ექსპორტის მხრივ ვითარება საგრძნობლად გამოსწორდა. მთავრობას იმედი გაუჩნდა, რომ წლის დარჩენილ პერიოდში მდგომარეობა უკეთესობისკენ წავა. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მაისი იყო პირველი თვე, როდესაც საქართველოში, პრაქტიკულად, არ დაფიქსირებულა ექსპორტის შემცირება. მისი ინფორმაციით, გარდა იმისა, რომ გაზრდილია ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა, უკვე შარშანდელ დონეზე გავიდა ექსპორტის მაჩვენებელი.
„ჩვენ მაისის შედეგები გვექნება დღგ-ს ნაწილში 15 ივნისის საღამოს ან 16 ივნისს დილით და წარვადგენთ ამ ინფორმაციას, თუმცა უკვე იმედის მომცემია ის, რომ ექსპორტში შემცირება არ გვაქვს“, - განაცხადა ხადურმა და აღნიშნა, რომ იანვრის თვეში ექსპორტთან დაკავშირებით 20%-იანი შემცირებაც კი ჰქონდათ.
შესაბამისად, პრობლემები, რომელიც ექსპორტის კუთხით ბოლო თვეების განმავლობაში გაჩნდა, თანდათან დაძლეულია, თუმცა მუდმივად მიდის აპელირება ექსპორტის შემცირების ტენდენციაზე. ამიტომაც ეკონომიკის მინისტრი სტატისტიკური ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ საუბრობს. მისი აზრით, ციფრების დასახელების დროს სიზუსტეა საჭირო.
„როდესაც ქვეყნდებოდა ყოველთვიური სტატისტიკა ექსპორტის შესახებ, მაგალითად, ექსპორტი შემცირებულია 30%–ით, ხოლო მომდევნო თვეში 20%–ით, ეს ნიშნავს დადებით ტენდენციას თვეებს შორის და არ ნიშნავს, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.
ეს არის არასწორად ინტერპრეტირებული. ასეთი ციფრების წარმოდგენა ნიშნავს, რომ ექსპორტი მინიმუმ იმავე დონეზე დარჩა წინა თვესთან შედარებით ან უფრო მოიმატა. თუ წინა თვეში 30%–ით იყო შემცირებული და ახლა 20%–ით შემცირდა, ესე იგი დადებითი ტენდენცაა თვეებთან მიმართებაში. წინა წლის იმავე თვესთან მიმართებაში გასაგებია, თუმცა ჩვენ რეალურად მართლაც დადებითი ტენდენცია გვაქვს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
სხვათა შორის, ძირითადი საექსპორტო საქონელი მართლაც უფრო მეტი გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. თხილს რომ თავი დავანებოთ, მაისში მკვეთრად მოიმატა ღვინის ექსპორტმაც. 2015 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 31 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 455 407 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 30 151 039 აშშ დოლარს შეადგენს. პირველ 4 თვეში კი მხოლოდ 5 მლნ ბოთლი იყო ექსპორტირებული.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 თვის მონაცემებით, ექსპორტის მატებაა ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი – 43%, იაპონია – 20%, ლატვია – 5%, ესტონეთი – 16%, გერმანია – 5%, აშშ – 28%, კანადა – 149%, და სხვა.
გარდა ამისა, საექსპორტო ბაზარზე ორიენტირებული კომპანიების დასახმარებლად საპარტნიორო ფონდი საექსპორტო სააგენტოს ქმნის. სააგენტო ზაფხულისთვის ამოქმედდება და ექსპორტიორების საქმიანობას შეუწყობს ხელს.
„ვფიქრობთ, გავითვალისწინოთ ის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც მსოფლიოში არსებობს და პირველ რიგში, დავაფუძნოთ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო. ეს იქნება გარკვეულწილად ინსტიტუტი, რომელიც სტრუქტურულად შვილობილის სახით იქნება საპარტნიორო ფონდის ქვეშ და რამდენადაც შესაძლებელია ხელს შეუწყობს ქართველ ექსპორტიორებს, რომ მათ თავიანთი პროდუქცია გაიტანონ საზღვარგარეთ. 3 თვის თავზე ეს სააგენტო საქართველოში ამოქმედდება“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კონზანაძემ.