არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ საქართველოს სახელმწიფოში მართვის სისტემაა შესაცვლელი. როგორ განვითარდა სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული მერიტოკრატია, რომელ სამინისტროებზე უნდა ვთქვათ უარი, რას ფიქრობს ყოფილი პრეზიდენტის ოდესის გუბერნატორად დანიშვნაზე და მიიჩნევს თუ არა რუსეთს ოკუპანტად საფრანგეთის ეროვნული ღირსების ორდენის კავალერი? - ,,ქართული სიტყვა” პეტრე მამრაძეს ესაუბრა:
- დასავლეთში, პოლიტოლოგები სააკაშვილს ხშირად პუტინის ,,სასარგებლო იდიოტს” უწოდებენ. საერთოდ, ეს დამკვიდრებული ტერმინია და ასე გავლენის ისეთ აგენტებს ეძახიან, რომლებიც თვითონ ვერ ხვდებიან, რომ სწორედ იმ ძალას ემსახურებიან, რომელსაც თავის ჭკუაში, ებრძვიან. პუტინის “სასარგებლო იდიოტმა” სააკაშვილმა ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად ყოფნისას, ცხადია, შეიძლება, დიდი ზიანი მიაყენოს ოდესის ოლქს და მთელ უკრაინასაც. ისე, საინტერესოა, რატომ დასთანხმდა ამ თანამდებობას. ვინ იცის, სააკაშვილი პოროშენკოს შეეხვეწა კიდეც, დამნიშნეო... ვფიქრობ, ეს ორი მიზეზით გააკეთა: ჯერ ერთი, საქართველოში დარჩენილ ,,ნაცებზე” გავლენა დაკარგა. ამასთან, დარწმუნდა, რომ “ნაცებს” ამ ეტაპზე არავითარი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ (სწორედ ამიტომ, ,,ნაცებიდან” გასული ,,შესანიშნავი ოთხეული” არ გააკრიტიკა და სრულიად ნეიტრალური კომენტარით შემოიფარგლა).
მეორე მიზეზი კი ისაა, რომ სააკაშვილს ციხეში მოხვედრის აკვიატებული შიში აქვს. გაიხსენეთ, როგორ ლაპარაკობდა, რომ საქართველოში ,,მატროსოვის 6 კვმ-იან საკანში” მოუწევს ჯდომა. სააკაშვილს კარგად ვიცნობ და ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პერსპექტივა კოშმარულ სიზმრად ექცა. ყველაზე კარგად მან იცის, თუ რამდენი და როგორი სიმძიმის დანაშაული აქვს ჩადენილი და ამ ჩადენილის ნაწილიც რომ დაუმტკიცდეს, უვადო პატიმრობა არ ასცდება. სააკაშვილმა ისიც იცის, რომ დააპატიმრებენ თუ არა, ყველაფერს ტირილით დაფქვავს. აი, ამ ფონზე, ჰგონია, რომ უკრაინის მოქალაქეობა საქართველოში ექსტრადიციისგან საიმედოდ იცავს. იმას კი ვერ ხვდება, საქართველოდან, რომ ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, გაასწრო, მაგრამ უკრაინიდან გაქცევა შეიძლება, ვეღარ შეძლოს.
...სააკაშვილის სადისტური რეჟიმის დროს შექმნილი სისტემის მავნე ზემოქმედება დღემდე გრძელდება. დავიწყოთ იქედან, რომ საქართველოს მთავრობას, პრემიერის ჩათვლით, ოცი მინისტრი ჰყავს და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში სამი მილიონ შვიდასი ათასი ადამიანია დარჩენილი. ჩვენზე გაცილებით დიდი ტერიტორიების მფლობელ და უფრო განვითარებულ ქვეყნებში კი, 13-14 სამინისტრო ფუნქციონირებს.
- ბატონო პეტრე, თქვენი ნება რომ იყოს, რომელი მინისტრის პოსტს გააუქმებდით?
- ყველა სახელმწიფო მინისტრის პოსტი გასაუქმებელია. ამ აპარატებს მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ძალაუფლების მხარდასაჭერად ხელოვნურად ქმნიდა. ბიუროკრატიული კლასი მასზე იყო დამოკიდებული და მართვაც უადვილდებოდა. ეს, სააკაშვილის გაგებით, მერიტოკრატია იყო.
- მერიტოკრატია რას ნიშნავს?
- ესაა სისტემა, როცა ყოველი ადამიანი ფასდება და სამართლიანი კონკურენციის პირობებში, სამსახურეობრივად დაწინაურდება, მაგრამ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული რეალობა სხვანაირი იყო - ბრძანებას, როგორც წესი, ზეპირად გასცემდა. მისი ნებისმიერი დავალება, რაოდენ დანაშაულებრივი და უკანონოც უნდა ყოფილიყო, შემსრულებელთ უფასდებოდათ, რაც მაღალ ხელფასებში, პრემიებში, ძვირადღირებულ ჯიპებსა და ოჯახის წევრებისთვის ბიზნესწილების გადაცემაში გამოიხატებოდა. ვიმეორებ, ბრძანებები ზეპირად გაიცემოდა, ამიტომაც უჭირთ ,,ნაცებთან” შეკრულ უნიათო ,,ქოცებს” გამოძიებების წარმოება და დამნაშავეთა დასჯა. დაპირებული სამართლიანობის აღდგენაც არ მოხერხდა. სააკაშვილის დროსYყველა დანაშაულებრივ ქმედებას ,,ტროიკა” წყვეტდა. ისე, სიტყვა ,,ტროიკა” უკვე საერთაშორისოა.
- ,,ტროიკის” წევრები ვინ იყვნენ?
- სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. დანაშაულებრივ ზეპირ ბრძანებებს სწორედ ისინი გასცემდნენ.
- გინდათ თქვათ, რომ დღეს ისევ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა მოქმედებს?
- ბიძინა ივანიშვილის წყალობით, ბევრი რამ შეიცვალა - ხალხს აღარ აწამებენ, საკუთრების უფლების მასობრივი შელახვის ფაქტებიც აღარ ფიქსირდება. ღამღამობით ერთი და იგივე ნოტარიუსთან ქონების ჩუქება აღარ ხდება.
- მართვის სისტემაში რა შეიცვალა?
- აქ კი, დღევანდელი ხელისუფლება მოიკოჭლებს. მიმაჩნია, რომ ყველა სახელმწიფო მინისტრის პოსტი უნდა გაუქმდეს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სააკაშვილმა სპეციალურად თავისი ერთგული თანაპარტიელის, შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილისთვის შექმნა... ყველა უმაქნისი სამინისტრო, რომელიც ქვეყანას ხარჯად აწევს, გასაუქმებელია, მათ შორის დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ზოგიერთი სხვაც.
- ბატონო პეტრე, რა ამის პასუხია და, როგორც გავიგე, ფილმ “9+1”-ის კონსულტანტი ხართ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინციატივით უნდა გადაიღონ...
- ბატონ გოგა ხაინდრავასთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა, ვიხსენებდით ფაქტებს, სულ ეს იყო.
- გადაცემა ,,20/30”-ს უყურებთ?
- სიმართლე გითხრათ, ქართულ ტელევიზიებს არ ვუყურებ, ახალ ამბებს მხოლოდ ელექტრონული მედიით ვიგებ და ეს დროის დიდ ეკონომიას მაძლევს. ერთხელ, ბატონ ბიძინასთან ვრცელი ინტერვიუ ვნახე, რომელიც სწორედ ამ გადაცემას მისცა.
- რიგის სამიტის შედეგები და საქართველო...
- ამ სამიტზე მედიაში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი, რასაც ,,პროვინციულ წუმპეში” ატეხილ აჟიოტაჟს დავარქმევდი. ჩვენი რეალისტურად განწყობილი მოსახლეობა არ დაინტერესდა, ვინაიდან ამ სამიტისაგან არაფერს ელოდა. ჩართავდი ტელევიზორს და ისმოდა შეკითხვა: მოგვცემენ თუ არა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს? რიგის სამიტზე, რა თქმა უნდა, არ მოგვცეს და თავიდანვეც ცხადი იყო, რომ ასე მოხდებოდა. სხვათა შორის, ამის შესახებ საერთაშორისო მედია წინასწარ ინფორმაციას აქვეყნებდა.
- რას უნდა ველოდოთ?
- სრულიად გაურკვეველია, რა მოხდება, რადგან თავად ევროპულ გაერთიანებას სერიოზული პრობლემები აქვს. ბრიტანეთის ხელისუფლება უკვე ღიად საუბრობს, ბრიტანეთმა ევროგაერთიანების წევრად დარჩენაზე რეფერენდუმი ჩაატაროს თუ არა. საერთო ვალუტამ ევროპის ქვეყნები ვერ გააერთიანა. ეკონომიკურ კრიზისში მყოფმა საბერძნეთმა, დახმარების სახით, 200 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო, მაგრამ ვალებს ვერ იხდის. ნობელის პრემიის ლაურეატი პოლ კრუგმანი და სხვა ექსპერტები ამტკიცებენ, საბერძნეთს საკუთარი ვალუტა რომ ჰქონოდა, ამ დღეში არ იქნებოდაო. საერთო ვალუტა საერთო ფისკალური პოლიტიკის გარეშე არ არსებობს. შეგახსენებთ, თუ როგორი ზარზეიმით და ,,შალახოს” თანხლებით მოვაწერეთ ხელი ევროგაერთიანებასთან თავისუფალი ყოვლისმომცველი ვაჭრობის თაობაზე ასოცირების ხელშეკრულებას.
- ამ პროცესში ქვეყნისთვის მიუღებელი რა არის, ბატონო პეტრე?
- დავიწყოთ იქიდან, რომ თბილისში აკრედიტებული ევროგაერთიანების წარმომადგენლები ხარხარებდნენ, როცა ღია ეთერში საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის ბიჭურ, ბავშვურ კამათს ისმენდნენ, ხელი არა მე უნდა მოვაწერო, არა - მეო.
- თქვენი შეხედულებით, ხელი ვის უნდა მოეწერა?
- საქართველოს კონსტიტუციით, ამას მთავრობა წყვეტს და პრეზიდენტმა ხელი შეიძლება, მაშინ მოაწეროს, თუ მთავრობა გადაწყვეტს. ისე, ამ ხელშეკრულებაზე ხელი ბარემ ოცდაათ ქვეყანას აქვს მოწერილი, მათ შორის, სირიას, სადაც ვიცით, რაც ხდება. ამ ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანა ეკონომიკისა და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, შესაბამისი განვითარების დონეზე უნდა იყოს. ჩვენი მეგობარი ისრაელი, ებრაელი ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ხელშეკრულებიდან, სულ ცოტა, 15 მილიარდი დოლარის სუფთა მოგებას ნახულობს. ირაკლი ღარიბაშვილმა კი რეალისტური ფრაზა თქვა, მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ ხელშეკრულების მუხლების შესასრულებლადო, მაგრამ ხელისუფლებამ დროული ნაბიჯები არ გადადგა. ექსპერტ ლევან ბოძაშვილის აზრით, ევროგაერთიანებასთან ასოცირების ხელშეკრულების რამდენიმე მუხლი ჯობს, შეჩერდეს, რადგან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველო ყოველ წელს მილიონობით ზარალს მიიღებს. ეს ჩვენი უნიათო, არაპროფესიონალურად მოქმედი მთავრობის შედეგია, რომელიც ძვირადღირებულ ჯიპებსა და 13-ათასიან ტელეფონებზეა ორიენტირებული.
ისე, ყველაფერი ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან საქართველოში პოლიტიკური სპექტრი არ არსებობს. ქართულ პოლიტიკას პოლიტიკური პარტიები კი არა, დაჯგუფებები ქმნიან, რომელთა მიზანია, ხელისუფლება შეინარჩუნონ, ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროებზე წვდომა ჰქონდეთ და ბუნებრივ რესურსებზე განახორციელონ კონტროლი. პარლამენტარებისგან ბევრჯერ მომისმენია, თუ აქ არ ხარ, დიდ ფულზე ვერ გახვალო. მაჟორიტარებს კი ,,მილიონერთა კლუბის” წევრებად მოიხსენიებენ.
- მაჟორიტარული სისტემის რეფორმა დაიწყო...
- ვნახოთ, რა იქნება. პოლიტიკოსი კი არა, “პოლიტიკანი” ხალხს ბევრ რამეს ჰპირდება, სინამდვილეში, გულში დიდ ფულზე წვდომა უდევს. უცხოეთში ბიზნესმენებს პარლამენტში ვერ შეიყვან, ჩვენთან სხვა ვითარებაა - ბიზნესმენი პარლამენტის გარედან საკუთარ ბიზნესს ვერც დაიცავს და ვერც განავითარებს. ვიდრე ქვეყანაში პატრონ-კლიენტური დამოკიდებულებაა, სამოქალაქო საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდება. არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, ოცი წელია, საქართველო მანკიერ წრეზე დადის და ეს წრე უნდა გავარღვიოთო. ამ მიზნით საზოგადოება ,,მოქალაქე” ჩამოაყალიბა.
- ისე, ივანიშვილის მიერ მოყვანილი პარლამენტიც ხომ მანკიერი წრეა.
- “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების”. ჩვენი მოსახლეობა იმ კოკის შიგთავსია, საიდანაც მეოთხედი საუკუნეა, ერთი და იგივე საუბარი გადმოდის, ჩვენი ბედი სხვაგან წყდება, ვაშინგტონში, ან მოსკოვშიო. ამ ტყუილის ბევრს სჯერა, ბევრსაც აწყობს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ პირადი პასუხისმგებლობა აიცილოს. აბა, ვინ შედის იმ 97 პროცენტში, ვინც ხმა სააკაშვილს მისცა? ეს ხომ აშშ-ს დახმარების გარეშე მოხდა. “ვარდების რევოლუციის” წინ, აშშ-ს ელჩი, რიჩარდ მაილსი ლიდერებს კატეგორიულად აფრთხილებდა, რომ მათი ზეწოლა შევარდნაძეზე უკანონო იყო და თუკი შევარდნაძე ვადაზე ადრე გადადგებოდა, ამით ,,ნაცმოძრაობის” ლიდერები ორ რამეს მიაღწევდნენ: ქვეყანას რთული მდგომარეობა შეექმნებოდა და რევოლუციის მეთაურები კარიერას შევარდნაძეზე გაცილებით უარესად დაასრულებდნენ.
- ასეც მოხდა...
- დღესაც არასახარბიელო პროცესები მიდის. კოალიცია ,,ქართული ოცნება”, რომელსაც ბოლოს ,,ქოციონალები” შეარქვეს და ,,ნაცმოძრაობა” ერთგვარ ტანდემში არიან. თავიდანვე აშკარა იყო, რომ ,,ქოცების” ნაწილს მოწინააღმდეგე ძალაში უფრო ბევრი ახლო ადამიანი ჰყავდა, ვიდრე - თავისიანებში. ხალხისთვის დაპირებული სამართლიანობის აღდგენაზე არც უფიქრიათ. კოალიციის პოლიტიკური ლიდერები თავის დროზე ერთმანეთს დედას აგინებდნენ, რაც მთელმა მოსახლეობამ საკუთარი ყურით მოისმინა. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს იმედგაცრუებულმა ბიძინა ივანიშვილმა ,,აბსურდში ჩარჩენილი” უწოდა.
- ბატონო პეტრე, “ოცნება” მოსახლეობას, სამართლიანობის აღდგენის პარალელურად, პრემიერ ზურაბ ჟვანიას ბურუსით მოცული გარდაცვალების სიმართლის თქმასაც ჰპირდებოდა... აცხადებთ, რომ მკვლელობის ვერსიის არ გჯერათ...
- დიახ, განვაცხადე, არ მაქვს საფუძველი, მქონდეს ეჭვი, რომ ეს მკვლელობა იყო-მეთქი.
- იმედი გაქვთ, რომ გამოძიება ოდესმე დასრულდება?
- არა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ექსპერტი ლევან ჩაჩუა, ავადმყოფი კაცი თვეების განმავლობაში ციხეში ამყოფეს, მერე გაათავისუფლეს და აღმოჩნდა, რომ პროკურატურას უფლება არ ჰქონდა, დაეკავებინა. უცხოელები ეჭვს გამოთქვამდნენ, რომ ექსპერტი ზეწოლის მიზნით დააკავეს.
- ბატონო პეტრე, “ენ-დი-აი”-სა და “აი-რა-ი”-ს ბოლო კვლევებით, ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვი 31 პროცენტამდე გაიზარდა. არადა, მოსახლეობამ თავის დროზე, რეფერენდუმზე ევროპული არჩევანი გააკეთა, ანუ საქართველოს მოსახლეობის 31% პრორუსია?
- ჩემი აზრით, საქმე ინფორმაციის ნაკლებობასთან გვაქვს. მოქალაქეებს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ნატო-ზე, ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირზე. ამ უკანასკნელის შესახებ ინტერნეტში ინფორმაციას ვერ იპოვით. ბუნებაში ასეთი კავშირი არ არსებობს და ამ თემაზე საუბარი მარაზმს ემსგავსება. შეკითხვა ევრაზიულ კავშირზე ივანიშვილსაც დაუსვეს და შესანიშნავად უპასუხა, რომ ჯერ ავწონ-დავწონოთ, შევისწავლოთ და თუ კარგი აღმოჩნდა, რატომაც არაო?! ,,ნაცებმა” და საზოგადოების ნაწილმა, ჩვეულებისამებრ, ივანიშვილის განცხადება კრიტიკულად მიიღეს.
ისევ ზურაბ ჟვანიას გავიხსენებ, რომელმაც ერთხელ, საჯაროდ თქვა, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა ხშირად რომელიმე პროვინციული ქალაქის გარეუბნის სამზარეულოში ჭორაობას ჰგავსო. ევროკავშირის შესახებ საიტზე ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი დევს, არაფერია დაფარული, თუმცა აჟიოტაჟი მაინც ატყდა, რომ საქართველო ე.წ. ლგბტ პირების უფლებების დაცვის დოკუმენტს აწერს ხელს. აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა, რომელსაც საქართველოში ხუმრობით “რადიკალური ოპოზიციის ლიდერი ვანო ბასიშვილი” უწოდეს, ერთხელ, აშშ-ში გაკეთებულ მოხსენებაში ქართული საზოგადოების დახასიათებისას თქვა, ჯერჯერობით ესაა საზოგადოება, რომელიც ჭორებს უფრო უჯერებს, ვიდრე - ფაქტებსო.
- საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის თემა კვლავ აქტუალურია...
- “ოცნებამ” თავიდანვე შეცდომა დაუშვა, როცა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი საარჩევნო კამპანიაში ჩართო. გახსოვთ, რა ამბავი ატყდა მეგობარი აზერბაიჯანისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან?! რუსეთმა კი მხრები აიჩეჩა, თუ საქართველოს სურს, აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ისე ელაპარაკოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, მე რა შუაში ვარო?!
- რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი თავის დროზე ავანტიურად შეაფასეთ. ამ ავანტიურას გაგრძელება ექნება?
- 2008 წლის აგვისტოს ომი სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების სამხედრო- პოლიტიკური ავანტიურა გახლდათ, რომელსაც მსოფლიოში ცნობილმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა უმწვავესი შეფასებები მისცეს. კოლინ პაუელის სიტყვებით, სააკაშვილმა დენთით სავსე კასრში ანთებული ასანთი ჩააგდო. ლინკოლნ მიტჩელის თქმით კი, 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროს პუტინს თავისი აგენტი რომ შეეგზავნა სათანადო დავალებით, იმდენს ვერ გაუკეთებდა, რაც სააკაშვილმა საკუთარი ხელით გაუკეთა.
- ახლა იგივეს უკრაინაში აკეთებს?
- რა თქმა უნდა. მიხეილ სააკაშვილს ახლოს ვიცნობ და თუკი 2008 წლამდე რუსეთის წისქვილზე წყალს გაუცნობიერებლად ასხამდა, შემდეგ, საქართველოს საზიანოდ და რუსეთის სასარგებლოდ განზრახ მოქმედებდა.
- რატომ?
- მიხვდა, რომ რუსეთის გარეშე ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. ამიტომაც გახშირდა ვანო მერაბიშვილის ვიზიტები ყალბი პასპორტებით ქვეყნის გარეთ, სადაც რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებს ხვდებოდა. ამ შეხვედრებს მოჰყვა სტრატეგიული დანიშნულების, განსაკუთრებით, ენერგოობიექტების რუსეთზე გასხვისება. 2008 წლის დეკემბერში, ფარული გარიგება შედგა ენგურჰესთან დაკავშირებით, რომლის შინაარსიც საქართველოს მოსახლეობისთვის საიდუმლოა. ამიხსენით, როგორ შეიძლება ასეთი ტიპის გარიგება ჩვენი მოქალაქეებისთვის საიდუმლო იყოს, ქვეყნის პირსისხლიანი მტრის, ოკუპანტი პუტინისთვის კი - არა?! ისტორიას წაგებულ-მოგებულ მხარეებს შორის მრავალნაირი შეთანხმება ახსოვს და გასაკვირი არაფერია, მაგრამ როცა ოკუპანტს ურიგდები და საკუთარ ხალხს ამას უმალავ, ეს სამშობლოს ღალატია.
საქართველოს ნაწილი რუსეთს “კა-გე-ბე”-ს ჯარების ეფრეიტორმა, მიხეილ სააკაშვილმა ლანგრით მიართვა. ამ ეფრეიტორს პოლკოვნიკ ვლადიმერ პუტინის მიმართ კომპლექსები დღესაც არ ასვენებს!
- ბატონო პეტრე, რა ამის პასუხია და, თქვენს ბიოგრაფიაში საინტერესო პასაჟებია - ფიზიკოსი ხართ და თავის დროზე აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომელი იყავით. ამბობდნენ, რომ ობსერვატორიის ხელმძღვანელი ევგენი ხარაძე უკიდურეს გასაჭირში ცხოვრობდა და შიმშილით გარდაიცვალა...
- ეს ქართული საზოგადოების ერთ-ერთი მითია. ისე, ამის შესახებ ერთხელ შევარდნაძემაც მკითხა. ბატონი ევგენი მსოფლიოში აღიარებული მეცნიერი გახლდათ - სოროსის სტიპენდიანტი და სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველყოფილი იყო.