ვინ რამდენს შეელევა ბიუჯეტის სასარგებლოდ

ვინ რამდენს შეელევა ბიუჯეტის სასარგებლოდ

ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება და მომდევნო კვირაში ცნობილი გახდება თუ რომელ სამინისტროს რა მიმართულებით ექნება თანხების ეკონომია ან პირიქით, ზრდა. უკვე ცნობილია, რომ მთავრობა სახაზინო ვალდებულებებიდან მისაღებ 100 მილიონს შეელევა და დანარჩენსაც სამინისტროებს მეტ-ნაკლები დოზით ჩამოაჭრის.

უკვე დადგენილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები შემცირდება. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, დაგეგმილი არ არის არც ერთი სოციალური პროექტის შემცირება.

„შემცირდება მხოლოდ ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები და არ მოხდება სოციალური პროექტების დაფინანსების შემცირება, მათ შორის, არ შემცირდება ჯანდაცვის სამინისტროს, პრაქტიკულად, არც ერთი მიმდინარე პროექტი“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება ზოგადად ეკონომიკაში შექმნილ ვითარებას, ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შექმნილი ვითარება გარე ფაქტორებით არის გამოწვეული. ამიტომაც განხილული იყო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ეკონომიკის არა 5%-იან, არამედ 2%-იან ზრდას, ხოლო ინფლაციას 3%-ის დონეზე.

„ერთი, რაც ნამდვილად გადაწყვეტილია, არის ის, რომ სახაზინო ვალდებულებების ემისია შემცირდება 100 მილიონი ლარით. მივიღეთ დავალება, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები მინისტრებთან და მომავალ კვირაში დაზუსტებული მონაცემები წარმოვადგინოთ. ამ დღეებში გვექნება აქტიური კონსულტაციები ადგილობრივ თვითმმართველობებთან, მათაც ვთხოვთ, რომ გადახედონ ბიუჯეტს, რათა მიღწეული იქნას მთავარი პირობა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ აღემატებოდეს მშპ-ს 3%-ს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, სავალუტო ფონდს ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით არ ჰქონია კონკრეტული წინადადებები. იყო საუბარი იმაზე, რომ ბიუჯეტის დეფიციტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

ამასობაში ცნობილი ხდება რომელი უწყება რამდენ თანხას შეელევა ბიუჯეტის სასარგებლოდ. პარლამენტმა ორიოდე დღის წინ განაცხადა, რომ 6 მლნ ლარით შემოიჭერს ქამარს და ასე შეეხიდება ფინანსთა სამინისტროს.

ენერგეტიკის სამინისტრო კი ბიუჯეტს 5 მილიონი ლარით შეიმცირებს. მინისტრის კახა კალაძის თქმით, ამ საკითხზე მუშაობდა ფინანსთა სამინისტრო და პროცესში ჩართულნი იყვნენ ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომლები. თანხა დაიზოგება თანადაფინანსებებიდან, რომელიც სახელმწიფოს ამა თუ იმ პროექტის მიმართულებით უნდა გაეღო, თუმცა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ პროექტების განხორციელება არ შეფერხდება.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. გვაქვს ათწლიანი გეგმა წარმოდგენილი და ეს თანხა იქნება დაზოგილი თანადაფინანსებებიდან, რომელიც სახელმწიფოს უნდა გაეღო. ეს არ ნიშნავს, რომ ის პროექტები, რომელიც წარმოდგენილი აქვს ჩვენ დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებს, შეფერხდება ან არ განხორციელდება. ყველა პროექტი დასრულდება, უბრალოდ, ამ თანხის ჩანაცვლება მოხდება დღგ-ს ზედმეტობიდან მიღებული თანხებით“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ.

გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კი, დაახლოებით, 2 მილიონით მცირდება. გიგლა აგულაშვილმა განმარტებით, შემცირების ნაწილი ადმინისტრაციულ ხარჯებს, ნაწილი კი კაპიტალურ დანახარჯებს შეეხო.

„ეს არ არის სასიამოვნო შემცირება. ვეცდები, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგინო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რა შესაძლებლობები და რეზერვები არსებობს, რომ დასახული ამოცანები შესრულდეს“, - განაცხადა აგულაშვილმა.

სამაგიეროდ, დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტის შემცირება არ ემუქრება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მისი სამინისტროს ხარჯების შეკვეცა არ იგეგმება და შესაბამისად, „არც ერთი თეთრი არ აკლდება“.

„ვაპირებდით, ორი ახალი რეგიონული ოფისი გვქონოდა - რუსთავსა და ზუგდიდში, სადაც უმძიმესი პირობებია, თუმცა უარი ვთქვით ამ ოფისების შეძენაზე, გარემონტებაზე და ეს თანხა მიმართული იქნება დევნილების სახლებისთვის. ჩვენ შიგნით მოვახდინეთ გარკვეული გადაჯგუფება, მაგრამ უშუალოდ სამინისტროს არ აკლდება არც ერთი თეთრი, რადგან დევნილთა შემწეობები მთავრობისთვის არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.