თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სამომხმარებლო სესხები, სავარაუდოდ, ჩამოეწერება. ბანკებმა მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება უკვე გამართეს, ახლა მექანიზმზე მუშაობენ. დაახლოებით 2-3 დღეში თავად წარმოადგენენ გეგმას და შეღავათების სხვადასხვა ფორმას. გარდა ამისა, ბანკირები დედაქალაქის მერიისთვის სერიოზული დახმარების აღმოჩენაზე მსჯელობენ.
7 კომერციული ბანკის წარმომადგენელმა ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასა და თბილისის ვიცე-მერ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრა გამართეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა სტიქიით დაზარალებული ადამიანების კრედიტები გახლდათ.
„კომერციულ ბანკებთან შეხვედრისას რამდენიმე პრინციპული საკითხი განვიხილეთ. ბანკებს აქვთ სურვილი, დააწესონ გარკვეული შეღავათები, მათ შორის, დაზარალებულ პირთათვის სესხების პატიება სამომხმარებლო ნაწილში, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და ამ შესახებ უახლოეს მომავალში თავად იტყვიან“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქუმსიშვილმა.
„საბანკო სექტორი დაზარალებული მოსახლეობის სოლიდარობის მხრივ ერთიანია. დაზარალებული მსესხებლების 80-85 პროცენტი დადგენილია და ყველა ის შეღავათი, რომელიც შეიძლება იყოს ჩამოწერით დაწყებული რესტრუქტურიზაციით დამთავრებული, საბანკო სექტორის მიერ გამოყენებული იქნება“, - განაცხადა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ.
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო შესაბამისი მონაცემების აღწერა. ბანკების ასოციაცია კი ამ პროცესის სისტემატიზაციას მოახდენს და მოსახლეობას ბანკებთან შუამდგომლობას გაუწევს.
„გვაქვს მერიის მიერ გადმოცემული სია. ადამიანი თუ ამ სიაშია, მასზე ბანკების მხრიდან ინდივიდუალური მიდგომა იქნება. გააჩნია მიყენებულ ზარალს და სესხის ოდენობას. შესაძლოა იპოთეკური სესხი იყოს დაზღვეული, მაშინ სადაზღვევო კომპანიამ უნდა აუნაზღაუროს“, - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.
მისი ინფორმაციით, მარტო სვანიძის ქუჩაზე 31 ადამიანია, ვისაც სესხი აქვს აღებული და მათი ჯამური ოდენობა 70 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა გადანაწილდება რამდენიმე ბანკზე, შესაბამისად, საბანკო სექტორს პრობლემას არ შეუქნის.
განიხილება სესხის რესტრუქტურიზებაც ან ჯარიმების ჩამოწერა, თუმცა ყველა შემთხვევისადმი მიდგომა ინდივიდუალური იქნება. მსესხებლები ბანკებს, სავარაუდოდ, 2-3 დღეში მიაკითხავენ და სწორედ ამ პერიოდში მოხდება მათთვის დახმარების გაწევა.
შეხვედრაზე განხილვის საკითხი იყო იმ ფონდების განკარგვის საკითხი, რომელიც ბანკებში აკუმულირდება. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემუშავდეს გამჭვირვალე წესი, როდესაც ყველა შემომწირველს ეცოდინება, რომ თითოეული თეთრი მიზნობრივად დაიხარჯა დაზარალებული პირების საჭიროებებზე ან ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ბანკების ასოციაციაში ამბობენ, საბანკო სექტორი სერიოზულ დახმარებას გეგმავს არა მხოლოდ სესხების, არამედ დედაქალაქის მერიისა და დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნითაც.