ევროკავშირი საქართველოს, მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებისათვის, 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომლის მიზანიც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა იქნება. დამკვიდრდება თუ არა საქართველოში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა საერთაშორისო სტანდარტებით? - ამ შეკითხვებით “ქართულმა სიტყვამ” შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, კობა ნარჩემაშვილს მიმართა, რომელმაც საუბარი შსს-დან უშიშროების სამსახურის გამოყოფით დაიწყო. ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ შსს-ს ტრანსფორმაცია აუცილებელია და ეს მხოლოდ შიდა კი არა, გარე ფაქტორებითაცაა განპირობებული.
კობა ნარჩემაშვილი: - იმ შსს-ს ადგილზე, რომელიც დღეს გვაქვს, შესაძლებელია, 4-5 ახალი სამსახური შეიქმნას. ისე, ძალიან ცუდია, რომ შსს-ს და უშიშროების გაყოფაზე უმეტესად არაკომპეტენტური ადამიანები ლაპარაკობენ. შინაგან საქმეთა და უშიშროების უწყებების საქმიანობა ერთმანეთისგან თვისობრივად განსხვავდება. შსს-ს მოვალეობა გამოძიების წარმართვაა, უშიშროების სამსახური კი, გამოძიებაში მხოლოდ უკიდურესად აუცილებელ შემთხვევაში ერთვება. უშიშროების საქმე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეკრება და მოსალოდნელი საფრთხეების გააზრებაა.
დამოუკიდებლობის 25 წელმა ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა, მხედველობაში მაქვს საზოგადოების შიდა კონფრონტაცია, მძიმე ფონი და არათანაბარი სოციალური გარემო. კონფლიქტები თუ ტერიტორიული პრობლემები კი, უსაფრთხოების სისტემის გამოწვევაა. ამიტომ, არ შეიძლება, ამ გამოწვევების დაძლევა მხოლოდ უსაფრთხოების სპეციალური სუბიექტებისთვის, ანუ სამართალდამცავი ორგანოებისთვის განვიხილოთ. ეს მთელი პოლიტიკური სისტემის პრობლემაა და საკითხის სრულყოფილად გადაჭრაც პოლიტიკურ სისტემას ხელეწიფება. საერთოდ, უსაფრთხოება მეტ-ნაკლებად მოგვარებული მაშინაა, როცა პოლიტიკური სისტემა მდგრადია, პოლიტიკური პარტიები ფინანსურად და იდეოლოგიურად ძლიერები არიან. ნებისმიერი მექანიკური გაყოფების, ან შეერთების წინააღმდეგი ვარ, თუ ამ პროცესს არ ახლავს ინსტიტუციური გარანტია, რომ გაყოფა, ან შეერთება მაღალი ხარისხით იმუშავებს. ამ სტრუქტურების ინსტიტუციური დეპოლიტიზაციისთვის პირობა უნდა შევქმნათ. შესაძლოა, უშიშროების ხელმძღვანელი 6 წლით ავირჩიოთ, მაგრამ მისი მუშაობის ვადა აღმასრულებელი და საკანონმდებლო უწყებების მუშაობის ვადას არ უნდა ემთხვეოდეს, რაც გარკვეულწილად, დამოუკიდებლობის მიმანიშნებელია, მაგრამ ასეთი სახის გადაწყვეტილებები უმეტესად მყარი დემოკრატიული სისტემის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.
თუკი საზოგადოებრივი და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები იარსებებს, მაშინ ამის წინააღმდეგ არ წავალთ და ამას ისე განვიხილავთ, როგორც ტექნიკურ საკითხს.
- ყველაფერ ამაში გამოძიების როლი როგორი იქნება?
- ამ გაყოფასა თუ შეერთებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოძიების საკითხია, რადგან გამოძიება ის ინსტიტუციაა, რომელმაც საზოგადოებაში წესრიგის, სტაბილურობისა და სამართლიანობის განცდა უნდა განაპირობოს. როცა დამდგარია განაჩენი, უნდა არსებობდეს განცდა, რომ გამოძიების პროდუქტი მაღალკვალიფიციურია. სამწუხაროდ, არ მომისმენია, რომ გამოძიებაზე ვინმეს ემსჯელოს, არადა, გამოძიება რამდენიმე სტრუქტურაში - პოლიციაში, პროკურატურასა თუ თავდაცვის სამინისტროშია გაბნეული. ასეთ დაყოფას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები და ვთვლი, რომ სასამართლოებში ის მძიმე ვითარება, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეინიშნება, სწორედ ამის ბრალია - საზოგადოების მოლოდინია, რომ დამნაშავე, ბოლოს და ბოლოს, დაისჯება, თუმცა მაინც გამამართლებელი განაჩენები დგება.
კიდევ ერთი საკითხი გამომძიებლის როლის გაზრდაა: დღეს გამომძიებლის სტატუსი, მართლაც, კატასტროფულ მდგომარეობაშია - გამომძიებელი თავის როლს მტკიცებულებების აღმოჩენაშიც კი არ ასრულებს. დღეს საპროკურორო ზედამხედველობას მხოლოდ 150 მოსამართლე ახორციელებს, არადა, ათასეულობით საქმეა. გამომძიებელს დამოუკიდებლად საპროცესო გადაწყვეტილების მიღების უფლებაც არ აქვს.
- თქვენი აზრით, გამოძიებას რომელი უწყება უნდა ატარებდეს?
- გამოძიება ცენტრალიზებული ორგანო უნდა იყოს ერთი, რომელიც ძლიერი საპროკურორო და საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ იმუშავებს. გამომძიებელი უნდა იყოს მთავარი ფიგურანტი, რომელმაც უნდა აღმოაჩინოს და შეაფასოს მტკიცებულებები. პიროვნება, რომელიც დაცვისა და ბრალდების მხარეს იქნება შუამავალი, მიიღებს დაცვის და ბრალდების მტკიცებულებებს, ყველაფერ ამას შეაფასებს და, პროკურორის ზედამხედველობით, საქმეს სასამართლოში წარმართავს. ამის გარეშე მექანიკურ შეერთებას, ან დაყოფას მერწმუნეთ, შედეგი არ ექნება. ეს უნდა იყოს ტრანსფორმაციის და არა რეფორმირების პროექტი, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იქნება და პოსტსაბჭოურ სისტემასთან ბმა არ ექნება.
- პროკურატურაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაზრდა მართებულია?
- მთავარია, პროკურატურის ფუნქციები შეჯერდეს, თორემ ვინ უნდა დანიშნოს პროკურორი, ან როგორი უნდა იყოს მასზე საპარლამენტო კონტროლი, ტექნიკური საკითხია, რომლის გადაწყვეტაც მარტივია. პრინციპში, პროკურატურა უფრო სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებაა, ვიდრე - აღმასრულებლის. ამიტომ ის, ძლიერი დამოუკიდებელი სტრუქტურა უნდა იყოს, რომელსაც მაღალი უფლებამოსილება და დიდი საპარლამენტო კონტროლი ექნება. აუცილებელია, პროკურატურას მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლების, უშიშროებისა და შსს-ს მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების საქმიანობის გამოძიების უფლება ჰქონდეს, თუმცა ასეთი პროექტი უფრო ღრმა მუშაობას საჭიროებს.
- პროკურორს მაღალი ლეგიტიმაცია რომ ჰქონდეს, ვინ უნდა დანიშნოს?
- მთავარი პროკურორი აუცილებლად პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
- ბატონო კობა, საუბრის თემას შევცვლი და, მას მერე, რაც ხელისუფლება შეიცვალა, სამხედრო აღლუმი აღარ ჩატარებულა. ამას მართებულად თვლით?
- არც იმის მომხრე ვარ, რომ აღლუმი ყოველწლიურად ტარდებოდეს, თუმცა გარკვეული ინტერვალით, როცა სამხედრო სფეროში ხდება მიღწევები, ამის დემონსტრირება აუცილებელია.
- სააკაშვილი, რომელზეც საქართველოში შიდა ძებნაა გამოცხადებული, ოდესის გუბერნატორი გახდა, თუმცა ეს დასავლეთს არ გაუპროტესტებია. ამას რითი ხსნით?
- როგორც ჩანს, დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური ძალებისგან სააკაშვილის მხარდაჭერა ხდება, რაზეც სამწუხაროდ, პირდაპირი გავლენა ევრაზიული კავშირის მომხრე 31%-საც აქვს. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ ვიტყვი, რომ დასავლეთი ერთი ხელით გვეხმარება, მეორეთი კი, - ძებნილებს უკრაინაში თანამდებობებზე ნიშნავს, ზოგსაც ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ხსნის. ყველაფერი ეს საზოგადოებაში ანტიდასავლურ განწყობას ბადებს.
- ვიდრე სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდებოდა, ინტერნეტმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელები ჯანდაცვის მინისტრ ალექსანდრე კვიტაშვილის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და მის მოსახსნელად პროცედურები იწყება. ითქვა ისიც, რომ ეკა ზღულაძესთანაც არსებობს შეკითხვები..
- ცოტაც უნდა მოვითმინოთ და ყველა ქართველს, რომელიც უკრაინის მთავრობაშია, ჯოხით გამორეკენ! პროცესები სწორედ აქეთკენ მიდის. ამ ადამიანებს უკრაინა საქართველო ჰგონიათ და თავის ჭკუაზე არიან მიშვებულნი. ბევრი უკრაინელი თვლის, რომ უკრაინაში კომპეტენტური ხალხის დეფიციტი არაა და ვერ გაუგია, პოსტები მეზობელი ქვეყნის წარმომადგენლებმა რატომ დაიკავეს. 5 თვეში, უკრაინაში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან შეიცვლება და ქართული დესანტიც შეთხელდება.
- ისევ საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, ბატონო კობა, თქვენი აზრით, “ოცნებამ” სამართლიანობის აღდგენის დაპირება რატომ ვერ შეასრულა?
- დილეტანტიზმი აგრესიას შეერია, “ზონდერებიც” ჩარჩნენ და ყველაფერმა ამან უარყოფითი როლი ითამაშა, რისთვისაც ხელისუფლება პასუხს არჩევნებზე აგებს. ბევრი დამნაშავე არათუ დასჯილია, არამედ, ისევ სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობს. ვერავინ დამარწმუნებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ამდენ ინფორმაციას საჯარო არხებიდან იღებს. დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმაციას ის ადამიანები აწვდიან, რომლებიც სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
- ხელისუფლებას აქვს შანსი, რომ არჩევნებამდე შეცდომები ნაწილობრივ მაინც გამოასწოროს?
- არჩევნებამდე წელიწადნახევარზე ცოტა დროა დარჩენილი და ვფიქრობ, ხელისუფლებას ამ ინერციის შებრუნება გაუჭირდება. შესაძლოა, “ოცნება” არ დამარცხდეს, მაგრამ ხელისუფლებაში უმრავლესობით ვეღარ მოვა!