ჩვენ ვაკვირდებით, რომ ფაქტობრივად ყოველდღე ხორციელდება კარგად გათვლილი, დაგეგმილი პროვოკაცია გარედან დაფინანსებული აქტივისტების მხრიდან, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიით და ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრობით, - განაცხადა თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლევან მაჭავარიანმა „ქართული ოცნების“ შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას.
მან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ძალადობისგან.
„ისინი აწყობენ პროვოკაციას, გივარდებიან სახლში ლანძღვა-გინებით. მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველა ჩვენ მომხრეს, ყველა მხარდამჭერს, რომ თავი შევიკავოთ ძალადობისგან, ვინაიდან ეს მათივე წისქვილზე ასხამს წყალს. იმასაც უნდა გავუსვა ხაზი, რომ ძალიან რთულია ამდენი ადამიანის მოთოკვა უშუალოდ შტაბშიც“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებაზე, შსს-მ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
შენობასთან მისული აქტივისტები, შტაბში მყოფი პარტიის წევრებისა თუ მხარდამჭერების მისამართით სიძულვილის ენას იყენებდნენ და აგინებდნენ. დაუპირისპირდნენ ოფისში მომუშავეებს და მხარდამჭერ მოქალაქეებს, რაც მალევე ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით დაპირისპირების შედეგად დაშავდა ორი ჟურნალისტი.