მართალია, ბოლო დღეების მთავარი პოლიტიკური მოვლენა მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობიდან, როგორც იტყვიან, გასვლა და ოდესის გუბერნატორად დანიშვნაა, მაგრამ უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართული სიტყვის” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში აქცენტს აღწერის წინასწარ მონაცემებზე აკეთებს და აცხადებს, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელმაც ამ მონაცემებზე დიასპორის კონგრესზე ისაუბრა, პრაქტიკულად, ბომბი ააფეთქა. “დიახ, წესიერი ქვეყანა რომ ვიყოთ, ამ განცხადების შემდეგ, წესით, სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაწყებულიყო”, - აცხადებს ქართველი სპეცსამსახურელი და განმარტავს, რომ საქმე დღევანდელი პრეზიდენტის, მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არალეგიტიმურობას ეხება. ამასთან, ფორჩხიძე, პროცესების ანალიზსა და კულუარულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ ქვეყნის მომავალ პრემიერად ნოდარ ჯავახიშვილს ამზადებენ.
კონსტანტინე ფორჩხიძე: - ...ღარიბაშვილი გამოვიდა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა, საქართველოში 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი ცოხვრობსო.
- ეს სტატისტიკური მონაცემებია...
- კი ბატონო, მაგრამ ოფიციალურად, ქვეყანაში 3 მილიონ 545 ათასი ამომრჩეველია და იცით, პრემიერის განცხადება რას ნიშნავს?
- რას?
- თუკი ეს სტატისტიკური მონაცემები მართალია, მაშინ გამოდის, რომ ყველა არჩევნები, რომელიც ბოლო წლებში ჩატარდა, არალეგიტიმურია, რადგან ყალბი სიითაა ჩატარებული.
- გაყალბებული საარჩევნო სია ყბადაღებული თემაა...
- გეთანხმებით, მაგრამ საარჩევნო სია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაზუსტდა და ითქვა, რომ ქვეყანაში 3 მილიონ 545 ათასი ამომრჩეველია. აღწერის წინასწარმა მონაცემებმა კი, ეს სია დარტყმის ქვეშ დააყენა.
- რატომ?
- თუკი ქვეყანაში 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ამომრჩეველი კი, 3 მილიონ 545 ათასია, რა გამოდის - 0-დან 18 წლამდე ასაკის სულ 150 ათასამდე ადამიანი გვყავს?
მოკლედ, ვთქვი და ვიმეორებ, ყველა, მათ შორის, 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და შარშანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც გაყალბებული სიითაა ჩატარებული! სხვათა შორის, ამაზე აქცენტი პირველად ხათუნა ლაგაზიძემ გააკეთა.
- ბატონო კოტე, თქვენი ანალიზით, რეალურად, რამდენი ამომრჩეველია?
- ეს მაჩვენებელი, ალბათ, 2 მილიონ 700-800 ათასს არ სცილდება. ყველაფერ აქედან გამომდინარე კი, საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი, მის მიერ დამტკიცებული მთავრობა და თვითმმართველობის ყველა ორგანო არალეგიტიმურია!
ასეთი რაღაც დასავლეთში რომ მომხდარიყო, ერთი ამბავი ატყდებოდა და გამოძიება დაიწყებოდა. დიახ, ყველაფერი, რაც ვთქვი, გამოძიების საქმეა. პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც გულზე ხელს იბრახუნებენ და რომელთაც მთელი თავიანთი პოლიტიკური პიარი საარჩევნო სიის დაზუსტებაზე ჰქონდათ აწყობილი...
- მაპატიეთ, გაწყვეტინებთ, მაგრამ საარჩევნო სიის დაზუსტებისთვის, როგორც მახსოვს, თანხა თავის დროზე ბიუჯეტიდან გამოიყო, არა?
- დიახ, ფულიც გამოიყო და სპეციალური სახელმწიფო კომისიაც შეიქმნა. სწორედ ამიტომ პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
- მორალური?
- არავითარი მორალური, ლაპარაკი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზეა!
- თქვენი აზრით, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ვინ უნდა მიეცეს?
- პირველ რიგში, მამუკა კაციტაძე, რომელიც ზემოხსენებულ კომისიას ხელმძღვანელობდა, ასევე, ყველა იმ სახელმწიფო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც ამ კომისიასთან თანამშრომლობდა, რადგან მინიმუმ, 700-800 ხმა არჩევნებზე ვიღაცებმა მიიწერეს.
- ვინ “ვიღაცებმა”?
- ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს... მოკლედ, პრემიერ-მინისტრმა თავისი განცხადებით ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ამიტომ, წესიერი ქვეყანა რომ ვიყოთ, ლაპარაკი იმაზე დაიწყებოდა, რომ ვადამდელი არჩევნები იმ დაზუსტებული სიით ჩატარდეს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უკვე აქვს. დიახ, აღწერის წინასწარი შედეგები იმის აღიარებაა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი!
- ბატონო კოტე, საარჩევნო სია გასაგებია, მაგრამ ახლა, ისეთი პოლიტიკური ფონია, რომ ამ თემას გაგრძელება, მგონი, არ ექნება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დატოვა და ოდესის გუბერნატორი გახდა. პარალელურად, უკრაინაში, როგორც ამბობენ, ქართული დესანტით უკმაყოფილონი არიან და სანდრო კვიტაშვილის საქმიანობის შემოწმებას გეგმავენ. პროცესები საითკენ წავა?
- პროცესები იქითკენ წავა, რაც ადრე გითხარით.
- ანუ?
- მიშა უკრაინიდან საკუთარ ცხენს გაასწრებს! საქართველოში კი, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კოალიციური მთავრობა მოვიდეს!
რაც შეეხება “ნაცმოძრაობას”, ეს პარტია, ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ნაწილებად დაიშლება. სხვათა შორის, როცა პირველად ვთქვი, რომ “ნაცმოძრაობა” დაიშლება-მეთქი, ვიღაცებს სასაცილოდაც არ ეყოთ, მაგრამ ყველაფერი უკვე ნათელია.
- ჩვენში დარჩეს და, პრემიერი ღარიბაშვილიც თქვენსავით წინასწარმეტყველებს...
- ღარიბაშვილი რა შუაშია? არ მაინტერესებს, რას ამბობს...
- თქვენი ვერსიით, კოალიციური მთავრობა ვისგან დაკომპლექტდება?
- “რესპუბლიკელებისგან”, “თავისუფალი დემოკრატებისა” და სახეშეცვლილი “ნაცმოძრაობისგან”. კოალიციურ მთავრობას სათავეში, ალბათ, დავით უსუფაშვილი ჩაუდგება, თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალ პრემიერად ნოდარ ჯავახიშვილის კანდიდატურაც განიხილება!
- ამ მოცემულობით, ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგში, ცხადია, აღარ დადგება...
- რა თქმა უნდა, აღარ დადგება, თუმცა ვითარება ძალიან გართულდა და თუკი მიხვდნენ, რომ ე.წ. პროდასავლური კოალიცია, რომელიც უნდა შეიქმნას, 2016 წელს ხელისუფლებაში უმრავლესობით ვერ მოვა, მაშინ საპარლამენტო გადატრიალებას უნდა ველოდოთ.
ისე, არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი “ნაციონალის” თუნდაც მერკანტილური მიზეზებით გადაბირება მოხდეს...
- რა ამის პასუხია და, ლევან ვასაძე ისევ გააქტიურდა - პარლამენტს “არანორმატიული სექსუალური ცხოვრების წესის” მიღებას მოუწოდებს...
- იცით, ეს გააქტიურება რითი აიხსნება?
- რითი?
- რუსულმა ფლანგმა იგრძნო და საამისოდ ყველა ბერკეტი არსებობს, რომ მომავალი არჩევნების შემდეგ, საქართველოს კოალიციური მთავრობა მხოლოდ პროდასავლურმა ძალებმა დააკომპლექტონ! ისე, თუკი პარლამენტში “რესპუბლიკელები” უფრო არ გაძლიერდნენ, მაშინ კოალიციურ მთავრობაში, არ გამოვრიცხავ, რებრენდირებული “ნაციონალები” უფრო სოლიდურად იყვნენ წარმოდგენილნი...
- მიხეილ სააკაშვილის უკრაინულმა აქტივობამ ზელიმხან ხანგოშვილის დაჭრა რაღაცნაირად გადაფარა...
- ასეა, არადა, ეს ინციდენტი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია.
- რატომ?
- ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის მონაწილე და პანკისის ჯამაათის ემირი, ანუ პრაქტიკულად, სულიერი ლიდერია.
- ხანგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციას რითი უკავშირდებოდა?
- იმ ჯგუფის წევრებთან, რომლებიც ჩახოცეს, მოლაპარაკებას აწარმოებდა. შესაბამისად, ხანგოშვილი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც ლაფანყურის სპეცოპერაციაზე სრულ ინფორმაციას ფლობს. ამიტომ, ორი აზრი არ არსებობს, რომ მისი დაჭრა, ირიბად მაინც, სწორედ ლაფანყურის სპეცოპერაციას არ უკავშირდებოდეს. მართალია, ოჯახი და ვიღაც-ვიღაცები ამ ვერსიას არ იზიარებენ, მაგრამ ლაფანყურის ოპერაციის გამოძიება შსს-ს მაშინდელი ხელმძღვანელობის - ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას, გია ლორთქიფანიძის, გია გაბუნიასა თუ სხვების ინტერესში არ შედის.
არადა, ამ საქმის გამოძიება ძალიან ადვილია: ბოლოს და ბოლოს, იმ ჯგუფიდან ორი წევრი გადარჩა, რომელიც ახლა ავსტრიაშია. ასევე, ცოცხალია მოწმე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა და რომელსაც ახლა ესროლეს. ასევე, ცოცხალია უმარ იდიგოვი, რომელზეც წინა ინტერვიუებში ვრცლად ვისაუბრე და რომელმაც, როგორც აღვნიშნე, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას ლაფანყურის ამბებზე სრული ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, არსებობს საზღვრის დაცვის მონაცემები, რომლითაც ავსტრიაში მყოფი “ტიპების” იდენტიფიცირება შეიძლება.
- როგორ?
- უნდა დადგინდეს, საზღვარი როდის, საიდან გადმოკვეთეს და საქართველოდან როგორ გავიდნენ.
- მაშასადამე, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რიგითი თავდასხმის მსხვერპლი კი არ გახდა, არამედ, ვიღაცებს მისი მოცილება უნდოდათ?
- დიახ, ამის გონვრული ეჭვი არსებობს.
- თუკი ხანგოშვილის მოსაცილებლად ქილერი დაიქირავეს, მიზანს მიაღწევდნენ კიდეც...
- ხანგოშვილი მეომარია და შეიძლება, შეამჩნია... მადლობა ღმერთს, გადარჩა!
ვანო, თუ გახსოვთ, წინა ინტერვიუებში ისმაილ საიდაევზეც ვილაპარაკეთ, რომლის თქმითაც, ზელიმხან ხანგოშვილს შსს-ს სპეცსამსახურებთან, კერძოდ, გია ლორთქიფანიძესთან, ანტიტერორისტული ცენტრის მაშინდელ ხელმძღვანელობასა და სხვებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.
- დაძაბულობა როდის ჰქონდა, ლაფანყურის მოვლენების დროს?
- არა, მანამდე, ანუ 2008 წლის შემდეგ, როცა დოკუ უმაროვის ე.წ. კავკასიის იმპერია - “კავკასიის ემირატი” ჩამოყალიბდა, რომელსაც თავიდან ბოლომდე სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ. ხანგოშვილს, ასევე, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ვინმე ალი ზონასთან, რომელიც სერგო ამირიძესა და სპეცსამსახურის სხვა მაღალჩინოსნებთან პირდაპირ კავშირზე იყო. ისმაილ საიდაევის თქმით, უთანხმოების მიზეზი სწორედ ეს კავშირი გახდა.
- თუკი ზელიმხან ხანგოშვილს სპეცსამსახურებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, აბა, ე.წ. ლაფანყურის მოლაპარაკებებში რატომ ჩართეს?
- იმიტომ ჩართეს, რომ ავტორიტეტი იყო...
- ბატონო კოტე, მოდით, ყველაფერს მეორე კუთხიდანაც შევხედოთ, ანუ თქვენი ვერსიით, ვიღაცებს ხანგოშვილის მოცილება იმიტომ უნდათ, რომ ბევრ ინფორმაციას ფლობს. შესაძლოა, ასეცაა, მაგრამ ლაფანყურის მოვლენებიდან ორ წელზე მეტი გავიდა და, წესით, აქამდე უნდა მოეცილებინათ...
- მაშინ დოკუ უმაროვი და სხვებიც უნდა მოეკლათ, თან არ ეგონათ, რომ “ლაფანყურის საქმე” ასე შემოტრიალდებოდა.
- როგორ “ასე”?
- ასეთ პრობლემებს, როგორც წესი, საქმის გამოუძიებლობა აჩენს ხოლმე. ისე, გამორიცხული არაა, ხანგოშვილზე თავდასხმა მხოლოდ ლაფანყურის კი არა, სირიაში დღეს მიმდინარე მოვლენებსაც უკავშირდებოდეს.
- ეს რაღა შუაშია?
- ხანგოშვილი შეცვლილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებით, ანუ თორნიკე ქავთარაშვილის პასპორტით ცხოვრობს. საერთოდ, ასეთი რაღაცები სპეცსამსახურების გარეშე არ ხდება, ანუ ვიღაცას თავის დროზე მისი შეფუთვა სჭირდებოდა, თორემ გვარი, მით უმეტეს, სახელი რატომ უნდა შეეცვალა?! სხვათა შორის, ხანგოშვილი წლებია, გაგარინზე ცხოვრობს და ესეც მნიშვნელოვანია...
- რატომ?
- იმიტომ, რომ გვარ-სახელშეცვლილი ადამიანის საცხოვრებელი ცნობილია და საინტერესოა, საიდენტიფიკაციო მონაცემების შეცვლას რაღა აზრი ჰქონდა?
- როგორც ვიცი, სწორედ გაგარინზე ესროლეს, არა?
- დიახ... მოკლედ, ლაფანყურის საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიონ და ამ გამოძიებას არც დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება და არც - ტვინის ჭყლეტა, მით უმეტეს, რომ მოწმეებიც ცოცხლები არიან!
- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, ვინაიდან ყბადაღებულ 9 წელზე ვლაპარაკობთ, იმ დროს მომხდარი ერთი გახმაურებული მკვლელობა გამახსენდა - უშიშროების გენერალი, თამაზ ნინუა, მეუღლესთან ერთად, საკუთარ სახლში მოკლეს. ამის შესახებ რამე იცით?
- ნინუა ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც საქართველოში “კა-გე-ბე”-ს ყოფილ აგენტურაზე სრულ ინფორმაციას ფლობდა. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობისას, ერთხანობას, ნინუა უშიშროების მინისტრიც გახლდათ. მეტიც, თავის დროზე ნინუამ, ერთ-ერთ გენერალთან ერთად, რომელიც მერე, “ნაცმოძრაობის” წევრი გახდა, საბჭოთა არქივი საქართველოდან სმოლენსკში გაიტანა. ამიტომ, გამორიცხული არაა, რომ სპეცსამსახურებმა მოკლეს.
- ნინუას მკვლელობა გამოძიებულია?
- თუ არ ვცდები, ვიღაც გოგია დააკავეს, თუმცა არ მგონია, რომ ამ მკვლელობის მიზეზი ე.წ. საყოფაცხოვრებო მოტივი გახდა. თამაზ ნინუა სერიოზული ფიგურა გახლდათ და მისი სიცოცხლე რუსული სპეცსამსახურების ინტერესში არ შედიოდა! ამასთან, ის საფრთხეს მათთვისაც წარმოადგენდა, ვინც “ნაცმოძრაობის” დროს ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ - გამორიცხულია, არქივები არ ენახა და არ სცოდნოდა, ქართულ პოლიტიკაში ვინ ვინაა. ეს კი, რუსეთის ინტერესში არ შედიოდა. აქვე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მკვლელობისთვის გასამართლებული, როგორც ვიცი, კაზაკების გენერალია.
- ამას ხაზს რატომ უსვამთ?
- “კაზაკების გენერლობას” ისე არ იძლევიან, თუ რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირი არ გაქვს, თუმცა ამ წოდებისთვის ვიღაცები 500 დოლარსაც იხდიდნენ.
- ვერ გავიგე...
- “ვარდების რევოლუციამდე” ვინმე კადენეცი ყოფილ სამხედროებს, ზემოხსენებული თანხის სანაცვლოდ, “კაზაკების გენერლის” წოდებას აძლევდა.
- და აქ რუსული სპეცსამსახურების კვალი სად ჩანს?
- კაზაკები სპეცსამსახურების შექმნილი ძალაა, რომელიც თავის დროზე ძალიან აქტიურობდა და თბილისში ყრილობასაც ატარებდა ხოლმე. სხვათა შორის, პოლიტიკურ სპექტრში ბევრია ისეთი, ვინც ამ წოდებას ატარებს. “კაზაკების გენერლები” ნინო ბურჯანაძესთანაც არიან, თუმცა მათ ვინაობას არ დავასახელებ!
მოკლედ, გენერალი ნინუა საფრთხეს, პირველ რიგში, რუსული სპეცსამსახურებისთვის წარმოადგენდა! ამიტომ ვამბობ, რომ ლუსტრაციის კანონი აუცილებლადაა მისაღები, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი რამდენჯერაც დაიწყო, იმდენჯერ ჩაკვდა.
სხვათა შორის, ზვიად გამსახურდია ლუსტრაციის მომხრე იყო და მგონია, რომ მისი სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს გახდა... “ნაციონალებმა” ამ თემაზე გაურკვეველი შინაარსის დოკუმენტი მიიღეს...
- “თავისუფლების აქტს” გულისხმობთ?
- დიახ, რომელიც არ სრულდებოდა...
- ისე, ამ აქტით, საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება აკრძალულია, თუმცა 9 მაისს, გორში, საბჭოთა დროშები და სხვა ატრიბუტები გამოიყენეს, მაგრამ ამის გამო არავინ დასჯილა. მეტიც, ხელისუფლებას ყველაფერი ეს ყასიდადაც არ გაუპროტესტებია... სხვათა შორის, კარგი ამბავი უნდა გითხრათ, ბატონო კოტე.
- რა ამბავი?
- გედი ფოფხაძე “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდა...
- გედი ვინაა?
- ფოფხაძე, არ გაგიგიათ?
- ვინ ფოფხაძე, გედევანი?
- დიახ...
- “ქართულ ოცნებას” გედევან ფოფხაძე არსად დაეკარგოს!
მოკლედ, ლუსტრაციაზე ლაპარაკი “ოცნებამაც” დაიწყო და, მგონი, რაღაც კომისიაც შექმნა, თუმცა ყველაფერი ისევ გაჩერდა.
ჩვენი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ამინდს არალუსტრირებული ადამიანები ქმნიან! არალუსტრირებულები ძალოვან უწყებებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის, ადგილობრივ თვითმმართველობებშიც არიან! ამიტომ, ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა ლუსტრაციის კანონის მიღება უნდა იყოს!
- ბატონო კოტე, წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა, ხანგოშვილი რომ მოეკლათ, ეს ქართულ პოლიტიკაში რა რყევებს გამოიწვევდა?
- ზელიმხან ხანგოშვილი, როგორც გითხარით, პანკისის ემირია და ემირის მოკვლას სერიოზული რყევები მოჰყვებოდა! ისე, ამ თავდასხმის მიზანი შეიძლება, სწორედ ის იყო, რომ პანკისში სიტუაცია არეულიყო. ისიც საინტერესოა, პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლაზე ხანგოშვილს რა პოზიცია ეკავა...
P- “ოცნებისტებს” უხარიათ, “ნაცები” დაიქსაქსნენო, მაგრამ ეგებ, ყველაფერი ეს კარგად შეფუთული ავანტიურაა?
- დიახ, ყველაფერი კარგად შეფუთული ავანტიურაა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერ ამის უკან ვანო მერაბიშვილი დგას. უფრო მგონია, რომ ეს ქვეყნის გარედანაა ინსპირირებული. ასე რომ არ იყოს, “ნაცმოძრაობის” მონოლითურობა არ დაინგრეოდა...