მსოფლიო ბანკმა და სსფ-მ პარლამენტს კბილი მოუსინჯა

მსოფლიო ბანკმა და სსფ-მ პარლამენტს კბილი მოუსინჯა

პარასკევს პარლამენტში საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამოყოფის საკითხის განხილვა იწყება. თბილისის სტიქიამ ამ საკითხზე მსჯელობა შეაყოვნა, მაგრამ უმრავლესობას აზრი არ შეუცვლია. სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციის შესარბილებლად იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელებთან მათი საიდუმლო საუბრის დეტალები არ გახმაურებულა.

კანონპროექტის ავტორებს თამაზ მეჭიაურს და ნოდარ ებანოიძეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი აზიმ სადიკოვი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ჰენრი კერალი შეხვდნენ. პარლამენტი სადიკოვმაც და კერალმაც უკომენტაროდ დატოვეს.

შეხვედრის დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურიც:

„ჩვენი საუბარი გაცნობითი ხასიათის იყო. რაც კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, მათ არ შევხვედრივარ, მანამდე კი არ ვიცნობდი. ელემენტარულად მოხდა გაცნობა“, - განაცხადა მეჭიაურმა.

კითხვაზე, იყო თუ არა მსჯელობის საგანი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის საკანონმდებლო პროექტი, პარლამენტარმა განაცხადა, რომ ესეც ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელზეც იმსჯელეს.

„მოდი, დეტალებისგან თავი შევიკავოთ. შეხვედრა კონფიდენციალური გახლდათ. შემიძლია ვთქვა, რომ უფრო პოზიტიურია ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება იმასთან შედარებით, ვიდრე დაიწყო“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მოგვიანებით, აზიმ სადოკოვი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, დეპუტატ დავით ონოფრიშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ონოფრიშვილმა განაცხადა, ძირითადად, არც სავალუტო ფონდი, არც ევრობანკი და არც მსოფლიო ბანკი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილელებს მხარს არ უჭერს.

„ვერც ერთ მთავრობას ვერ დააძალებენ. თუ უნდათ რომ შეცდომა დაუშვან, ეს უკვე ხელისუფლების არასწორი ნაბიჯი იქნება. გვახსოვს წინა ხელისუფლებამ იგივე გააკეთა და შემდგომ ორი წლის შემდეგ პოზიცია შეცვალეს, რადგან არასწორი იყო ის რაც განახორციელეს. ახლაც იგივე ხდება.

ძნელად აღსაქმელია, რომ წარმოდგენილმა საკანონმდებლო ცვლილებამ რაღაც რადიკალურად შეცვალოს და ბანკებზე მონიტორინგი გააუმჯობესოს. პირიქით, პირველი რა პრობლემაც შეიქმნება, იქნება ის, რომ ეროვნული ბანკი დასუსტდება. ნებისმიერ ცვლილებას - ეხება ეს გაყოფას თუ შეერთებას - სჭირდება დრო, რომ ახალ გარემოს მიესადაგოს. მეორე საკითხია ეს იმუშავებს კარგად თუ ცუდად“, - აღნიშნა ონოფრიშვილმა.

დღის ბოლოს კი შეხვედრების ადგილმა საქართველოს პრეზიდენის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა და სავალუტო ფონდის წარმომადგენელს გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, სადიკოვთან შეხვედრის ძირითადი თემა იყო ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხი.

„ჩვენ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე და ორივე ვთანხმდებით, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის უმნიშვნელოვანესი და მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ასევე, გავეცანით და განვიხილეთ მიმდინარე ცვლილებების შესაძლო გავლენა ეროვნულ ბანკზე. სადიკოვს გავაცანი ჩვენი ხედვა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. ჩვენ ამ კანონს მკვეთრად ნეგატიურად ვაფასებთ.

გარდა ამ კანონისა, შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც მომავალში, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს ეროვნულ ბანკთან, იქნება ეს ბანკის საბჭოს დაკომპლექტება თუ სხვა საკითხები“, - განაცხადა აბაშიშვილმა.

ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის დამოუკიდებელ სტუქტურად გამოყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ახალი სააგენტო დამოუკიდებელი ორგანო იქნება და მისი 7-წევრიანი საბჭოს დაკომპლექტებაში პრეზიდენტი აღარ იქნება ჩართული.