ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების ბერკეტებს ებღაუჭება – ასეთია ოპოზიციური სპექტრისა და არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის შეფასება საარჩევნო სისტემის შეცვლის გადავადებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიცია – მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2020 წლამდე გადავადების ირგვლივ – გაუგებარია პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვისაც. ხელისუფლება ცაიტნოტზე ლაპარაკობს და თვლის, რომ ამ ეტაპზე მეტის გაკეთება შეუძლებელია. თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუსაბუთებლად მიიჩნევენ კოალიცია „ქართული ოცნების“ გეგმებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებთან დაკავშირებით. როგორც, მაგალითად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აღნიშნავს, გაუგებარია, რატომ უნდა გადავიტანოთ ცვლილებები 2020 წლის არჩევნებამდე, მაშინ, როცა სამართლიანი საარჩევნო სისტემის შექმნა შესაძლებელია 2016 წლის არჩევნებისთვისაც. პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე კი, ამჟამინდელი უმრავლესობის წარსულიდან სულ სხვაგვარ აქტიურობასა და მიზნებს იხსენებს:
„ხუთი, ექვსი, შვიდი წლის წინ ისინი ძალიან აქტიურად უჭერდნენ მხარს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და, მათ შორის, მიმართავდნენ პროტესტის უკიდურეს ფორმებს, როგორიც არის – უვადო შიმშილობის გამოცხადება, სირცხვილის კორიდორების მოწყობა“.
პრეზიდენტის ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის მიმართვა, რომელსაც 14 პოლიტიკური პარტია და რვა არასამთავრობო ორგანიზაცია ემხრობა, პარლამენტში სამშაბათს, 2 ივნისს შევიდა. ეს მიმართვა გულისხმობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების გამართვას ერთიანი პროპორციული და სამხარეო-პროპორციული სისტემით. თუმცა, როგორც 6 ივნისს გახდა ცნობილი, ხელისუფლება მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას კვლავაც ამჟამად მოქმედი შერეული სისტემით გეგმავს. წინასწარი ინფორმაციით, დაგეგმილია მხოლოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლქების მასშტაბებს შორის დისპროპორციის შემცირება და ასევე იგეგმება მაჟორიტარული არჩევნების ბარიერის 50 პროცენტამდე აწევა. ასეთი ცვლილებები რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს – აცხადებს „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ იურისტი ელენე ნიჟარაძე და ის დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით კვლავაც მმართველი პოლიტიკური ძალა იხეირებს:
„ამ სისტემის წყალობით, (სახელისუფლებო პარტია) გაცილებით მეტ მანდატებს ღებულობს საკანონმდებლო ორგანოში, ვიდრე რეალური მხარდაჭერა და ამომრჩევლების მიერ გამოხატული ნებაა. აქედან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ, ამ მიზეზით, მაქსიმალურად ცდილობს ხელისუფლება, რომ ეს სისტემა შეინარჩუნოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი ჰქონდეს მანდატების უმრავლესობა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში“.
კოალიცია „ქართული ოცნება“ ამით არჩევნებში გამარჯვების ბერკეტების შენარჩუნებას რომ ცდილობს, ამაში დარწმუნებული არიან ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებიც. როგორც მაგალითად „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი აღნიშნავს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ სურვილი აქვს, კიდევ ერთხელ გამოიყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შექმნილი მანკიერი სისტემა, რადგანაც ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ისინი დამარცხდებიან.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის – გია ვოლსკისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაუჩნდათ არაპოპულარულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ილუზია, რომ, მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შემთხვევაში, ისინი პოპულარობას მოიპოვებენ. ვოლსკი აცხადებს, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რაც კონსტიტუციის შეცვლასაც გულისხმობს, 2016 წლის არჩევნებისთვის ვერ მოესწრება. თუმცა, ტექნიკური საკითხის გარდა, ის საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს:
„უნდა გაიზარდოს, ჩვენში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პარტიული დეპუტატების კანდიდატების კასტა, რომელსაც, მიუხედავად იმისა – რომელი რაიონიდან არის, საქართველოში იცნობენ, ანუ ლაგოდეხელმა უნდა იცოდეს, ვის აირჩევენ ვთქვათ – მესტიაში, ან რომელი ღირსეული ადამიანი წარმოადგენს პატარა რაიონს – ყაზბეგს – მაგრამ მას უჭერენ მხარს აჭარაშიც, გურიაშიც და სამეგრელოშიც“.
კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა არგუმენტები და მათ შორის – ცაიტნოტთან დაკავშირებული არგუმენტი – მიუღებელია ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის, ინტერპარტიული ჯგუფის წევრის, მამუკა კაციტაძისთვის. როგორც მან უთხრა „რადიო თავისუფლებას“, ხელისუფლება საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრას ცდილობს, თორემ, რეალური ნების არსებობის შემთხვევაში, დრო საკმარისად არის:
„საკმარისია, საშემოდგომო სესიამდე მოხდეს საკითხის საერთო საჯარო განხილვა, – ანუ საზოგადოებას რომ გავაცნოთ, ვკითხოთ, ავუხსნათ და ასე შემდეგ; საშემოდგომო სესიაზე ორი კენჭისყრა ჩავატაროთ – ანუ პრინციპებისა და მუხლობრივ დონეზე, ხოლო საგაზაფხულო სესიაზე (სადღაც თებერვალ-მარტში) დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილება. ამის შემდეგ კიდევშვიდი თვე იქნება დარჩენილი არჩევნებამდე და ეს დრო აბსოლუტურად საკმარისია, რომ ახალი სისტემა ადაპტირდეს რეალობასთან“.
პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირების მოთხოვნით, დეპუტატები ხელმოწერებს აგროვებენ. მამუკა კაციტაძის ინფორმაციით, რომელიც მან 8 ივნისს, დილით გაავრცელა, უკვე 59 დეპუტატი იყო მომხრე, თუმცა, მიზნის მისაღწევად 76 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო და, დიდი ალბათობით, ინიციატივას ამდენი მხარდამჭერი არ გამოუჩნდება. გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის რიგებიდან კოალიცია „ქართულ ოცნების“ პოზიციას ღიად მხოლოდ ეროვნული ფორუმი ეწინააღმდეგება.