რა გავლენას მოახდენს თბილისის დამანგრეველი სტიქია ქვეყნის ეკონომიკაზე და მის განვითარებაზე? წელს საქართველოს მთავრობა არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. ჯერ იყო რეგიონალური შოკი და ლარის გაუფასურება, შემდეგ ეკონომიკური ზრდის შენელება და ბიუჯეტის კორექტირება, ახლა კი უზარმაზარი სტიქია და უკვე 100 მილიონს გადაცილებული ზარალი.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თბილისში მომხდარი სტიქიის მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობის ზრდას მაინც ელოდება.
„თავისთავად ცხადია, რომ სტიქიური მოვლენები ბიზნესებს პრობლემებს უქმნის. იცით, რომ რამდენიმე ბიზნესი სერიოზულად დაზარალდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ეკონომიკური აქტივობის ზრდას მაინც ველოდები, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ისეთი ღონისძიებები, როგორიც იყო ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრა, როგორიც რუსთავის თეატრში გაიმართა, ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობისა და ინვესტიციების შემოდინების გაზრდას. ჩვენ კიდევ რამდენიმე საინტერესო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ხადურის ინფორმაციით, მომხდარის გამო მთავრობამ შეაჩერა პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა, რათა მისი რეალობასთან მორგება მოხდეს. „ჩვენ შევეცდებით შექმნილი ვითარება გავითვალისწინოთ, ამიტომ შევაჩერეთ პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენა“, - აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ადასტურებს, რომ დღესდღეობით საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო.
„მიუხედავად მნიშვნელოვანი საგარეო შოკებისა, დღეის მდგომარეობით საქართველოში შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე საგადასახადო ტვირთის კიდევ უფრო შემსუბუქებისა და საგადასახადო კანონმდებლობის ოპტიმიზაციის მიმართულებით. საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საგადასახადო სისტემის და დაბალი გადასახადების საოცრად ღია ქვეყანა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს სულ ექვსი ტიპის გადასახადი; საერთოდ არა გვაქვს სოციალური გადასახადი; ჩვენ გავაუქმეთ იმპორტის გადასახადი საქონლის თითქმის 80 პროცენტზე, დანარჩენზე კი გვაქვს 5 ან 12-პროცენტიანი განაკვეთი; გვაქვს ძალიან მარტივი საგადასახადო და საბაჟო პროცედურები და სხვა. ყოველივე ამის დასტურია ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც საქართველოს წამყვანი პოზიციები უკავია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებით ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-15 ადგილი, ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში - მე-8 ადგილი. “TRACE Matrix-ის ინდექსის მიხედვით, კორუფციის სიმცირის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილზეა 197 ქვეყანას შორის. ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ნორვეგია, ჰოლანდია, საფრანგეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის Heritage Foundation-ის რეიტინგის მიხედვით - მსოფლიოში 22-ე ადგილი. გონივრული, მინიმალური და მიზანდასახული რეგულაციების დაწესებით ქვეყანა ყალიბდება ჯანსაღი ბიზნესის კეთებისა და წარმოების ცენტრად, რაც სწორედ ხელისუფლების მიზანმიმართული და თავდაჯერებული პოლიტიკის შედეგია, და ვფიქრობთ, ქმნის პოზიტიურ საინვესტიციო მოლოდინს.
2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა ნომინალური შიდა პროდუქტის 4.4 პროცენტი. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ენერგეტიკული და სატრანზიტო ჰაბი ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მხოლოდ ტრანზიტისთვის არ უნდა იქნეს გამოყენებული. აქ შექმნილია სათანადო გარემო საერთაშორისო კომპანიების განთავსებისა და რეგიონალური საფინანსო ცენტრის ჩამოყალიბებისათვის“, - აცხადებს მთავრობის მეთაური.
მისი თქმით, საქართველო ელექტროენერგიის ექსპორტიორია და ამ სფეროში ინვესტიციების განსახორციელებლად მიმზიდველი ქვეყანაა. „ჩვენ მაღალი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი გვაქვს, რომელიც განპირობებულია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი პირობებით. ამ სფეროში ჩვენ პრიორიტეტს ვანიჭებთ პარტნიორობას ფართო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა საწარმოო სექტორში - 2014 წელს ინდუსტრიული წარმოების წილი მთლიან შიდა პროდუქტში იყო 17.1 პროცენტი. ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესისთვის ქვეყანაში შექმნილია კარგი შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტირებისათვის. ამას ემატება ისიც, რომ ევროპის ბაზარი ღიაა ქართული წარმოების პროდუქციისათვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძე კი მიიჩნევს, რომ უცხოური ინვესტიციები სწორედ ახლა აუცილებელი, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. გარდა ამისა, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენი მთავარი გამოწვევა, დღეს, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობის დაძლევა და ლარის კურსთან დაკავშირებული ვითარება, რომელიც მძიმედ დააწვა მოსახლეობას. ამ მდგომარეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და გაუმჯობესებული ბიზნესკლიმატი. რეგიონალური ეკონომიკური ტიპის კონფერენციები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება ვისაუბროთ ჩვენს პოტენციალზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით აქვს“, - აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.