მოგების გადასახადის გაუქმება მოკლე დროში ვერ მოხდება, თუმცა მთავრობას უკვე აქვს წარმოდგენა თუ როგორ უნდა ჩაანაცვლოს იგი ახალი ტიპის გადასახადით. მიუხედავად იმისა, რომ ჩქარობენ, საბოლოოდ ყველაფერი შემოდგომისთვის იქნება მზად.
ეკონომიკისა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მოგების გადასახადთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. „მოგების გადასახადზე ვმუშაობთ. ჯერ მზად არ ვართ, რომ წარვადგინოთ კანონპროექტი, თუმცა ჩვენი დიდი სურვილია, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია მოვახდინოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ბიზნესმენები ხელისუფლებისგან მოგების გადასახადის გაუქმებას კარგა ხანია ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნულთან დაკავშირებით ე.წ. ესტონურ მოდელს განიხილავს და ზუსტი მონახაზი სექტემბრისთვის იქნება წარმოდგენილი.
თუმცა, მანამდე უკვე გაირკვა ის პრინციპი, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება. მოგებისა და დივიდენდის გადასახადს განაწილებული მოგების გადასახადი შეცვლის. გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა „დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც მეწარმეებიც ესწრებოდნენ.
ხუციშვილის თქმით, დღეს ბევრი საუბრობს, რომ მოგების გადასახადის გაუქმების პარალელურად დივიდენდის გადასახადის გაზრდა უნდა მოხდეს, თუმცა, ამის გაკეთებას მთავრობა არ აპირებს.
„ესტონური მოდელი გულისხმობს არა დივიდენდის გაზრდას, არამედ მოგების გადასახადის და დივიდენდის გადასახადის ნაცვლად, ახალი დაბეგვრის სისტემის შემოღებას, ეს არის განაწილებული მოგების გადასახადი და მნიშვნელოვანი და პრინციპულია ის, რომ ამის ასოცირება არ მოხდეს დივიდენდის გადასახადთან“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, ე.წ. ესტონური მოდელი თავად მოგების გადასახადის გაუქმებას, მაგრამ მეპაიეების, აქციონერების, დამფუძნებლების მიერ კომპანიების საქმიანობიდან მიღებული დივიდენდის დაბეგვრის პრაქტიკის შემოღებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში მიდგომა კონცეპტუალურად იცვლება. კომპანია, როგორც მოგების გენერატორი, ანუ მიმღები, მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრება, მაგრამ დაიბეგრება იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების შემოსავალი, რომელიც ამ კომპანიების საქმიანობისგან მიღებული მოგებიდან დივიდენდებს მიიღებენ.
„კონცეპტუალურად ეს არის საკმაოდ კარგი და სწორი მიდგომა, რადგან იგი, პრაქტიკულად, უბიძგებს კომპანიებს და ახალისებს, რომ რაც შეიძლება დიდი მოგება დააფიქსირონ, რომ განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობა აწარმოონ იმ დათქმით, რომ მათ ეს მოგება არ დაებეგრებათ. შესაბამისად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ხდება მოგების დაფიქსირება და კომპანიამ წინასწარ იცის, რომ აპრიორი მისი მოგება არ დაიბეგრება. რაც შეეხება აქციონერების, დამფუძნებლების მიერ დივიდენდის მიღებას, ეს უკვე დაბეგვრის რეჟიმში გადადის და უფრო საშემოსავლო ტიპის გადასახადია, ვიდრე მოგების გადასახადი“, - განაცხადა კალანდაძემ.
მინისტრის მოადგილემ კი იმ საფრთხეების შესახებაც ისაუბრა, რაც, შესაძლოა, დივიდენდის გადასახადის გაზრდას მოჰყვეს.
„ამ შემთხვევაში ყურადღებას არავინ აქცევს იმას, რომ საქართველოს აქვს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება 50 ქვეყანასთან, საიდანაც 10 ქვეყანაზე მეტთან გვაქვს დივიდენდი ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმში. თუ ასე მარტივად ავიღებთ, მოგების გადასახადს გავანულებთ და დივიდენდის გადასახადს დავადგენთ 20%-ს, მივიღებთ იმას, რომ ყველანაირი მოგება, რომელიც საქართველოში იქნება გამომუშავებული, თუ გავა საქართველოდან, ის არ დაიბეგრება არც განაწილებული მოგებით და არც დივიდენდით. ასეთ შემთხვევაში მოგების გადასახადი სრულად დაიკარგება.
შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ კომპანიები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებულნი არიან, გადარეგისტრირდებიან იმ ქვეყნებში, სადაც ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი გვაქვს და ეს ნაწილიც გავა ქვეყნიდან. მესამე ეტაპი კი, იქნება ის, რომ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება მოგების გადასახადს, მასაც პრობლემა შეექმნება“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, ამ კანონის ერთ და ორ დღეში მიღება შეუძლებელია, რადგან მას საკმაოდ ბევრი ცვლილება სჭირდება თავად საკანონმდებლო დონეზე. ლაშა ხუციშვილის თქმით, იმის გამო, რომ ცვლილებას ექნება როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შედეგი, ამ ყველაფრის კარგად გაანალიზება და დათვლა უნდა მოხდეს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსთა სამინისტრო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მოამზადებინებს რეგულაციის გავლენის შეფასების დოკუმენტს, რომლის მიზანი სწორედ რეგულაციის გავლენის დადგენა იქნება.