დასაქმების სტატისტიკის ახალი რებუსი

დასაქმების სტატისტიკის ახალი რებუსი

საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ არა ბიზნესის ხარჯზე. მთავარი როლი ამ მიმართულებით ისევ სოფლის მეურნეობას და თვითდასაქმებას უკავია.

შარშან საქართველოში უმუშევრობის დონე, 2013 წელთან შედარებით, 2,2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12,4% შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2014 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 66,5% შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 0,3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 1.7 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, 2014 წელს დასაქმების დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 11 წლის მანძილზე, ხოლო აქტიურობის დონე 2014 წელს მხოლოდ 2012 წლის მაჩვენებელს ჩამოუვარდება. დასაქმების დონე გაზრდილია 1,6 პროცენტული პუნქტით როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში.

ტრადიციულად დასაქმებულებში სჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 5,2%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ - 0,2%-ით, რის შედეგადაც აღნიშნული თანაფარდობა მცირედით შეიცვალა, დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 1,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მაშინ, როდესაც მთლიანობაში უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა, „საქსტატის“ მონაცემებით, შარშან ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 2,8%-ით დაიკლო. თუ 2013 წელს ბიზნესში სულ დასაქმებული იყო 550 885 ადამიანი, გასულ წელს ამ სექტორში მომუშავეთა რიცხოვნობა თითქმის 16 ათასით, ანუ დაახლოებით 2,8%-ით შემცირდა და 534 952 ადამიანი შეადგინა.

ასეთი ურთიერთგამომრიცხავი სტატისტიკის ფონზე საინტერესოა რის ხარჯზე იზრდება საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა და რატომ მცირდება უმუშევრობის მაჩვენებლი? „ეიჩარ პარტნერსის“ დირექტორი ნინო ჯინჯოლავა ამბობს, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ ხედავს და მის კომპანიაში ვაკანსიების მხრივ იგივე მდგომარეობაა, რაც 2-3 წლის წინათ იყო:

„ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი იმის სათქმელად, რომ დასაქმების ბაზარზე რაღაც შეიცვალა დადებითი, ან უარყოფითი მიმართულებით. ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა და ხდება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს იმდენად არ იგრძნობა, რადგან 2-3%-იანი ზრდა ბევრს ვერაფერს ცვლის. ფაქტია, რომ ვაკანსიების რაოდენობა ამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზრდილი არ არის. სამუშაო ადგილების შექმნა ერთია, მაგრამ მეორეა რამდენად სტაბილურია ეს ადგილები. ძალიან ხშირია 1-თვიანი, 2-თვიანი ან თუნდაც 1-წლიანი სამუშაო ადგილებიც. ამიტომ, ეს საკითხი სერიოზული დაკვირვება და კვლევა სჭირდება. მთავარი სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა და არა მათი რაოდენობა“, - ამბობს ჯინჯოლავა.

ექსპერტი ზვიად კანდელაკის აზრით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება იმაზე მიუთითებს, რომ ბიზნესს ისევ პრობლემა აქვს და ქვეყანაში უმუშევრობის დონე თვითდასაქმებულებისა და საჯარო უწყებებში მომუშავეთა რაოდენობის გაზრდის ხარჯზე შემცირდა.

კომპანია „ისტ-გეით ჯგუფის“ ხელმძღვანელმა ირაკლი იაშვილმა კი აგრარულ სექტორზე გაამახვილა ყურადღება. მისი აზრით, სამუშაო ადგილების ზრდა, ძირითადად, აგრარული სექტორის დამსახურებაა იმიტომ, რომ სახელმწიფომ ამ დარგის წასახალისებლად სხვადასხვა ინსტრუმენტი გამოიყენა, რამაც დიდი სტიმული მისცა აგრარულ დარგში გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას.

„სოფლის მეურნეობის ხელშეწმყობი კრედიტებით ბევრმა ისარგებლა, შესაბამისად, მგონია, რომ სამუშაო ადგილების მატება, გარკვეულწილად, სწორედ ამ სექტორზე მოდის. შორს რომ არ წავიდე, მე თავად ვისარგებლე აგრარული კრედიტით და ჩემს პარტნიორებთან ერთად კახეთში ახალი ღვინის ქარხანა გავხსენი, სადაც ახლა 35 ადამიანი მუშაობს. კიდევ ვაპირებ ამ ინსტრუმენტებს მივმართო, რადგან მსგავსი შეღავათები ნებისმიერი ბიზნესისთვის მისაღებია. ბუნებრივია, ბიზნესის ხელშეწყობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც უწყობს ხელს“, - განუცხადა „ბიპიენს“ იაშვილმა.