წელს შარშანდელზე იაფი რთველი იქნება

წელს შარშანდელზე იაფი რთველი იქნება

წელს კახეთში ყურძენს კარგად ასხია. უკვე მუშაობს სეტყვის საწინააღმდეგო აპარატურაც. სავარაუდოდ, მოსავალი უხვი იქნება, ფასი კი - შარშანდელზე დაბალი. საქმე ისაა, რომ ღვინის ექსპორტის შემცირება ყურძნის შესყიდვის რაოდენობასა და ფასზე გავლენას იქონიებს.

„ფასს ბაზარი ადგენს. რაც უფრო დიდია მოთხოვნა, მით უფრო მაღალია ფასი. გამომდინარე იქიდან, რომ შემცირდა ექსპორტი, ამან, შესაძლოა, იმოქმედოს ყურძნის ფასზე და შარშანდელთან შედარებით ფასმა დაიკლოს. ჯერ რთველი წინ არის, მაგრამ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ყურძენზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასიც დაბალი იქნება“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ციცია მამულაშვილმა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოში ექსპორტის კლებას უმთავრესად ქართული ღვინის ორ ბაზარზე - რუსეთსა და უკრაინაში მოთხოვნის შემცირებით ხსნიან. რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისა და ვალუტის დევალვაციის გამო, ქართული ღვინის ექსპორტი 83%-ით შემცირდა, უკრაინაში კი - 63%-ით.

მართალია, ამის ფონზე იზრდება ექსპორტი სხვა ქვეყნებში, თუმცა ქართული ღვინის მთავარ ბაზრად ისევ რუსეთი რჩება, სადაც ეკონომიური კრიზისის გამო ალკოჰოლური სასმელების მოხმარება შემცირებულია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 59 მილიონი (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რამაც 26%-ით გადააჭარბა 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2013 წელს სულ ექსპორტირებული იყო 46,7 მლნ ბოთლი ღვინო.

2015 წლის პირველ კვარტალში კი მხოლოდ 5 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ შემთხვევაში წლიური კლება 67%-ია. ამ მაჩვენებელზე უარყოფითი გავლენა რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია.

„შემოდგომის მიწურულს, უკრაინის გარდა, პრობლემა რუსეთის ბაზარზეც გაჩნდა. რუბლის დევალვაციამ, რეალიზაციის მაჩვენებელი მკვეთრად შეამცირა“, - აღნიშნა ციცია მამულაშვილმა „ბიპიენთან“ საუბრისას.

კახეთში გლეხები ამბობენ, რომ ყურძენი მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თუ ყურძნის ფასი არ შენარჩუნდება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

„წლიდან წლამდე ვენახს ვუვლით, იმდენი მოვლა სჭირდება, ვერ წარმოიდგენთ. ეს ყველაფერი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შარშან გვალვა იყო და ყურძენი სულ გახმა, წელს ფასი არ ექნებაო და რით უნდა ვიცხოვროთ?“, - აცხადებენ გლეხები.

მეღვინეების ინფორმაციით, ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარზე მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, თუმცა საექსპორტო დანაკლისი მაინც დიდია. „თელავის ღვინის მარნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი ადასტურებს, რომ წელს ყურძენზე მოთხოვნა შარშანდელზე შედარებით მცირე იქნება.

„კომპანიებს საკმაოდ დიდი ნაშთი აქვთ. ამიტომ, სავარაუდოდ, წელს ყურძენზე მოთხოვნა შედარებით მცირე იქნება თუ რამე ისეთი გაუთვალისწინებელი არ მოხდა რეალიზაციის კუთხით. მდგომარეობა რუსეთში შედარებით გამოსწორდა, რუბლი გამყარდა, რაც ბაზარზე სტაბილურობის განცდას ქმნის. ვნახოთ, რა მოხდება“, - ამბობს რამაზაშვილი.