ლოკაციის ადგილი: თბილისი, კონკრეტულად, ვაკე-საბურთალო, უფრო კონკრეტულად კი, სოფელი დიღომი. დანიშნულება: ერთ დროს კიტრისა და პომიდვრის მოყვანის მთავარი ეპიცენტრი. ახლა? - დანიშნულებადაკარგული რაიონი. მიზეზი: განვითარებას მოყოლილი ,,რეპრესიები”, ანუ გენმოდიფიცირებული ბოსტნეულით ჩანაცვლება.
ყველაფერი სათბურების გაშენებით დაიწყო, ბიზნესი პირველ ნაბიჯებს დგამდა... კიტრის მოგებამ დიღმელ გლეხს სურვილი გაუჩინა, ახალი კულტურა, პომიდორიც მოეყვანა. საქმე კარგად მიდიოდა... სათბურების ქსელი მთელ დიღომს მოედო. სამუშაო საკმაოდ მძიმე და შრომატევადი იყო, მაგრამ გაუსაძლისი ნამდვილად - არა. მუდმივი მორწყვა, შეწამვლა, გასუფთავება. ბოსტნეული მოდის, წვალებით, მაგრამ მაინც მოდის. შრომისა და ჯაფის ანაზღაურება არცთუ ცუდია, მაგრამ ადამიანის გული უფრო მეტს ითხოვს. დროთა განმავლობაში, ქართულ ბაზარზე სოფელ დიღმის კიტრმა და პომიდორმა სათანადო ადგილი დაიკავა და სხვა ქვეყნის ბოსტნეულს ჯანსაღ კონკურენციასაც უწევდა.
ცხოვრება ჩვეულებრივი რიტმით მიდიოდა. ბიზნესი შეძლებისდაგვარად ,,ყვაოდა” მაგრამ, აკაკის არ იყოს, “მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა”?! აი, სად დაასვა განვითარებამ, უფრო “წინსვლამ” დაღი სოფელ დიღმის ბიზნესს: ბაზარზე თურქული, ჰოლანდიური და ირანული ბოსტნეული გამოჩნდა. ქართულ კიტრსა და პომიდორს მუშტარი ნელ-ნელა უქრებოდა და... კრიზისმა მოიცვა დიღომში ყველაფერი - სიმწრით მოვლილი ბოსტნეული გლეხს უფუჭდებოდა, ან ჩალის ფასად აბარებდა ე.წ. ვაჭარს.
- რას ვიზამთ, შვილო, ყურადღებას არავინ გვაქცევს, ყველას თავისი საქმე აღელვებს. უმრავლესობას კი, ბრძოლა გადარჩენისთვის გვიწევს. ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო უკვე სულს ღაფავს, - ამბობენ დიღმელი გლეხები, თუმცა ვინაობის გამხელა არ უნდათ. მიზეზს ვეკითხები, თუ რატომ არ უნდათ, რომ მათი სახელი და გვარი გაზეთში დაიწეროს.
მპასუხობენ:
- რამდენსაც გინდა, დაგელაპარაკებით, ოღონდ საჯაროდ არ გამოგვაჭენო, შენ გახარებას. რაღა დროს ჩვენი გაზეთია.
მათ სურვილს ვითვალისწინებ და, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ “ვაჭენებ”.
- კიტრისა და პომიდვრის მოვლა რთულია? - ვინტერესდები.
ღიმილით მიხსნიან:
- ადამიანზე რთული მოსავლელი ნამდვილად არაა. ვყიდულობთ თესლს, ვთესავთ ,,ჩაშკებში’”, თუ ზამთრის პერიოდია, აუცილებლად ვაკეთებთ “პარკებისგან” კარავს, რადგან ტემპერატურა სტაბილური იყოს და თესლმა გაღვივება დაიწყოს.
- ხელის შემშლელი ფაქტორი ბევრია?
- “ჩაშკაში” ჩათესილ თესლს მუსრს ძირითადად ჭია ავლებს, მაგრამ ყველაფერი ხომ უკვე “იმპორტულია” - ,,ჩაშკებში” სპეციალურად ნაყიდ, ნეშომპალით გამდიდრებულ მიწას ვყრით და თესლიც ადვილად ღვივდება.
- კიტრს, როგორც ვიცი, დამტვერვაც სჭირდება, - არ ვჩერდები.
- კი, ნამდვილად ეგრეა, მაგრამ აქაც შეიცვალა ყველაფერი: როცა ქართულ კიტრს ვრგავდით, დასამტვერად აუცილებლად ფუტკარი იყო საჭირო. ახლა კი, ჰოლანდიიდან ისეთი ჯიშის კიტრის თესლი შემოდის, რომ
ფუტკარი კი არა, მგონი, მალე მიწაც აღარ დასჭირდება.
- თქვენი მოყვანილი ბოსტნეული უფრო ძვირია თუ “იმპორტული”?
- აღარ იყიდება და ძალიან ბევრმა, ვისაც 2 ან მეტი სათბური ჰქონდა,
დაშალა. ყველაფერი ხომ ფინანსებთან მიდის. ვაჭარს კი, კაპიკებად უნდა
ჩავაბარო ეს სიმწრით მოყვანილი ბოსტნეული. არა, შვილო, ნამდვილად არ გვიღირს.
- ანუ, სოფელ დიღმის სასათბურე მეურნეობა განადგურდა?! - ვასკვნი.
კვერს მიკრავენ:
- მოისპო! სოფელ დიღომში სასათბურე მეურნეობა თითქმის აღარ არსებობს.
დახმარება და ყურადღება გვჭირდება, მაგრამ ჩვენი ვის ესმის?
სოფელ დიღმის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ სიტუაცია ოდესმე
გამოსწორდება, მაგრამ არავინ იცის, ეს “ოდესმე” როდის დადგება!