ბანკირების და ქადაგიძის პროტესტი უშედეგოა

ბანკირების და ქადაგიძის პროტესტი უშედეგოა

ბანკებმა და ქადაგიძის უწყებამ რამდენიც არ უნდა აპროტესტონ, გადაწყვეტილება არ შეიცვლება. საბანკო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს ჩამოერთმევა. მთავრობა და პარლამენტი უკან დახევას არავითარ შემთხვევაში არ აპირებენ.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებების ავტორები ამბობენ, რომ ინიციატივის მთავარ პრინციპად ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფა რჩება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის პოზიციას იზიარებენ მთავრობის წევრებიც.

„რაც შეეხება პრინციპს, ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის შესახებ, ეს არ ჩასწორდება. რაც შეეხება ბიზნესის ინტერესების დაცვას, თუ რაიმე წინადადება ექნებათ თავიანთი ინტერესების დასაცავად, ყველაფერზე გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

„ეს განხილვა ჯერ არ დამთავრებულა. გაგრძელდება და იმედია, მივლენ კონსესუსამდე. ჩემი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, ეს იქნება ძალიან სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

„ჩემი პოზიცია არის შემდეგი - უმნიშვნელოვანესი სექტორი ქართული ეკონომიკის ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული. ჩემთვის ის მოდელია მისაღები, რომელშიც კომერციული საბანკო სექტორი თავს კომფორტულად იგრძნობს“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა გიორგი გახარიამ.

ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი ზედამხედველობის სააგენტოს სებ-ისგან გამოყოფას უჭერს მხარს. როგორც მან განაცხადა, საბანკო ზედამხედველობა ცალკე სააგენტოა ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, შვიცარია და სხვა. ივანიშვილის აზრით, ისინი, ვინც ბიზნესის შეზღუდვაზე აკეთებენ განცხადებას, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ, რა ცვლილებები იგეგმება კანონმდებლობაში.

„პირიქით, უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ისინი ვეღარ გახდებიან პოლიტიკური თამაშის მსხვერპლნი (თუკი ასეთი არსებობს) ეროვნული ბანკის მხრიდან“, - განაცხადა ივანიშვილმა.

საბანკო სექტორის წარმომადგენლები ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკისგან საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის საკითხს ცალსახად უარყოფითად აფასებდნენ. მსხვილმა ბიზნესგაერთიანებებმა, რომლებშიც ბანკებიც შედიან, სპეციალური განცხადებებიც გაავრცელეს, თუმცა ამ შეხვედრის შემდეგ, მათი პოზიცია ისეთი რადიკალური აღარ იყო.

„მთავარია ეს ყველაფერი იყოს ტრანსფარანტული. პროცედურები იყოს გაწერილი და კარგად იყოს დასაბუთებული რატომ კეთდება, როდის კეთდება, რა არის არგუმენტები, გრძელვადიანად რა შედეგის მომტანი იქნება, რა არის ამის პლუსები და მინუსები და შეჯერებული აზრის შემდეგ მოხდეს გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

სამაგიროდ, კვლავინდებურად ძველ ჰანგზეა მომართული უკვე საკმაოდ იმიჯშერყეული საერთაშორისო სავალუტო ფონდი. „საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არაერთხელ აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობა. საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მის სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას და საფრთხეს შეუქმნის ინვესტორთა ნდობას“, - აცხადებენ სსფ-ში.

სავალუტო ფონდია მისიის ხელმძღვანელი აზიმ სადიკოვის განცხადების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაადასტურა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისადმი ერთგულება. ყოველივე ამან განაპირობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკური დახმარების პროგრამებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას. ჩვენი რეკომენდაციაა, ახლავე გაიმართოს სწორი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დაკმოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას“, - ნათქვამია სადიკოვის განცხადებაში.

მიუხედავად ბანკების, სებ-ის და სავალუტო ფონდის მცდელობისა კანონპროექტის განხილვას პარლამენტი უსწრაფესად დაიწყებს და თვის ბოლომდე დაამტკიცებს კიდეც.