რიკოთის მილიარდიანი გზის ბედს დონორები გადაწყვეტენ

რიკოთის მილიარდიანი გზის ბედს დონორები გადაწყვეტენ

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთის დაფინანსების საკითხზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დონორთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. უმთავრესად იხილებოდა რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალის დაფინანსების საკითხი, რომლის აშენებაც საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. მილიარდიანი პროექტი, რომელიც 2020 წლამდე უნდა დასრულდეს, ინვესტორებისთვის მაინცდამაინც საინტერესო არ არის. ამიტომ აქცენტი დონორებზე კეთდება.

როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ განაცხადა, ბანკის მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ განახორციელა აღნიშნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა და ღირებულების შესაბამისობის ანალიზი, რათა მოეხდინა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დერეფნის მოდერნიზაციისთვის საჭირო დაფინანსების სტრატეგიის შემუშავება.

„დონორების შეხვედრა იმას ითვალისწინებს, რომ მოვახერხოთ დაფინანსების მობილიზება, რადგან საქართველოს ბიუჯეტს ამ უზარზამარი პროექტის განხორციელების შესაძლებობა ნამდვილად არ ექნება უახლოესი წლების განმავლობაში. ბოლოს და ბოლოს, ერთ მშვენიერ დღეს, მაგისტრალი მთლიანად უნდა შეიკრას და დასავლეთის საზღვრიდან აღმოსავლეთის საზღვრამდე უნდა იყოს შესაძლებობა სწრაფ მაგისტრალზე იმოძრაონ ტვირთებმაც და ადამიანებმაც“, - განაცხადა რეგიონული ინფრასრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

შესაძლოა, ეს გზა ფასიანი იყოს, თუმცა ჯერ ეს არის მხოლოდ მოსაზრება. „არ გამოვრიცხავთ იგი „გაიყიდოს“ 30, 40, 50 წლით და დააფინანსოს ინვესტორმა. წინასწარი მონაცემებით, გზა პრინციპში, ამ ეტაპზე არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ინვესტორი მოვიზიდოთ. ვნახოთ, მსჯელობა რა შედეგს მოიტანს.

თუკი დაფინანსებას დონორებისგან მივიღებთ, სრულიად შესაძლებელია, დაახლოებით ერთ წელიწადში ეს სამუშაოები დაიწყოს და ეს იქნება დაახლოებით სამწლიანი პროგრამა. ჩვენს მთავრობას იდეაში აქვს 2020 წლისთვის მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს და ეს ავტომაგისტრალი მთლიანად დავასრულოთ“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მისივე თქმით, პროექტის ღირებულება 750-800 მილიონიდან შეიძლება 1,1 მლრდ გაიზარდოს და ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზა იქნება არჩეული.

„ჩვენ უნდა დავტოვოთ ალტერნატიული გზა ყველა შემთხვევაში. იმდენად რთული უბანია და მოგეხსენებათ ბოლო წლებში, მთელ მსოფლიოში და საქართველოში კატაკლიზმებმა ძალიან იმატა. ამიტომ, რომ არ მოხდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის მოწყვეტა რაღაც უბედური შემთხვევიდან გამომდინარე, მაინც უნდა წავიდეთ იმ გზით, რომ ალტერნატიული გზა დავტოვოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ აძვირებს პროექტს, დაახლოებით, 300 მილიონი დოლარია სხვაობა. ამიტომ მაინც საფიქრალია, მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელიც არის“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კი აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთი-არგვეთას მონაკვეთი შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქნება ალტერნატიული გზები

„თქვენ იცით, რომ როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობა და ამ ყველაზე რთულ მონაკვეთზე არის სერიოზული პრობლემები. ამიტომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გზა მნიშვნელოვნად შეამოკლებს როგორც მანძილს ხაშურსა და ზესტაფონს შორის, ასევე დროს. ამავე დროს, განიხილება სხვადასხვა ვარიანტიც. მათ შორის ისიც, რომ გზა შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები. სხვა შემთხვევაში, ეს ვარიანტი არ განიხილება. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ როგორც მიღებულია მსოფლიოში, ფასიანი შეიძლება იყოს გზის მონაკვეთი თუ მას გააჩნია შესაბამისი ალტერნატივა“, - აღნიშნა „ბიპიენთან“ საუბრისას ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდეს და ამავე დროს დარჩეს ძველი გზა, რომელიც ასევე იქნება სათანადო დონეზე აღჭურვილი.

„დაახლოებით მილიარდი-მილიარდ ასი მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისთვის, რომ უახლოეს ხანში საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი ერთმანეთს ჩქაროსნული ავტომაგისტრალით შეუერთდეს“, - განაცხადა ხადურმა.

გზები და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ხელისუფლებისთვის ყოველთვის პრიორიტეტული საკითხებია, თუმცა იმ დროს, როდესაც ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების მშენებლობა ნელი ტემპით მიიწევს წინ, ახალი და ურთულესი მონაკვეთის წამოწყება, რეალობას ძალიან მოკლებულია. უკვე მერამდენე წელია ქვეყნის ორი მთავარი მაგისტრალის მშენებლობის დასრულებას პირი ჯერ არ უჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების ვინაობა და სამუშაოს დასრულების ვადებიც განსაზღვრულია, ფაქტი სახეზეა - არც აღმოსავლეთ და არც დასავლეთ საქართველოში მშენებლობა ფინიშის სწორზე არ არის.

მართალია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მშენებლობის დასრულებას დაგეგმილ დროში იმედოვნებს, მაგრამ საპირისპიროზე საუბრობენ მშენებლები. მათი თქმით, სამუშაოები ნელი ტემპით მიმდინარეობს და ვადებში ვერ ჩაჯდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ჯამბულ ბაკურაძის თქმით, ამ პროექტების ძირითადი დამფინანსებლები საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა კი ქვეყნის ავტორიტეტზე უარყოფითად აისახება და მომავალში შესაძლოა, მათ ჩვენთან თანამშრომლობისგან თავი შეიკავონ. თანაც, მშენებლობის გაჭიანურებით ქვეყანა ეკონომიკურად იზარალებს.

„გულწრფელად გეუბნებით, ეს სამუშაოები დროულად რომ არ სრულდება, არ მიხარია. გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა. თუ კომპანია მშენებლობას თავის დროზე არ დაამთავრებს, მაშინ კონტრაქტი მის დაჯარიმებას ითვალისწინებს. წესით, ეს კომპანიის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. ვფიქრობ, მიზეზი უთავბოლობაა. გამორიცხული არ არის, რომ ვადა გახანგრძლივდეს, ან რაღაც გარიგებაში შევიდნენ. ამ პროექტის ძირითადი დაფინანსება დონორი ორგანიზაციებიდან მოდის. როცა პირობას არ ასრულებენ, აქ ნდობის ამბავია“, - აღნიშნა ბაკურაძემ.