გადასახედი გადასახადები

გადასახედი გადასახადები

გადასახადებთან დაკავშირებით ბოლო დროს უამრავი ვარიანტი იხილება და კიდევ უფრო მეტი აზრი იფრქვევა. ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღება მალე მოუწევს. პირველ რიგში, აქცენტი მოგების გადასახადის გაუქმებასა და პროგრესული გადასახადის შემოღებაზე კეთდება.

„მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე პროგრესული გადასახადის წინააღმდეგია. იგი ამბობს, რომ ამ გადასახადის ლოგიკას ვერ ხედავს და ეს საქართველოს ბიზნესგარემოზე უარყოფითად აისახება.

„მეტი ვისაც აქვს, იმან რა დააშავა? იმან გამოიმუშავა, შექმნა ბიზნესი და მეტი შემოსავალი მიიღო, იმან მეტი რატომ უნდა გადაიხადოს? საუბარი მიდის, რომ 2017 წლიდან მოგების გადასახადი უნდა გაუქმდეს და პროგრესული გადასახადი არის უკან გადადმული ნაბიჯი. ეს არის სოციალიზმის კლასიკური გამოვლინება და არ გვინდა სოციალიზმი, ვნახეთ რაც არის“, - აცხადებს ჭელიძე.

მისი აზრით, მსგავსი სისტემის შემოღება საქართველოში არ გაამართლებს, რადგანაც საქართველო ეძებს ისეთ ნიშას, რომელიც დაბალი გადასახადებით უფრო მეტ ინვესტორს მიიზიდავს.

„ჩინეთი რატომ განვითარდა? იმიტომ, რომ ამ გადასახადებს გაურბოდა ამერიკელი, ევროპული ბიზნესი, შესაბამისად წავიდნენ იქ, სადაც ეს პრობლემა არ იყო. იგივე გვინდა, რომ საქართველოშიც გაკეთდეს. აქ ყველაფერი მარტივი უნდა იყოს - რეესტრი მარტივია, ბანკში ანგარიშების გახსნა მარტივია, საბაჟო იდეალურად მუშაობს“, - აღნიშნავს ჭელიძე და დასძენს, რომ ასეთი გადასახადის შემოღების შემთხვევაში კორუფციის საფრთხე გაჩნდება და ხალხი გადასახადის დამალვას დაიწყებს.

მეორე მხრივ კი ბიზნესი მოგების გადასახადის რაც შეიძლება სწრაფად გაუქმებას ითხოვს. სხვათა შორის, ამის წინააღმდეგი არც მთავრობაა, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მაინც ვერ მისულა. „გადასახადის გადამხდელთა კავშირს“ იმედი აქვს, რომ ხელისუფლება ყველაფერს ადეკვატურ დროში მოახერხებს.

მათი აზრით, მოგების გადასახადის ერთბაშად განულება, სავარაუდოდ, მართლაც გამოიწვევს დროის გარკვეულ მონაკვეთში რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისს. ამიტომ „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ გამოდის ინიციატივით მოგების გადასახადი ეტაპობრივად შემცირდეს მის საბოლოო გაუქმებამდე.

„მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ცვლილებების შედეგად, გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა, კერძო სექტორს მიეცემა გაფართოებისა და კაპიტალიზაციის გაზრდის საშუალება, რაც თავის მხრივ, საგრძნობლად გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს სხვა გადასახადებიდან.

ჩვენი ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს არა ესტონურ მოდელს, რომელიც მოგების გადასახადის აბსოლუტურ გაუქმებას გულისხმობს, არამედ მხოლოდ რეინვესტირებული მოგების დაბეგვრისგან გათავისუფლებას. ეს კი თავის მხრივ, გაართულებს და გააძვირებს საგადასახადო ადმინისტრირებას, ვინაიდან სადავო საკითხებს დაემატება კიდევ ერთი, რეინვესტირების განსაზღვრის წესები. შედეგად, ეს ცვლილება შესაძლოა კონტრპროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს და გაზარდოს კორუფციის რისკი.

ამიტომ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, აქცენტი მხოლოდ ესტონურ მოდელზე გაკეთდეს, რომელიც ყველაზე მარტივ და ეფექტიან გზას გვთავაზობს. გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ მხარს უჭერს

გადასახადების შემცირების ყველანაირ ფორმას, თუმცა რეფორმის პროცესში აუცილებელია ყველა ვარიანტის განხილვა და მათ შორის ოპტიმალური ვარიანტის არჩევა. საბოლოო ჯამში, საქართველომ უნდა გააგრძელოს დაბალი გადასახადებისა და დაბალი ბიუროკრატიის პოლიტიკა, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად“, - ნათქვამია „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.