2014 წლის ნოემბერში, მატჩების კომერციული მოსყიდვის ბრალდებით, ფეხბურთის მსაჯები დააკავეს. საქმე 2014 წლის აგვისტო-სექტემბერში ჩატარებულ საფეხბურთო მატჩებს ეხებოდა, თუმცა საფეხბურთო სკანდალი ამით არ დამთავრებულა... 2015 წლის 7 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ფეხბურთელების საქმე განიხილა. დავით გენძეხაძეს, გიორგი კუხალაშვილს, იოსებ გიოშვილს, ომარ ნაკაიძეს და გიგა ბურჯანაძეს ბრალად ორგანიზებული ჯგუფის მიერ, შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით, პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის მოსყიდვა, გიორგი გოდერიძესა და თემურ სანიკიძეს - პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის მიერ, შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით, უკანონოდ ფულის მიღება, ოთარ შენგელიას კი, პროფესიული სპორტული შეჯიბრების გუნდის ხელმძღვანელის მიერ, შეჯიბრების შედეგზე ზეგავლენის მიზნით, უკანონოდ ფულის მიღება ედებათ... შთამბეჭდავი იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება - დაკავებისთანავე, ყველა ზემოხსენებული ფედერაციის წევრობიდან გარიცხა. “სამწუხაროა, რომ წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ, ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის საგულისხმო მაგალითად არ იქცა. მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის არა ერთი მაგალითისა, მათ მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები, ერთხელ და სამუდამოდ, უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე. მანამდე კი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯის ფაქტებს”, - ნათქვამია ფედერაციის მიერ თავის დროზე გავრცელებულ გაცხადებაში. ,,ქართული სიტყვა” ე.წ. მსაჯების და ფეხბურთელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებს ესაუბრა.
არჩილ შაბაშვილი, ომარ ნაკაიძის ადვოკატი: - ე.წ. ფეხბურთელების საქმეზე ბრალდება ამბობს, რომ ერთმანეთს დაუკავშირდნენ პირები, რომლებმაც უკანონოდ სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის შეჯიბრების მონაწილეთა და საფეხბურთო შედეგების მოსასყიდად ჩამოაყალიბეს სტრუქტურის მქონე ორგანიზებული ჯგუფი, დანაშაულებრივი გზით განიზრახეს პირადად მოესყიდათ და საფეხბურთო შედეგებზე გავლენა მოეხდინათ. ამავდროულად, შეთანხმდნენ, რომ მას მერე, რაც მოისყიდდნენ, გარკვეულ თანხას ტოტალიზატორებში მოათავსებდნენ, მოგებულს კი, ერთმანეთში გაინაწილებდნენ.
ბრალში მითითებულია, რომ 21 მარტს, ზუგდიდის ,,ლაზიკასა” და ხარაგაულის ,,ჩხირიმელას” შორის გამართულ მატჩზე ონლაინ ტოტალიზატორში ფსონები ზუგდიდის საფეხბურთო გუნდის სასარგებლოდ დაიდო, მატჩის შედეგი კი, წინასწარ იყო ცნობილი. დამნაშავეთა ჯგუფს მოთამაშეები თითქოს მოსყიდული ჰყავდათ. ომარ ნაკაიძეს ბრალად დაედო, რომ 14 ათასი დოლარი ჯგუფის წევრებთან ერთად გაინაწილა. რვაკაციან ჯგუფში სამი ფეხბურთელია, ერთი - მწვრთნელი, დანარჩენები ტოტალიზატორში მოთამაშე მოქალაქეები არიან.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ომარ ნაკაიძე მათთან კავშირში არაა, რომელიმე მათგანთან არც გარიგებაში ყოფილა. ნახსენები ჯგუფის მხოლოდ ერთ წევრს იცნობდა, სწორედ ეს გახდა მისი დაკავებისა და ბრალის წაყენების მიზეზი.Aის არც ფეხბურთელია და არც - მსაჯი, რიგითი მოქალაქეა, რომელიც ტოტალიზატორში თამაშობს. რამდენიმე ქვეყანაში ანგარიში აქვს გახსნილი და ამაში კანონსაწინააღმდეგო არაფერია. ნაკაიძეს ბრალად ედება, რომ დანაშაულებრივ ქმედებაში ჯგუფურად მონაწილეობდა.
ამ საქმეში ჩანერგილი ოპერატიული მუშაკი ნაკაიძეს გაეცნო, როგორც ტოტალიზატორის მოთამაშე, რომელსაც ფსონის დადება უნდოდა. შსს-ს ჩანერგილი კონფიდენტი, შვიდი თვის განმავლობაში, ფარულ მიყურადებას, ვიდეოჩაწერას ახდენდა, მთლიანობაში, 50 დისკი გადმოგვცეს. 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, ე.წ. მსაჯების საქმის მერე გაჩნდა აზრი, რომ კიდევ არსებობდა ჯგუფი, რომელიც ამ საქმეზე მუშაობდა, რაც სიმართლეს არ შეეფერება.
საფეხბურთო ტოტალიზატორი ნებისმიერ ქვეყანაში კანონითაა დარეგულირებული და თანხა შეიძლება, ნებისმიერმა მოიგოს. ვთქვათ, შედიხართ ტოტალიზატორში, მოდის თქვენთან პიროვნება და ამა თუ იმ გუნდზე ფსონის დადებას გთავაზობთ. ითამაშებთ თუ არა, გაიზიარებთ თუ არა სხვის შეთავაზებას, ეს თქვენი გადასაწყვეტია და თუ პროგნოზმა გაამართლა, რა? - ის, ვინც ეს ამოიცნო, დავაკავოთ? ბურთი მრგვალია, შეიძლება ისეთმა გუნდმა მოიგოს, რომელსაც არავინ ელოდება.
რაც ეხება თამაშის ყიდვა-გაყიდვას, საქმე მარტივად არც აქაა: მატჩის შედეგს ერთი მოთამაშე ხომ ვერ განსაზღვრავს? ან მსაჯი უნდა იყიდო, ან მეკარე. ომარ ნაკაიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, ჯერი სასამართლოზეა. ვნახოთ, 18 ივნისს რას გადაწყვეტს.
დავით მოდებაძე, საფეხბურთო კლუბ ,,სტუ თბილისის” პრეზიდენტის, ოთარ შენგელიას ადვოკატი: - ფეხბურთში კორუფცია და გარიგებები მსოფლიოსთვის ნაცნობი თემაა. რამდენიმე დღის წინ, ასეთი ჯგუფები იტალიაში დააკავეს. გასულ წელს, საქართველოში ფეხბურთის მსაჯები დააკავეს. მათ შორის იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ,,ფიფა”-ს მსაჯი თორნიკე გვანცელაძე. უნიკალური პიროვნება. მოგეხსენებათ, ,,ფიფა”-ს მსაჯები თავზე არ გვაყრია. მთელი ფეხბურთის სამყარო გულდაწყვეტილი იყო.
- გამოძიება მსაჯებს რას ედავებოდა?
- მსაჯებს ბრალი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაედოთ.
- “კომერციული მოსყიდვა” რას ნიშნავს?
- თამაშის გაყიდვას, რის შედეგადაც ფეხბურთის მატჩის შედეგი ზარალდება, დამნაშავე კი, პირად სარგებელს ნახულობს.
- თორნიკე გვანცელაძის შემთხვევაში ვინ და რა დაზარალდა?
- გვენცელაძემ, მატჩის მიმდინარეობისას, ექვსი აუტი და კუთხური ამოიღო, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ყველა მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის კომისარი დეტალურად განიხილავს თამაშს, ამოწმებს მსაჯის მოქმედებას. აღმოჩნდა, რომ გვანცელაძემ სრულიად სამართლიანად ამოიღო არა ექვსი, არამედ, შვიდი აუტი. მისი მსაჯობა 84 ქულით შეფასდა. გამოდის, რომ საეჭვო არაფერი ყოფილა.
- თუკი გვანცელაძე სამართლიანი მსაჯი იყო, ბრალი რატომღა წაუყენეს?
- მსაჯებისა და ფეხბურთელების საქმეში ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ მოხდა დაკავება. ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით, ვიტყოდი, ერთობლივი გადაწყვეტილებით, პოლიცია თანამშრომელს ნერგავს. კონფიდენტი პიროვნებებს ეცნობა, როგორც ყოფილი ფეხბურთელი, ან ტოტალიზატორის მოთამაშე, შედის მათთან ნდობაში და იწყებს თავისი მისიის შესრულებას.
- ასეთი ქმედება კანონიერია?
- ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების პირველი კანონის პირველი მუხლი კონფიდენტზე, ანუ საიდუმლო თანამშრომლებზე საუბრობს. კანონით, ჩანერგვა იმ შემთხვევაში ხდება, როცა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არსებობს, მაგრამ მისი გამოვლენა და დამტკიცება ჭირს.
- შსს-ს ინფორმაცია ჰქონდა?
- საქმეც ეგაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფნი - თორნიკე გვანცელაძე და ოთარ შენგელია მსგავს ქმედებაში შენიშნულნი არ ყოფილან.
- შეიძლება, მაგრამ მათ ფული აიღეს, ბატონო დავით.
- გეთანხმებით, მათ ფული აიღეს, მაგრამ საინტერესოა, თუ როგორ მოხდა ჩანერგვა, ფულის აღება და დაკავება. იცით, მათ ქმედებებში დანაშაულის შემადგენლობა არ იყო? - მსაჯთან მიდიოდა კონფიდენტი, მიზანმიმართულად ტვინს უბურღავდა, პროვოცირებას უკეთებდა, გვანცელაძის შემთხვევაში ითქვა, რომ გარიგების შედეგად სწორედ ექვსი აუტი უნდა “დადებულიყო”. თამაშში შვიდი აუტი დაფიქსირდა, მაგრამ აქ ხელოვნური არაფერი ყოფილა, თამაში ბუნებრივად მიმდინარეობდა, რაშიც ფეხბურთის კომისარს ეჭვი არ შეჰპარვია. ოპერატიული სამძებრო ღონისძიება იმას ნიშნავს, როცა უწყებას ინფორმაცია აქვს, რომ ვიღაც ქრთამს იღებს, ან ნარკოტიკს ყიდის, მაგრამ მამხილებელი მასალები არ არსებობს და ვერ იჭერ. ასეთ შემთხვევაში ხდება ჩანერგვა, მაგრამ როცა პირს დანაშაული არასოდეს ჩაუდენია, მასთან მიდიხარ, ყოველ თამაშზე უჩიჩინებ, აი, ვიცი, რომ ბინა არ გაქვს, აიღე ფული, შვილებს სჭირდება, ვერავინ გაიგებსო, ანუ რაღაცას ძალით რომ ტენი, ეს დანაშაულია. ჩემი ღრმა რწმენით, ის ჩანერგილი სამსახურში აღარც უნდა იყოს.
- ანუ, კონფიდენტის ჩანერგვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებით მოხდა? E
-დიახ, ეს ჩემი გონივრული ეჭვია, შეიძლება, ჩემი ეჭვი არავის აინტერესებს, მაგრამ თუ საქმის მასალებს ყურადღებით გადახედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით. როცა მსაჯების ეპიზოდი დამთავრდა, ეს საქმე მაშინვე უნდა შეწყვეტილიყო. საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, როცა ინფორმაციას აწვდიან, რომ ეს საქმის სხვადასხვა ეპიზოდია. ეს ერთი მთლიანი გამოძიებაა ერთი გამომძიებლით, ერთი პროკურორით.
- ჩანერგილიც ერთი იყო?
- არა, სხვადასხვა.
-Aმაშ, ძაღლის თავი სადაა დამარხული?
- ჩემი აზრით, თორნიკე გვანცელაძეს, სამი შვილის მამას, ,,ფიფა”-ს საუკეთესო მსაჯს ტვინი წინასწარ განზრახვით აურიეს. რა, საქართველოს ფეხბურთს ასეთი წარმატებული სპეციალისტი ბევრი ჰყავს? მისი ადგილი ვიღაცას უნდოდა და ფეხბურთის ფედერაციამ თორნიკე გვანცელაძე აიძულა, როგორმე სისულელე ჩაედინა. ამ ეჭვს ისიც მიძლიერებს, რომ დაკავებისთანავე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია და განაცხადა, რომ გვანცელაძე სამსახურიდან გათავისუფლებულია. ასევე მოიქცა ოთარ შენგელიასთან მიმართებაშიც, მაგრამ რა უფლებით?
- ოთარ შენგელიაზე რას იტყვით?
- ,,ნორჩი დინამოელის” ხელმძღვანელთან მიმართებაში საქმე კიდევ უფრო მარტივადაა.
- ანუ?
- ჩანერგილი თანამშრომელი ოთარ შენგელიასთან მიდის და ეუბნება, ხვალ მატჩს თუ მოიგებ, 15 ათას ლარს გაძლევო. ის პასუხობს, ეს მატჩი რომ არ მოვიგო, ძმაო, ჯგუფიდან გავვარდები, იმიტომ ვიგებ, რომ მოპასუხე მხარე სუსტი გუნდიაო. მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს, ვინმე ფულს მოგებაში იღებდეს. თამაში, რომლის გამოც ბრალი დაედო, ჩაწყობილი რომ ყოფილიყო, შენგელიას თანხა მოწინააღმდეგე გუნდისთვის უნდა გაეყო, ან ეთქვა, აგერ, ფული, უთხარით მეკარეს, თამაში წააგეთ და ფული ძმურად გავიყოთო... შენგელიას დანომრილი ფული შეაჩეჩეს, პროცესი ფარულად გადაიღეს, გუნდმა თამაში მოიგო და მერე, ბრალი შენგელიას წაუყენეს. ჩანერგილის ქმედებას ელემენტარული ლოგიკა არ ჰქონდა და შსს სულელურ სიტუაციაში აღმოჩნდა. მაფია ის კი არაა, ვინც დაიჭირეს, არამედ ის, ვინც ამ დაჭერებს გეგმავს. ოთარ შენგელია დამნაშავე არაა, ჩვენ გამართლების გზით უნდა წავიდეთ. ხმამაღლა, პირდაპირ, უალტერნატივოდ ვაცხადებ: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პოლიცია ერთობლივად მუშაობენ. სიჭინავა ამბობს, რომ ესენი ქართული ფეხბურთის დამაქცევარნი არიან. იცით, რამ გამოიწვია ყველაფერი? - ფეხბურთის ხელმძღვანელობა, ხელფასისა და სხვა დანამატების სახით, მილიონებს იღებს, ფეხბურთელებს კი, ხელფასი 400-500 ლარი აქვთ.
- ისე, ამბობენ, ქართული ფეხბურთი მოკვდაო...
- თუ მოკვდა, მაშინ რისთვისაა ფეხბურთის ფედერაცია და ამხელა ფულს რაში იღებენ?
- შენგელიას მოშორება ხელს ვის აძლევდა?
- ოთარ შენგელია დაკავებისთანავე სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან ფული აიღო, მაგრამ დანაშაულის შემადგენლობა საქმეში არ დევს. შეიძლება, ეს საქციელი გამართლებული ზნეობრივად და მორალურად არაა, მაგრამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩანს. იქნებ, ვინმემ მითხრას, ვინ დაზარალდა მატჩის შედეგით? - გუნდი, ფეხბურთის ფედერაცია? ჩემი პასუხი ასეთია: დაზარალდა სახელმწიფო, როცა ჩანერგილმა ფული გამოიტანა, დანომრა და შენგელიას მისცა. უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის შედეგად შენგელიასგან ფული ვერ ამოიღეს - ეს თანხა დახარჯა, ბიუჯეტიდან გამოტანილ ფულს კი, საკუთარი ჯიბიდან ყოველი ჩვენგანი გადავიხდით.
- ეს დანაშაული ჯგუფური რატომაა?
- არანაირი ჯგუფი არ ყოფილა, ეს ხალხი ერთმანეთს არც იცნობდა, შესაბამისად, არც ჯგუფური ბრალდებაა წარდგენილი. უბრალოდ, ჯგუფურად დააკავეს. როგორც ,,ნაციონალების” დროს სოსო თოფურია ხალხს ვაგონით იჭერდა, იგივე სპექტაკლი გრძელდება, თავისი ფარული გადაღებებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ჩენერგილების მეშვეობით, დანაშაულის პროვოცირების გზით, ხალხს აჭერინებს, მოსამართლე უშვებს, ზვიად სიჭინავა კი, სამსახურიდან ათავისუფლებს და მათ ადგილზე თავისიანებს ნიშნავს.