ანაკლიის პორტს პატრონი სექტემბერში გამოუჩნდება

ანაკლიის პორტს პატრონი სექტემბერში გამოუჩნდება

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სექტემბრის ბოლომდე გამოვლინდება. ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, გამოცხადებულია ინტერესთა გამოხატვა, რომლის ე.წ. „მოკლე სიაშიც“ გადასულია ორი კონსორციუმი. 2015 წლის სექტემბრამდე მათგან გამარჯვებული გამოცხადდება, პროექტის განხორციელება კი 2016 წლის ზაფხულში დაიწყება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოსთვის. ის მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც მთელი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე სატრანზიტო პოტენციალს. ის დაასაქმებს ბევრ ადამიანს არა მხოლოდ სამეგრელოში, არამედ სხვა რეგიონებშიც. ეს არის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კუთხით“, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.

კვირიკაშვილის ინფორმაციით, დღესდღეობით ანაკლიის პორტის პროექტის მასშტაბი მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. იქ გათვალისწინებულია ჩინეთის დაინტერესება საქართველოს სატრანზიტო პოტენციალით. პორტის განვითარების პირველი ეტაპი არის საქართველოს გამტარუნარიანობის გაორმაგება, ხოლო სამი ეტაპის განხორციელების შემდეგ, გათვალისწინებულია 20 მილიონი ტონის გამტარუნარიანობის შექმნა. საამისოდ ჩატარდება მიზანშეწონილობის კვლევები, რომელთაც საერთაშორისო კომპანიები განახორციელებენ და დადებითი შედეგის შემთხვევაში, ინვესტორი კომპანია ვალდებული იქნება, შემდგომი გაფართოება განახორციელოს.

დაახლოებით 1 თვის წინ ანაკლიის პორტის ტენდერში 7 კონსორციუმიდან 2 დარჩა. ამჯერად პორტის ტენდერი დამასრულებელ ეტაპზეა. მოლაპარაკებები 7 სექტემბერს დასრულდება, გამარჯვებული კონსორციუმი კი 21 სექტემბერს გამოვლინდება.

„ახლა ჩვენ გვყავს ორი კონსორციუმი, რომლებთანაც შევდივართ პირდაპირ მოლაპარაკებებში. ვმუშაობთ კონტრაქტის საბოლოო ვარიანტზე. რაც შეეხება ინვესტირების პროცესს აქ არის სამი საბოლოო ფაზა. 7 მონაწილე დავიდა ორამდე და ამას აქვს რამოდენიმე მიზეზი. ადგილი ჰქონდა რამდენიმე მონაწილის გაერთიანებას ერთ კონსორციუმში. ისინი უკვე ახალი კონსორციუმის სახით დარჩნენ შემდგომ ეტაპზე. ზოგიერთ შემთხვევაში იყო მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირებაზე, რასაც ჩვენ არ დავეთანხმეთ, გამომდინარე იქედან, რომ ეს არ იყო გათვალისწინებული ინტერესთა გამოხატვის საწყის ეტაპზე. ასევე ჩვენ გვყავს კერძო კომპანიები უკვე წარმოდგენილი საქართველოს საპორტო ბიზნესში და არ გვქონდა სურვილი სახელმწიფო ფულით გაგვეწია კონკურენცია კერძო კომპანიებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ანაკლიის ახალი ნავსადგურის არსებული კონცეფციით აშენება ქვეყნის ევრაზიულ ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნის აუცილებელი წინაპირობაა. ლაზიკის პორტი, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა წინა წლებში, გათვლილი იყო შედარებით ნაკლები მოცულობის ტვირთებზე და პორტს არ ჰქონდა შემდგომი განვითარების პერსპექტივა.

„ჩვენ განვახორციელეთ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისა და ახალი გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე წარმოქმნილი შესაძლებლობების კომპლექსური ანალიზი. ჩატარდა დეტალური კვლევა ახალი ნავსადგურის მშენებლობისათვის ყველაზე ოპტიმალური ადგილმდებარეობის შესარჩევად. მივიღეთ გადაწყვეტილება ბევრად მაღალი გამტარუნარიანობის პორტის მშენებლობის შესახებ.

ჩვენი მიზანია არა მარტო რეგიონის ქვეყნების ბაზარი, არამედ ჩინეთიდან ტვირთნაკადების მოზიდვა, მით უმეტეს, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ამის კარგ შესაძლებლობას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური ბიზნესისა და ინდუსტრიული კლასტერის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.