შაქარი გაძვირდა - გაძვირდება თუ არა სხვა პროდუქტი

შაქარი გაძვირდა - გაძვირდება თუ არა სხვა პროდუქტი

ლარის დევალვაცია 2016 წელსაც გაგრძელდება?!    საქართველოს სავაჭრო ქსელებსა და სუპერმარკეტებში 1 კგ შაქრის ფასი, საშუალოდ, 1.60-1.70 ლარის ფარგლებში მერყეობს. 2014 წლის შემოდგომაზე, ვიდრე ეროვნული ვალუტა ლარი დევალვაციას დაიწყებდა, 1 კგ შაქარი 1.35-1.40 ლარი ღირდა. არადა, საერთაშორისო ბაზარზე შაქარი იაფდება, საქართველოში კი ეს ტენდენცია არ ასახულა. პარალელურად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) აქვეყნებს კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ქვეყნების მიმოხილვას, რომელიც 2015- 2016 წლების ეკონომიკურ ტენდენციებს ასახავს. სსფ- ანგარიშით, რომელიც სპეციალისტებისთვის სერიოზული სიგნალია, 2016 წელს, საქართველოში მინიმუმ, 5%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. მეტიც, 2016 წელი ნამდვილად არ იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე 2015 წელი იყო - მომავალ წელს, ლარის დევალვაცია გაგრძელდება, რასაც ცალკეული პროდუქტების გაძვირება მოჰყვება.    
ადგილობრივიბაზრისტენდენციები
საქართველოში შაქარი უკრაინიდან, ბულგარეთიდან და ბრაზილიიდან შემოდის. ამ პროდუქტის იმპორტი და ადგილობრივი მოხმარება 100 მილიონი ტონაა. ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ბაზარი შაქრის საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს მონოპოლიური მდგომარეობის გამო ვერ პასუხობს. შაქრის ფასს საქართველოში ბაზრის შიდა მდგომარეობა განსაზღვრავს - შაქარი ღირს იმდენი, რაც იმპორტიორისთვისაა მომგებიანი. შაქარი ის ერთ-ერთი საკვები პროდუქტია, რომლის ფასი რეალიზაციაზე უარყოფითად ვერ აისახება, რადგან ექსპერტების განცხადებით, შაქარი კარგად გაყიდვადი პროდუქტი იყო მაშინაც, როცა 1 კგ-ს ფასი 2.00 ლარს აჭარბებდა. საქართველოში შაქრის ძირითადი მწარმოებელი კომპანია „აგარის“ ქარხანაა, რომელსაც უკრაინულ შაქართან კონკურენცია უჭირს. არც ისე დიდი ხნის წინ, სავაჭრო ქსელებში, 1 კგ იმპორტირებული შაქარი 1.15-1.20 ლარად იყიდებოდა, არადა, ქართული პროდუქტის ფასი, ლარის დევალვაციის გამო, 1.50-1.60 ლარია. ამჟამად, საქართველოს სავაჭრო ქსელსა და სუპერმარკეტებში, 1 კგ „აგარის“ შაქარი 1.60 ლარი, ხოლო უკრაინული - 1.30-1.40 ლარია. ექსპერტები უკრაინული შაქრის სიიაფეს ამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით ხსნიან. მართალია, რუსეთ- უკრაინის ომმა ამ ორი ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, რასაც უკრაინული გრივნასა და რუსული რუბლის გაუფასურებაც მოჰყვა, მაგრამ სამაგიეროდ, რუსული და უკრაინული ექსპორტი გაიაფდა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, რუსეთიდან და უკრაინიდან იმპორტირებული პროდუქტები არ გაძვირებულა. ეს ტენდენცია საქართველოს ბაზარზეც აისახა, მართალია, 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე, ლარი თითქმის 31%-ით გაუფასურდა, მაგრამ სწორედ რუსეთიდან და უკრაინიდან, იგივე ფასად იმპორტირებული პროდუქტების ხარჯზე, ადგილობრივ ბაზარზე, საკვები პროდუქტები დიდად არ გაძვირებულა. ძირითადად, 20-30 თეთრით გაძვირდა, რაც ლარის 31%-იანი დევალვაციის ფონზე, არც ისე საგანგაშოა. სააგენტო ,,ფაქტჩეკის' ინფორმაციით, საქართველო საქონლისა და მომსახურების იმპორტს უცხოურ ვალუტაში, ძირითადად, აშშ დოლარში ახორციელებს. იმპორტირებული პროდუქციის წილი, საქართველოს მოსახლეობის მთლიან მოხმარებაში, 66%-ია. თუ ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება, იმპორტიორების შემოსავალი მცირდება, რადგან ისინი საზღვარგარეთ პროდუქციას ძირითადად დოლარში ყიდულობენ, საქართველოში კი ლარში ყიდიან. მაგალითად, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.70 იყო და იმპორტიორი ერთ კილოგრამ შაქარს საზღვარგარეთ 1 აშშ დოლარად ყიდულობდა, შეეძლო საქართველოში პირობითად, 1.80 ლარად გაეყიდა. როდესაც ლარის კურსი 2.00 ლარს გადასცდა, იმპორტიორს აღარ შეუძლია 1 აშშ დოლარად შესყიდული შაქარი 1.80 ლარად გაყიდოს, ის იძულებულია პროდუქტი გააძვიროს. თუმცა, ვალუტის კურსის გაუფასურებას ყოველთვის და ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზრდა არ მოჰყვება. ფასების ცვლილება დამოკიდებულია ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის ზრდასა და იმპორტირებული პროდუქტის საზღვარგარეთ შესასყიდი ფასის ცვლილებაზე.    

სსფ-ს არასახარბიელო პროგნოზი
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ,,ვერსიასთან' საუბრისას აცხადებს, რომ ლარის კურსის დევალვაციის პირობებში, 1 კგ შაქრის 20 თეთრით გაძვირება საგანგაშო ვითარება არ არის. ემზარ ჯგერენაიამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ის ანგარიშიც განიხილა, რომელიც კავკასიისა და შუა აზიის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავს. სსფ-ს მიმოხილვის მიხედვით, 2016 წელს, ლარის დევალვაციის ტენდენცია გაგრძელდება და შაქართან ერთად სხვა პროდუქტიც გაძვირდება.  

- ბატონო ემზარ, იმ პირობებში, როდესაც უკრაინიდან იმპორტირებული შაქარი არ გაძვირებულა, 1 კგ ,,აგარის' შაქარი ადგილობრივ ბაზარზე 1.60 ლარი რატომ ღირს 
- ლარის დევალვაციის ყველაზე ხელისშემწყობი ფაქტორი ის იყო, რომ მთელ მსოფლიოში აშშ დოლარი გამყარდა. ეს ნიშნავს, რომ სამომხმარებლო კალათის ძირითადი საქონელი, რომელიც დოლარზე კოტირდება, გაიაფდა. მათ შორის, ხორბალი, შაქარი, ნავთობპროდუქტები და სხვა. სწორედ ამიტომ გადავრჩით, რადგან ინფლაციის სწრაფი ზეწოლა არ მიგვიღია. 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე, ლარის დევალვაციის პირობებში, 1 კგ. შაქრის 20 თეთრით გაძვირება, რომელიც 100%-ით იმპორტირებული პროდუქტია, აბსოლუტურად ნორმალურია. რაც შეეხება შაქრის ფასს საერთაშორისო ბაზარზე, ,,ბლუმბერგის' მონაცემებით, ამ მხრივ, სერიოზული ცვლილებები არ ფიქსირდება. მეტიც, გადაჭარბებულია ცალკეული ექსპერტების მოსაზრება, რომ შესაძლოა, მსოფლიოში შაქრის მარაგი ამოიწუროს, რადგან იგივე ,,ბლუმბერგის' ინფორმაციით, ამ პროდუქტის რეზერვებთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად შეინიშნება. რაც შეეხება მარაგებს ჩვენს ძირითად მომწოდებელ ქვეყნებში - უკრაინასა და რუსეთში, ჭარხლის მოსავალი ნორმალურია, ემბარგო არ გველოდება და ამ მხრივ, განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს ვერ ვხედავ. 
 
- სსფ- ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს, სახარბიელო ვითარება არ გველის, რადგან ლარის კურსის დევალვაცია და ფასების ზრდა გარდაუვალია 
- სსსფ-მ დეტალურად მიმოიხილა, რა გაკეთდა ამ ქვეყნებში 2015 წელს, რა ფაქტორები იქნება მნიშვნელოვანი 2016 წელს და რა შედეგებს მივიღებთ. ეკონომიკური ზრდის მიხედვით, 2015- 2016 წლებში, მოსალოდნელია ვარდნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2% იქნება. მართალია, ეს 2%-იანი ზრდა რეგიონში ყველაზე უკეთესი მაჩვენებელია, მაგრამ რეალურად, დიდი ზრდა არ არის. მიმდინარე წელს, ანგარიშთა ბალანსის უარყოფითი სალდო მინუს 11% იქნება, მომავალ წელს - მინუს 12%. ეს ნიშნავს, რომ დევალვაციის კუთხით, ლარზე ზეწოლა გაგრძელდება. ბიუჯეტის დეფიციტი 4%-მდეა ნავარაუდევი, მაგრამ მომავალ წელს, ოდნავ მეტი იქნება. ჩვენს ძირითად პარტნიორ ქვეყნებში - თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტი შემცირდება. იმის გამო, რომ რუსეთში რთული ვითარებაა, ტრანსფერებიც მოიკლებს. მართალია, რუსული რუბლი გამყარდა, მაგრამ ეკონომიკურად, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2016 წლის ბიუჯეტი, თითქმის იგივე პარამეტრებში დაიგეგმება, როგორც 2015 წელს დაიგეგმა.  

- სპეციალისტების მოსაზრებით, განვითარებად ქვეყანა - საქართველოში, მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს, ანუ ეკონომიკის 5%-იანი ზრდაც კი არ არის საკმარისი. არადა, სსფ- მიმოხილვით, მომავალ წელს ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით უნდა გაიზარდოს, ეს რას ნიშნავს 
- ეს არის ეკონომიკური თეორია და კარგად მესმის მათი, ვისაც საქართველოში ეკონომიკის 10%-იანი ზრდა სურთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სხვადასხვა კლასიფიკაციის ქვეყნებს ერთმანეთში ვურევთ. ჩვენ ვსაუბრობთ ექსპორტზე ორიენტირებულ ქვეყნებზე და არა ჩინეთზე, სადაც ეკონომიკის 7.9%-იანი ზრდა ნორმალურია, ხოლო 7.8%-იანი ზრდა უკვე შეშფოთებას იწვევს. თუ ჩინეთის საზომით მივუდგებით საქართველოს, ანალიზი გაგვიჭირდება, რადგან ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ზოგადად, ეს განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ტექნოლოგიებით და მძიმე ინდუსტრიით ამარაგებს. ჩინეთი კომუნისტური ქვეყანაა, დიქტატორული ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელმაც კარგად იცის, როგორ უნდა გაარღვიოს ჯებირი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში - აშშ-სა და ევროპაში, როგორ გაასაღოს საკუთარი საქონელი იქ, ან როგორ მოიპაროს ახალი ტექნოლოგიები. დიახ, ფანტასტიური იქნება, რომ საქართველოს ეკონომიკა 10%-ით გაიზარდოს, მაგრამ ეს წარმოუდგენელია. ჩვენ ექსპორტზე ორიენტირებული არ ვართ, რომელიც მძიმე ინდუსტრიას აშენებს და ბუნებრივია, არც იმხელა ბაზარი გვაქვს, როგორც ჩინეთს. საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთადერთი გზა ინვესტიციებია, მაგრამ ვიდრე ამერიკაში ასეთი ფულად- საკრედიტო პოლიტიკა იქნება და დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარდება, უნდა გვესმოდეს, რომ ინვესტიციების მოზიდვის მხრივ, რთულ პირობებში ვიქნებით.  

- სსფ- ანალიზი კონკრეტული უწყების სახელმძღვანელოა, თუ მთლიანად, მთავრობის ეკონომიკური გუნდის 
- ჩავთვალოთ, ეს არის ჭკვიანი, გამოცდილი ექსპერტების ვარაუდი. როგორც მინიმუმ, მთავრობამ ეს ანალიზი უნდა განიხილოს და საპირწონედ დაუდოს სხვა გამოცდილი ექსპერტების მიმოხილვა, რომელიც ან დაეთანხმება სსფ-ს ვარაუდს და შესაბამის ზომებს მიიღებს, ან სრულიად ახალ და განსხვავებულ კვლევას წარადგენს. ამ კვლევას ყურადღება რომ არ მივაქციოთ, იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, როგორიც 2014 წლის ნოემბერდეკემბერში გვქონდა. სსფ-ს მიმოხილვა უნდა გავაანალიზოთ და ვთქვათ, რომ 2016, საარჩევნო წელს, გარკვეული სირთულეები გველის. ჩვენ ახლა ისიც არ ვიცით, რა პარამეტრებით უნდა დაიგეგმოს 2016 წლის ბიუჯეტი, არადა, უკვე მაისია და ბიუჯეტის BDD უკვე წარმოდგენილი უნდა იყოს. არ გვინახავს, ეროვნული ვალუტის რა კურსით დაიგეგმება 2016 წლის ბიუჯეტი, როგორი იქნება ინფლაცია მომავალ წელს, როგორი იქნება მიმდინარე ოპერაციების ბალანსი. აი, სწორედ ამ ტიპის ინფორმაციების საფუძველზე გავიგებთ, სწორია თუ არა სსფ-ს დასკვნა. ჩემი აზრით, სავალუტო ფონდის პროგნოზები ახლოსაა რეალობასთან. აქ მიზეზ- შედეგობრივ კავშირებზეა საუბარი ჩვენსა და რეგიონის ქვეყნებს, ასევე ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებსა და მათ სავალუტო პრობლემებს შორის.  

- მთავრობა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობენ, რომ ლარის დასტაბილურების პროცესი დაიწყო, მაგრამ მეორე მხრივ, სსფ- ანალიზის თანახმად, კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ეროვნული ვალუტების დევალვაცია გაგრძელდება. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები როგორ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე 
- ლარის დევალვაცია იმიტომ დაიწყო, რომ ბიუჯეტის მიმდინარე ბალანსში გარღვევები გვქონდა, მათ შორის, ექსპორტში, ტრანსფერებსა და ინვესტიციებში. ეს პრობლემები რჩება და ის, რაც აქამდე სავალუტო ნაკადებმა დაგვაკლო, სწორედ ლარის დევალვაციით შეივსო. ამიტომ, ლარის ასეთი დაბალი კურსი შენარჩუნდება და 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი, 2.30 ლარის ფარგლებში იტრიალებს. ეს იმიტომ, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალი იყო, მაისში უკეთესი აქტიურობა იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მომავალ წელსაც, სწორედ ამ ნიშნულში ვიქნებით. მეტიც, 2016 წელს, მოსალოდნელია, ლარის დევალვაცია 2.5-ის ბაზაზე მოხდეს, თუ მიმდინარე ანგარიშთა ბალანსზე ზეწოლა გაგრძელდება, თუმცა ლარის პანიკური დაცემა მოსალოდნელი არ არის.  

- როგორ გგონიათ, ლარის კურსის დევალვაცია მხოლოდ საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია 
- შეიძლებოდა, უფრო კარგად გვემუშავა ინვესტორებთან, რათა მეტი ინვესტიცია მოგვეზიდა. ძირითადი პრობლემა სწორედ ინვესტიციების არასაკმარის რაოდენობაში გვაქვს. ეჭვი არავის ეპარება, რომ წელს, ქვეყანაში მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოვა, რადგან ნავთობსადენის პროექტი მიმდინარეობს და ხუდონჰესის პროექტიც იწყება, მაგრამ საკითხავია, საკმარისი იქნება, თუ არა ეს. ვფიქრობ, მილიარდზე მეტი უნდა იყოს ზუსტად იმდენით, რამდენიც სხვა არხების საშუალებით დაგვაკლდა. ინვესტიციების დათვლის მეთოდიკაც კი უნდა შევცვალოთ, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ არ ვარგა, უბრალოდ, ამ მეთოდოლოგიას, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ერთი რამ აკლია. შესაძლოა, ინვესტიცია განახორციელოთ, მაგრამ ეს ვალუტის კურსის ცვლილებასთან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული, მაგალითად, ჩინურმა კომპანიამ, რომელმაც ოლიმპიური სოფელი ააშენა, ინვესტიცია უძრავი ქონების სახით შემოიტანა. ეს ნიშნავს, რომ ჩინური ინვესტიცია ამ შემთხვევაში, თანხის სახით არ შემოსულა, სტერილიზაციის გზა არ გაუვლია და შესაბამისად, ასეთი ინვესტიცია კურსზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.