მთავრობამ ბევრი ფიქრის შემდეგ მშპ-ს 5%-იანი ზრდის პროგნოზი ერთბაშად 2%-მდე დაიყვანა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები კარგა ხანია ურჩევდნენ საქართველოს მთავრობას ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ეკონომიკური გუნდი ბოლო მომენტამდე ფეხს ითრევდა. წლის პირველმა 5 თვემ დაადასტურა, რომ წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 2%-ით ფარგლებში იქნება, შესაბამისად, ბიუჯეტის შეკვეცაც გარდაუვალი იქნება.
დაზუსტებული ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები 2%-იან ზრდაზეა იქნება გათვლილი. პროგნოზი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი და მათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, პროგნოზები ეხება როგორც მიმდინარე, ისე მომავალ წელს.
მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის უსწრაფესად წარდგენა დაავალა. პრემიერი ბიუჯეტის ახალ ვერსიას 10 ივნისამდე ელოდება.
„სასწრაფოდ, 10 ივნისამდე წარმომიდგინეთ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი. ჩვენ ახალ რეალობას უნდა მოვერგოთ. ისე არ გამოვა, რომ სამინისტროები ითხოვენ ფულს. რაც აქვთ ის დახარჯონ. მთელ რეგიონში ხდება ეკონომიკური ზრდის ტემპის გადახედვა, ჩვენ კი იგივე სიტუაციაში ვართ. 5%-იანი ზრდა წელს არ იქნება. თქვენ იცით რეალობა, რომ მთელ მსოფლიოში და რეგიონში არის ეკონომიკური რეცესია. ასე რომ, რაც მალე მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას, მით უკეთესი იქნება“, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს.
ფინანსთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ კორექტირების პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან ზოგიერთი უწყებისგან საუბარია თანხების გაზრდაზე.
„ბიუჯეტის კორექტირება ძალიან რთული პროცესია, რადგან კოლეგებისგან, პირიქით, თანხების გაზრდაზეა მოთხოვნა, თუმცა არსებული ტენდენციების შესაბამისად, ჩვენ ამ საკითხს გავივლით სამინისტროებთან და იმის მიხედვით მოვახდენთ კორექტირებას. ასე რომ, ბიუჯეტს, მომავალ კვირაში წარმოგიდგენთ“, - მიმართა ნოდარ ხადურმა ღარიბაშვილს.
ფინანსთა მინისტრის მტკიცებით, ბიუჯეტის კორექტირება სოციალურ ხარჯს არ შეეხება, ხოლო მისმა უწყებამ „ქამრები დიდი ხანია შემოიჭირა“.
„ჩვენ უკვე გადავხედეთ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. ერთი კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ, დავალება მივიღეთ და მომავალ კვირას ახალ ბიუჯეტს წარმოვადგენთ“, - განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირებულია, პროცესი მაინც საიმედოა.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ხარჯების შემცირების საკითხზე მუშაობა ყველა უწყებასთან მიმდინარეობს.
„ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება - ჩვენ რეალურ ზრდას 2%-ის ფარგლებში ვვარაუდობთ, ინფლაციის ეფექტის გაუთვალისწინებლად. რაც შეეხება თვითონ ბიუჯეტის კორექტირებას, ყველა უწყებასთან მიმდინარეობს მუშაობა ხარჯების შეკვეცის თვალსაზრისით და 10 ივნისისთვის ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს შეცვლილ პარამეტრებს. მთავრობა რეალურად ბოლო თვეებშიც ნაკლებს ხარჯავდა და ფინანსთა სამინისტრო ამის კონტროლს ახორციელებდა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ასევე დაადასტურა, რომ ხარჯების კორექტირებაზე მისი უწყებაც მუშაობს, თუმცა იგი ირწმუნება, რომ თავდაცვის სამინისტროს პროგრამულ ნაწილს არც ერთი თეთრი არ მოაკლდება.
„ყველა სამინისტროს აქვს დავალებული, რომ 10 ივნისამდე წარმოვადგინოთ ვარიანტები. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ თავდაცვის სამინისტროს პროგრამულ ნაწილს არც ერთი თეთრი არ მოაკლდება. სამაგიეროდ, თუკი რბილი ავეჯის შეძენაა დაგეგმილი, მას აღარ შევიძენთ და ა.შ“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თავისი უწყების მაგალითზე ამბობს, რომ ბიუჯეტის კორექტირება შეიძლება შეეხოს დანამატებს და პრემიებს, ხოლო დევნილებისთვის გადასაცემ სახლებს არც ერთი თეთრი არ მოაკლდება.
სუბარის განმარტებით, იგეგმებოდა ახალი ოფისების შეძენა-გარემონტება, თუმცა სავარაუდოდ, ამაზე უწყებას თავის შეკავება მოუწევს.