ხელისუფლება ქადაგიძის შემცვლელს ეძებს

ხელისუფლება ქადაგიძის შემცვლელს ეძებს

გიორგი ქადაგიძეს სებ-ის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ 7 თვე დარჩა, მაგრამ მის შემცვლელს აქედანვე ეძებენ. საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს. ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, კონსულტაციებს, პრეზიდენტის დავალებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თავად გამართავს.

„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს, გიორგი ქადაგიძეს ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონმდებლობით კი, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ასევე ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის, საბანკო ზედამხედველობის სტაბილური ფუნქციობისა და მთლიანად პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით დღეიდან ვიწყებთ ბატონი გიორგი ქადაგიძის შემცვლელის შერჩევის პროცესს, რომელიც იქნება ძალიან ღია პროცესი.

კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან“, - განაცხადა აბაშიშვილმა. გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით კონსულტაციებმა, ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს. როგორც მან აღნიშნა, კონსულტაციებში საგანგაშო არაფერია.

„ჩვენ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელისგან ჯერ ანგარიშს ველოდებით. მოქმედი ხელმძღვანელისგან უნდა მოვისმინოთ ის პოზიციები, რაც არის დაკავშირებული ანგარიშთან. ამიტომ, თუ იქნება ეს კონსულტაციები, ალბათ, უნდა იყოს ყველა ეტაპზე. ამან ბანკის მუშაობას ხელი არ უნდა შეუშალოს. თავისთავად კონსულტაციებში ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ“, - განუცხადა გედევან ფოფხაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“.

რაც შეეხება პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენას, იგი ისევ გადაიდო. შესაბამისად, გიორგი ქადაგიძე ამ კვირაში საკნონმდებლო ორანოში არ გამოჩნდება. როგორც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკითხის გადადება თავად ქადაგიძემ ითხოვა.

„ბანკის პრეზიდენტის მოადგილეს ვესაუბრე და მოითხოვეს ანგარიშის გადადება. თვითონ ქადაგიძეს სურს საკითხის გამოტანა, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება. ჩვენ გაგვიჭიანურდა ეს საკითხი ჯერ კვორუმის გამო, როცა უმცირესობამ პროტესტის ნიშნად რეგისტრაცია არ გაიარა და შემდეგ ბანკის წარმომადგენელმა გვთხოვეს საკითხის გადადება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მის განცხადებას ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კვორუმის პრობლემა მხოლოდ უმცირესობის პროტესტით არ იყო გამოწვეული და სხდომას უმრავლესობაც არ ესწრებოდა. მაჭავარიანის ამ განცხადების შემდეგ უსუფაშვილსა და უმცირესობის წევრ მიხელ მაჭავარიანს შორის შეკამათება მოხდა. პარლამენტის თავმჯდომარემ მაჭავარიანისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა.

სანამ ქადაგიძე საქართველოში არ იმყოფება პარლამენტი დროს არ დაკარგავს და საბანკო ზედამხედველობის სებ-იდან გამოყოფის კანონპროექტის განხილვას შეუდგება. პირველი მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში 26 აპრილს გაიმართება.