ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე, რომელმაც 1999 წელს მიღებულ მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შეიტანოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარბაშვილის ინფორმაციით, კანონპროექტი სრულყოფილ სახეს უკვე პარლამენტში მიიღებს, თუმცა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულად მიჩნეული მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტი უკვე ინიცირებულია.
მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ მთის კანონი მოიწონა. პროექტი, მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებისთვის მთელ რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს:
მეწარმე ფიზიკურ პირები 10 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, იურიდიული პირებს კი 10 წლის განმავლობაში ქონებისა და მოგების გადასახადის გადახდა არ მოუწევთ (ფიზიკურ პირებში ნაგულისხმები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ფერმერული მეურნეობა, მაღაზია ან თუნდაც ჰოსტელის ტიპის სასტუმრო აქვთ; იურიდიულ პირებში კი უფრო მსხვილი მეწარმეები იგულისხმება).
რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს, პროექტი ასეთ შეღავათებს სთავაზობს მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, ექიმებს, ექთნებსა და პედაგოგებს.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით მთაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს პენსია შემდეგი საბიუჯეტო წლიდან 32 ლარით გაეზრდებათ, მაღალმთიანი რეგიონების სამედიცინო ექთნებს უნდა მიეცეთ დანამატი 160 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მომუშავე ექიმებს 320 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება პედაგოგების ხელფასებს, მათი სახელფასო დანამატი დაახლოებით 50%-ით უნდა გაიზარდოს, რაც მინიმუმ დამატებით 150 ლარის მომატებას გულისხმობს.
მთის კანონის აღსრულება ხელისუფლებას 60 მილიონ ლარამდე დაუჯდება. აღნიშული თანხა იმ შეღავათების დასაფარად იქნება გამოყენებული, რომელიც ერთი მხრივ, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი, მთაში არსებულ საწარმოებს ექნებათ.
ხელისუფლება დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით გარკვეული ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს. ყოველ შვილზე მთაში მცხოვრები მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას მიღებს. ასევე საუბარია, რომ წყვილებს, რომლებიც ოჯახს შექმნიან, სახელმწიფო 10 ათასი ლარით დააფინანსებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი შიშობს, რომ მთის კანონპროექტის განხილვას პარლამენტში სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება.
„შევთანხმდით საბოლოო ვარიანტზე და ის გაიგზავნა პარლამენტში, სადაც დაიწყება განხილვა. ვშიშობ, რომ იქ სერიოზული წინააღმდეგობა შეგვხდება იმიტომ, რომ პარლამენტარები უფრო მეტს მოითხოვენ, ვიდრე დღეს ქვეყანას შესაძლებობა აქვს. ჩვენც ვთვლით, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი, მაგრამ დღეს ბიუჯეტს არ ექნება ამდენი შესაძლებობა, თუმცა თვითონ ტენდენცია იქნება ასეთი, რომ 3 წლის განმავლობაში შევა ეს კანონი ძალაში მთლიანად და თუ პირველ - 2016 წელს - იქნება 12 მილიონი დამატებით გამოყოფილი მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის, შემდეგ ჯერზე ეს იქნება 30 და შემდეგ ხდება 50 მილიონი“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.
გარდა იმ შეღავათებისა, რომელიც კანონის პროექტშია გაწერილია, მთის მოსახლოებისთვის ისედაც ბევრი რამ კეთდება, მათ შორის არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც იქ ხორციელდება და დღესაც მიმდინარეობს.
ფინანსთა მინისტრი ნოდარი ხადური კი აღნიშნავს, რომ ეს არის მაღალმთიანი რეგიონების განვითარების მიმართულებით გადადგმული სერიოზული ნაბიჯი, რომელიც კომპლექსური ღონისძიებების ნაკრებია.
„იმედი გვაქვს, რომ კანონი სერიოზულად შეუწყობს ხელს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, იქ სამეწარმეო საქმიანობის აღორძინებას. მთა გახდება პირველ ეტაპზე თვითკმარი, იქ მოყვანილი პროდუქცია საკმარისი იქნება, ხოლო შემდეგ დარწმუნებული ვარ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით მოამარაგებს დანარჩენ საქართველოს“, - აღნიშნა ხადურმა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი მექანიზმები, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებისა და ბიზნესის ხელშეწყობისკენაა მიმართული, ბევრ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის, იტალიაში, საფრანგეთში, ალპების ზონაში, ანუ როცა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს მთის, როგორც კულტურულ-ეკონომიკური ზონის შენარჩუნება.
როგორც ლევან კალანდაძე ამბობს, ამ ინსტრუმენტების ეფექტურობის ხარისხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, სახელმწიფო რამდენად იქნება მოტივირებული, მისცეს ამ კანონით გათვალსიწინებულ პირობებს განვითარების საშუალება.
„საუბარი იმაზე, რომ ეს ერთ და ორ წელიწადში მთას ააყვავებს ან მთაში მცხოვრები ადამიანებისთვის გახდება ძალიან მიმზიდველი, ეს მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ორი რამ: ერთი, რომ თავად პოლიტიკა იქმნება მთასთან დაკავშირებით და ეს პოლიტიკა უნდა იყოს განვითარებადი და მზრადი“, - აცხადებს ლევან კალანდაძე.