სტიქიისგან შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად, 1-ლი ივლისი დადგინდა. ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალ სისტემაზე გადასვლის 2 კვირით გადავადება დაადასტურა.
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული აქვს ვალდებულება, რომ 2015 წლის 17 ივნისს ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. ამისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ და ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად, ძალიან დიდი სამუშაო გასწია. მთელი ინფრასტრუქტურა შექმნილია და ქვეყანა მზადაა ციფრულ მაუწყებლობაზე გადავიდეს. თუმცა, სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, არ შეგვექმნა დამატებითი დისკომფორტი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელმაც ისედაც უდიდესი სტრესი მიიღო.
ვფიქრობთ, ამ ეტაპზე, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის თარიღად 17 ივნისის ნაცვლად ავიღოთ 1-ლი ივლისი, რათა ორი კვირა გავიდეს საიმისოდ, რომ ქვეყანა გამოვიდეს მდგომარეობიდან, საგანგებო რეჟიმიდან და უფრო დამშვიდებულად მოხდეს აღნიშნული პროცესის განხორციელება.
ჩვენ ანალოგური მაუწყებლობის გამორთვას ვიწყებთ თბილისიდან, თუმცა ეს იქნება, სავარაუდოდ, 1-ელ ივლისს. მანამდე გაკეთდება კიდევ რამდენიმე განცხადება იმისათვის, რათა მოსახლეობამ შეძლოს უკეთ მომზადება და „სეთ თოფ ბოქსის“ შეძენა, რაც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველო ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულზე გადასასვლელად მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც, 17 ივნისს ანალოგური მაუწყებლობა თბილისსა და მის შემოგარენში უნდა გამორთულიყო, რეგიონები კი ციფრულ მაუწყებლობაზე ეტაპობრივად, 8-9 კვირის განმავლობაში გადასულიყვნენ.
ჟენევის 2006 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს.
ანალოგური და ციფრული სატელევიზიო მომსახურება მომხმარებელს გამოსახულებასა და ხმას სხვადასხვა გზით აწვდის, კერძოდ, ანალოგური მაუწყებლობა გადაიცემა როგორც უწყვეტი სიგნალი და თითოეული არხი სამაუწყებლო სპექტრში გარკვეულ სიხშირეს იკავებს. ციფრული ტელევიზია კი გადაიცემა, როგორც ციფრული მონაცემი და გარკვეული სიხშირით გადაცემული მონაცემების ნაკადი რამდენიმე სატელევიზო არხის ჩვენებასა და დამატებით სერვისებს უზრუნველყოფს.
უფრო კონკრეტულად კი ციფრული ტელევიზია ბევრ შესაძლებლობას იძლევა. მაგალითად, როგორიცაა, მკვეთრი გამოსახულება, ნათელი ფერები, დახვეწილი ხმა და ა.შ. ამასთან, ციფრული ტელევიზია ანალოგურზე მეტად დაცულია გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან. მას არ ახასიათებს გამოსახულების ისეთი კარგად ნაცნობი პრობლემები, როგორიცაა, ორმაგი გამოსახულება (წინა გამოსახულების ანარეკლი) ან ხმის ხარვეზები, ისევე როგორც კადრის ჩაბნელება ან შიშინი. ამასთან, ციფრული ტელევიზიის სიგნალის გადაცემას სჭირდება არსებული სიხშირის გაცილებით ნაკლები სპექტრი, რაც ძალიან შეზღუდულია მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის შემთხვევაში. ციფრული მაუწყებლობის სიგნალის გადაცემა საშუალებას აძლევს მაუწყებლებს, გადასცენ ათი ან ათზე მეტი არხი იმავე სიხშირის ზოლში, რომელშიც ერთი ანალოგური ტელეარხი გადაიცემოდა.
ციფრული მაუწყებლობის საყურებლად ახალი ტელევიზორის ყიდვა საჭირო არ არის. თუ ადამიანი უკვე სარგებლობს თანამგზავრის, საკაბელო ან IPTV-ს (ინტერნეტ ტელევიზია) მომსახურებით, მათ ტელევიზორზე ანალოგური მიწისზედა სიგნალის გათიშვა არ აისახება. მოქალაქეს, რომელიც მაუწყებლობას სახლის ან სახურავის ანტენით იღებს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ დამატებითი მოწყობილობა „სეთ თოფ ბოქსი“ დასჭირდება, თუ მისი ტელევიზორი არ არის ადაპტირებული DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მისაღებად.
„სეთ თოფ ბოქსები“ სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში უკვე იყიდება და მათი ფასი 55 ლარიდან იწყება. სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და ნაკლებია, სპეციალური დახმარების ფარგლებში „სეთ თოფ ბოქსებს“ უფასოდ მიიღებენ.