ყოფილი ნაციონალები ეროვნული ბანკის გაუქმების და მის ნაცვლად, სავალუტო საბჭოს შექმნის იდეით გამოდიან, მოქმედი ნაციონალები საკუთარ ეკონომიკურ გეგმაზე აპელირებენ, მმართველი გუნდი კი, ოპოზიციონერთა შეთავაზებას უგულებელყოფს.
ზურაბ ჯაფარიძემ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროგრამა დღეს წარადგინა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი, 36 პუნქტიანი გეგმის გააქტიურებას 10 ივნისს აპირებს.
ჯაფარიძის განცხადებით, ერთადერთი საგადამხდელო საშუალება ლარი აღარ უნდა იყოს და დოლართან მიმართებაში ლარის კურსი ფიქსირებული უნდა იყოს, ევროსთან ან ამ ვალუტების კალათასთან მიმართებაში. კანონმდებელს საკუთარი ინიციატივა ლარის სტაბილურობის მისაღწევ წინაპირობად მიაჩნია.
„ბოლო 2,5 წლის განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ეროვნული ვალუტის არასტაბილურობაა. ლარი 40 პროცენტით გაუფასურდა და ბანკის სესხი 530 ათასს ოჯახს გაუძვირდა, რომელიც გამოტანილი დოლარში ჰქონდათ. სავალუტო კრიზისის მიზეზი ისაა, რომ მთავრობის უაზრო ნაბიჯებმა ქართული ეკონომიკა ჩამოშალა. ამას „ქართული ოცნება“ არ აღიარებს და პრობლემის წყაროდ ეროვნული ბანკის წარმოჩენას ცდილობს. რომ არა ეროვნული ბანკის სწორი ნაბიჯები, ხალხი და სახელმწიფო კიდევ უფრო გაღარიბდებოდა“, - აცხადებს ჯაფარიძე.
კანონმდებლის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუკი, მისი წინადადება განხორციელდება, ლარის გაუფასურების რისკები ნულამდე დავა, მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში გამოტანილი სესხი აღარ გაუძვირდებათ, საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს, ინვესტიციების შემოსვლასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელი შეეწყობა. ასევე მთავრობის მხრიდან პროდუქტებზე ფასების ხელოვნური ზრდა ვეღარ მოხდება.
ყოფილი თანაგუნდელისგან განსხვავებით, ნაციონალი ლევან ბეჟაშვილი ჯაფარიძის იდეაში ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზებს ვერ ხედავს და for.ge-სთან აცხადებს, რომ ცალკე ამოგლეჯილად, ცვლილებების განხორციელება ეკონომიკურ პრობლემებს ვერ უშველის. ბეჟაშვილის ცნობით, ჯაფარიძის წინადადებაზე ეკონომისტთა წრეებში საუბარი ხშირად არის და ეს ინიციატივა ახალი არ არის.
„ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული პრობლემები უფრო სიღრმისეულ და პროგრამულ მიდგომას ითხოვს. ხედვა უნდა ჩამოვაყალიბოთ, ქვეყანა კრიზისიდან როგორ გამოვიყვანოთ. ფუნდამეტური პრობლემების გამოსწორებას კი, ჩვენი პროგრამა ეძღვნება, რომელიც 36 პუნქტის სახითაა ცნობილი“, - აცხადებს ბეჟაშვილი, რომლის მსგავსად, „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წინადადებას სკეპტიკურად უყურებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, თუ ეროვნული ბანკის მუშაობაში რაიმე ხარვეზია, ეს საკანონმდებლო ცვლილებებით უნდა გასწორდეს და არა ბანკის გაუქმებით. კობახიძის შეფასებით, სახელის შეცვლით არაფერი იცვლება.
„კანონით, ეროვნულ ბანკს იმის ბერკეტები და შესაძლებლობა აქვს, რომ დამოუკიდებელი და ძლიერი ინსტიტუტი იყოს. მსოფლიო სავალუტო ფონდის შეფასებები დადებითია და თუ რაიმე ხარვეზია, ეს შეგვიძლია, გამოვასწოროთ და არა პირიქით, ახალი ინსტიტუტები შევქმნათ და მათ ახალი სახელი დავარქვათ“, - განაცხადა კობახიძემ, რომლის პათოსს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე იზიარებს.
for.ge-სთან საუბარში ებანოიძე აღნიშნავს, რომ ის ჯაფარიძის იდეას დეტალურად არ გაცნობია, მაგრამ იცის, რომ თავის დროზე, აღნიშნული ინიციატივა კახა ბენუქიძეს ეკუთვნოდა.
დეპუტატის თქმით, ძნელია საუბარი იმაზე, რომ ლარი ერთადერთი ვალუტა აღარ იყოს.
„ჩვენ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სააგენტოს გამოტანაზე ვსჯელობთ და პარალელურად, იმაზე ხომ ვერ ვიმსჯელებთ, რომ ეროვნული ბანკი გაუქმდეს?“, - აცხადებს ებანოიძე.
for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძის თქმით კი, ეს რეფორმა რამდენიმე წლის წინ რომ განხორციელებულიყო, რასაც კახა ბენდუქიძე ლობირებდა, საქართველოს ეკონომიკა ასეთ ცუდ მდგომარეობაში არ იქნებოდა და საქართველოს მოსახლეობა ასეთი გაღარიბებული არ იქნებოდა.