[ეკა ბაქრაძე]
რუსებმა დაადგინეს, რომ აფხაზეთში სანავთობო სამუშაოების დაწყება ნამდვილად ღირს. შპს „როსნეფტ-შელფ აბხაზიამ“ სოხუმში სეპარატისტებს 2011 წლის მუშაობის გეგმები წარუდგინა და უკვე ჩატარებული სამუშაოს შედეგები გააცნო.
„აფხაზეთის შელფი წინა წლებში ჩატარებული სამუშაოს შედეგების მიხედვით ნახშირწყალბადის ნედლეულის მომავალი ძიების სამუშაოს ჩასატარებლად პერსპექტიულია“, - განაცხადა კომპანისს წამყვანმა სპეციალისტმა, გეოლოგმა ტიმურ მაანმა.
მისი თქმით, 2010 წელს უკვე ჩატარებულია მოდიფიკაციის სეისმოდაზვევითი სამუშაო, გრავიმაგნიტური და გეოქიმიური კვლევები, ასევე ეკოლოგიური მონიტორინგი.
„სეისმური და გრავიმაგნიტური გადაღებები სრული მოცულობითაა შესრულებული. სეზონის გეოქიმიური კვლევების შედეგად გადაწყდა, რომ ჩატარებულიყო დეტალური ქიმიური გადაღება. სამუშაო შედეგად დაზუსტებული იქნება ანომალური მონაკვეთების განლაგება და შეფასება მიეცემა ნავთობგაზშემადგენლობის პერსპექტივას“, - განაცხადა მაანმა.
მისი თქმით, მიმდინარე 2011 წელს ჩატარდება ელექტროდაზვერვითი სამუშაო, დეტალური გეოქომიური კვლევები, სეისმოდაზვერვითი და სხვა გეოფიზიკური მონაცემების დამუშავება და ეკოლოგიური მონიტორინგი.
რუსეთის ფედერაციის ნავთობის სახელმწიფო კომპანია «როსნეფტი» შავი ზღის შელფის დამუშავების საქმეში 15 მილიარდი რუსული რუბლის დაბანდებას აპირებს, რაც ქართულ ვალუტაზე 750 მილიონ ლარს შეადგენს. შეთანხმებისამებრ «როსნეფტი» პირველ ეტაპზე 3,9 ათას კვადრატულ კილომეტრზე გეოლოგიურ საძიებო ღონისძიებებს გამართავს. სწორედ მაშინ გადაწყდება კონკრეტულად რომელ ტერიტორიაზე დაიწყებენ აფხაზეთის ნავთობის მოპოვებას.
როგორც ცნობილია, გუდაუთის აკვატორიაში ნავთობის მოპოვების დაწყებასთან დაკავშირებით სოხუმმა «როსნეფტთან» 15-მილიარდიანი ხელეკრულება 2009 წლის ბოლოს გააფორმა. მაშინვე ცნობილი იყო, რომ სამუშაო ამ მიმართულებით უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყებოდა. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ასევე გათვალისწინებული იყო აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურებისა და თხევადი გაზის კომპლექსების მშენებლობაც, რაც «როსნეფტმა» უკვე დაიწყო.
აფხაზეთში ახლა მსჯელობა მხოლოდ იმაზე მიმდინარეობს, რამდენად მომგებიანი შეიძლება გახდეს ნავთობის წარმოება ქვეყნისათვის და რა ეკოლოგიური საშიშროებები არსებობს. სოხუმში ცნობილი ექსპერტის, დიმიტრი აბზალოვის განმარტებით, «ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა საკითხია ის, რომ იქ ნავთობის მოპოვება ნაკლებად რენტაბელურია - ადგილმდებარეობა ვიწროა, რელიეფი საკმაოდ მთიანია და ინფრასტრუქტურა რთული».
«რა თქმა უნდა, შესაძლებელია ტერმინალის აგება, მაგრამ საეჭვოა, მან დანახარჯის ანაზღაურება შესძლოს. სხვა მხრივ, ეს ხელს შეუწყობს აუცილებელი ფინანსური რესურსების შექმნას, რომ რესპუბლიკამ საკუთარი პოზიციები განიმტკიცოს», - აცხადებს დიმიტრი აბზალოვი.
ქართველი ექსპერტი სოსო ცისკარიშვილის აზრით, როგორც ბუნებრივი რესურსი, შავი ზღვის შელფზე არსებული ნავთობის მარაგი აფხაზებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი მოპოვება ნებისმიერი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იქნება.
«მხოლოდ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ხელიდან გაეშვა ყველა იურიდიული ბერკეტი, რაც გააჩნდა აფხაზეთის შელფზე და თავისი გაცემული ლიცენზია ამ ტერიტორიაზე, რომელიც ამერიკულ კომპანია «ანადარკოს» ეკუთვნოდა, ქარს გაატანა, რადგან თავად «ანადარკო» დაითხოვა ქართული ზღვისპირეთიდან და არ გაუგრძელა მას საქართველოში საქმიანობის უფლება.
«შესაძლებელი იყო «ანადარკოს» მოეწვია რომელიმე რუსული კომპანია ამ პროცესის თანამონაწილედ, მაგრამ ეს იქნებოდა მაინც ქართული ლიცენზია და ქართულ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულება. ახლა კი ჩვენ ამ ტერიტორიას ვერ განვკარგათ და მხოლოდ შეგვიძლია შემოვიფარგლოთ ტერიტორიული მთლიანობის კომისიის ან რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებით, რომ რუსები არიან ცუდები და არღვევენ სამართალს», - აღნიშნავს სოსო ცისკარიშვილი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინათ შავი ზღვის საქართველოს შელფის, მათ შორის აფხაზეთის მონაკვეთის, ათვისების მიზნით შეიქმნა საერთაშორისო კონსორციუმი, რომელშიც შედიოდნენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა «ბრითიშ პეტროლეუმი», «იუნიკალი» («შევრონის» შვილობილი კომპანია), თურქეთის სახელმწიფო სანავთობო კომპანია და ა.შ. თუმცა, საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად, ეს კონსორციუმი დაანგრია.