოითქვა ეროვნული ბანკის შესახებ, ახალი არ არის, როგორ ფიქრობთ, ამდენ ხანს ამაზე რატომ არ საუბრობდნენ საკანომდებლო ორგანოში? აუცილებელი იყო ასეთ კრიტიკულ ზღვრამდე მისულიყო ეროვნული ვალუტა?
- რაც მოხდა, სწორედ ხელისუფლების სისუსტეა. განსაკუთრებულად, ეს არის პარლამენტის მიერ საკუთარი ფუნქციების შუსრულებლობის შედეგი - ის არის ზედამხედველი და მაკონტროლებელია მთავრობისა, ეროვნული ბანკისა - ყველა ანგარიშვალდებულია მის წინაშე. სწორედ პარლამენტის უყურადღებობამ გამოიწვია მთელი ორი წლის განმავლობაში ის გაუმართლებელი პოლიტიკა, რასაც ეროვნული ბანკი ატარებდა - კომერციული ბანკების ზედამხედველობის ნაცვლად, მათი მომსახურება და ა.შ.
კითხვები გაჩნდა მაშინ, როდესაც ჩიხური სიტუაცია შეიქმნა და ლარის დევალვაცია იმდენად სწრაფად მოხდა, წინააამდეგობას რომ არ შეეჩერებინა ეს სპეკულაციური შეტევები, დღეს, ალბათ, კატასტროფული სიტუაცია იქნებოდა.
პარლამენტი ახლა აღიარებს თავის სისუსტეს, რომ მან ორწელიწადნახევრის განმავლობაში არ შეასრულა თავისი ფუნქცია და ახლა ყველაფერს ერთად ამბობს. ეს არ არის სერიოზული პოლიტიკა, ეს არის პარლამენტის უდიდესი უპასუხისმგებლობა.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცნობილი იყო ეროვნული ბანკის ქმედებები „ქართუ ბანკის“ მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის არჩევნების წინა პეროდში. ეს არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ იმპიჩმენტს თუ არ მოითხოვდნენ, მკაცრი კონტროლი მაინც დაეწესებინათ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიმართ?
- ცხადია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა იმ თანამდებობის პირზე, რომელიც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ზეწოლა, რადგან ხალხმა უარი განაცხადა იმ ხელისუფლებაზე, რომელიც მას აბუჩად იგდებდა.
სწორედ ახლადმოსული ხელისუფლების უდიდესმა პოლიტიკურმა შეცდომებმა, პოლიტიკური სიტუაციის გაუთვლელობამ, გაუთვალისწინებლობამ იმ შედეგებისა, რაც მოყვებოდა ამ პროვოკატორი ადამიანების დატოვებას ასეთ უმნიშველოვანეს პოსტებზე, მიგვიყვანა აქამდე - პოლიტიკური მიზნით პატრონების მიერ მათი გავლენების გამოყენება რომ მძიმე შედეგს მოიტნდა, ეს ხომ თავისთავად ცხადი იყო?!
ამიტომ, ეს არის პოლიტიკური სისუსტის ნიშანი ახალი ხელისუფლებისა და ვფიქრობ, რომ როდესაც დღეს საქმე უკვე ძალიან გაფუჭდა, დაგვიანებული რეაქციაა.
თუმცა, როდესაც დაგვიანებულ რეაქციაზე ვსაუბრობთ, ალბათ, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რა სიტუაციაში იყო ხელისუფლება, განსაკუთრებით პირველი ერთი წლის განმავლობაში, როდესაც მთელი საერთაშორისო სამყარო ძველ ხელისუფლებასთან კოაბიტაციის რეჟიმში მუშაობას ითხოვდა მისგან...
- ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ პოლიტიკური ზეწოლის მოხდენაში. ძალიან მარტივად შეიძლებოდა, ეს ადამიანები ნებაყოფილობით გაეთავისუფლებინათ თანამდებობებიდან. ასეთ შემთხვევაში ვერავითარი ჩარევა და თხოვნა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდისა, ვერ გაჭრიდა. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგი და ხალხმა საკუთარი ჯიბეებიდან გადაიხადა ხელისუფლების პოლიტიკური სისუსტის გამო.
რაც შეეხება კანონპროექტს, რომელმაც პარტლამენტში აურზაური გამოიწვია - ითქვა, რომ საზედამხედველო სამსახურის გამოყოფა კონსტიტუციასთან შეუსაბამობას გამოიწვევს, რადგან ეროვნული ბანკის ფუნქცია სწორედ ბანკების ზედამხედველობაა...
- ცხადია, ეს რომ არ იყოს პოლიტიკური სიტუაციის გამო შექმნილი კონიუქტურული პროექტი და ხელისუფლება ინსტიტუციონალური რეფორმების ფარგლებში აწესებდეს ამ ცვლილებებს, მაშინ, ერთი ვარიანტიც მისაღებია და მეორეც - ანუ არის ქვეყნები, სადაც ის სისტემაც კარგად მუშაობს, როდესაც ბანკების ზედამხედველობა არის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში და ასევე შესანიშნავად ფუნქციონირებს მისი ზედამხედველობის გარეშეც თუ არსებობს შესაბამისი პოლიტიკური ნება.
ანუ, ცუდი არ იქნებოდა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე შექმნილიყო ეს პროექტი. ახლა მხოლოდ იმის გამოა პარლამენტში შეტანილი, რომ მთავრობა ვერ ერევა ქადაგიძეს და ცდილობს, ამ გზით რაღაცნაირად შეასუსტოს ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკის მხარდამჭერები იცავენ მას, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუტებიც და გვაქვს საკმაოდ გაურკვეველი სიტუაცია.
საერთაშორისო ინსტიტუტებს რა ინტერესი აქვთ?
- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, რაკი ძალიან დაინტერესებულები არიან, მიზეზი შეიძლება იყოს პოლიტიკური სიმპათიები... და არსებობს კიდევ რაღაც, რომელიც სულ სხვა საუბრის თემაა.
ეს „სხვა რაღაც“ რა შეილება იყოს?- ეს აჩენს ეჭვებს. ნაკლებად სავარაუდოა, მხოლოდ პოლიტიკური სიმპათიები იყოს მაგალითად, სავალუტო ფონდის მყარი პოზიციის საფუძველი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიმართ...
- ეს შეიძლება იყოს უამრავი რამ - დაწვრილებით უნდა გავიაროთ ის ინტერესები და ურთიერთობები, რაც შეიძლება იყოს კონკრტეტულ პოლიტიკურ ძალასა და კონკრტულ ინსტიტუტებს შორის.
აღნიშნული ცვლილებები იძლეოდა გარანტიას, რომ სიტუაცია სტაბილური გახდებოდა, თუნდაც ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში? - ეს აწუხებს ყველაზე მეტად მოსახლეობას...
- არ არსებობდა გარანტია, რომ ახალი სისტემა, უკეთესად იმუშავებდა, თუმცა პრობლემა აშკარად წარმოქმნილია იმით, რომ ეროვნული ბანკი არ ახდენს კომერციული ბანკების ზედამხედველობას და მათ მსახურად არის გადაქცეული.
ეს შეიძლება იყოს ერთი კაცის პოლიტიკა? ანუ დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, როდესაც ეროვნულ ბანკს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, შესაძლებელია, რომ კომერციული ბანკების მიმართ დამოკიდებულება იქნება ეს თუ მონეტარული პოლიტიკა, საფუძვლიანად გადაიხედოს? თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ერთადერთი საბანკო სისტემა იყო საქართველოში, რაც სხვა სფეროებთან შედარებით გამართულად მუშაობდა...
- საბანკო სისტემა ეს არის ყველაზე მახინჯი რეალობა ქართულ სინამდვილეში, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ეს არის ოლიგოპოლიური ჯგუფები, რომელსაც მახინჯმა პოლიტიკურმა სისტემამ თავის დროზე ყველაფრის უფლება მისცა ქვეყანაში.
საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადა, რომ იწყებს კონსულტაციებს ეროვნული ბანკის მომავალი ხელმძღვანელის თაობაზე. 7 თვე არც ისე ბევრი დროა, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს, ვფიქრობ, ნორმალური კანდიდატი მოიძებნება.
მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება ნორმალური სისტემა, თუ პოლიტიკური ნება და პოლიტიკური პასუხისმგებლობა იარსებებს - ჯერჯერობით, ეს არ ჩანს.