ელისო ჩაფიძე: “ანონიმური წყაროს მსხვერპლი გავხდი... კონკრეტულ პირებს დავასახელებ!”

ელისო ჩაფიძე: “ანონიმური წყაროს მსხვერპლი გავხდი... კონკრეტულ პირებს დავასახელებ!”

.. თბილისის პარლამენტში ბოლოს კარგა ხნის წინ ვიყავი. მაშინ დაცარიელებული, თვალებდათხრილი, გაძარცვული შენობა ზამთრის მოლოდინში იყო. დღეს კი, რემონტის ბოლო შტრიხების მიუხედავად, სიცოცხლე ჩქეფს. ისე, თბილისსა და ქუთაისში განთავსებული პარლამენტი ,,ცისფერი მთებისასოციაციას იწვევს... მოკლედ, ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, ჩემს კოლეგა ელისო ჩაფიძესთბილისის პარლამენტშივესტუმრე...

- ელისო, ტელეფონზე რომ დაგირეკეთ, სიტყვა პარლამენტთან დაკავშირებულ კურიოზებზე ჩამომიგდეთ...

- პარლამენტის ორი შენობის გამო კურიოზები, მართლაც, არ გვაკლია. ერთხელ, ტელეფონით გაჭირვებული ქალბატონი მესაუბრა - შვილის გამო პრობლემები ჰქონდა. მერე, მომაკითხა, საშვი დავუშვი, მაგრამ როცა ჩემი წარმომადგენელი დაბლა ჩავიდა, აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ქუთაისის პარლამენტის წინ იდგა. მეორედ, ინტერვიუზე ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტს შევუთანხმდი, ვდგავარ ქუთაისის პარლამენტის ეზოში, ტრიალ მინდორში. ამ დროს კი, ჟურნალისტი თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე მელოდებოდა.

კურიოზები იქით იყოს და, მთავარი მაინც ორი შენობის შესანახად გაწეული ხარჯებია, კი ბატონო, კეთილშობილები ვართ, ქუთაისი გვიყვარს და ამ კერას არ ვშლით, მაგრამ უახლოეს მომავალში პარლამენტში ისეთი პოლიტიკური ძალა ვერ წარმომიდგენია, რომელიც კონსტიტუციას შეცვლის.

- პარლამენტის ორი შენობა ხელს მუშაობაშიც გიშლით?

- პარლამენტში პერსონალური კომპიუტერი მაქვს, რომლით სარგებლობაც მხოლოდ თბილისში ყოფნისას შემიძლია. ქუთაისში კორესპონდენციებსაც ვერ ვიღებ. მოვალე ვარ, სამ კვირაში ერთხელ, საკუთარ ამომრჩეველს ვეწვიო და პერსონალურ მონაცემებთან წვდომა არც ამ შემთხვევაში მაქვს.

- ელისო, სიტყვამ მოიტანა და, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს უჭერთ?

- მაჟორიტარულ სისტემაზე, ბუნებრივია, ბევრი პრეტენზია მაქვს. წარმოიდგინეთ ჩემი, როგორც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის მდგომარეობა: უფლება მაქვს, ხალხს შევხვდე და მოვუსმინო, ამ პრობლემების მოგვარება კი, ჩემს ,,მარიფათსა” და პირად კავშირებზეა დამოკიდებული. სხვა საქმეა, თუკი მაჟორიტარს ბიზნესი - ვთქვათ, საკუთარი ბანკი აქვს და ადამიანებს ეხმარება...

- ზოგიერთი რაიონის მოსახლეობა ჩივის, რაც ავირჩიეთ, მაჟორიტარი დაგვეკარგაო.

- ტყიბულელებს ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ჰქონიათ. სხვათა შორის, დემოკრატიულ ქვეყნებში მაჟორიტარებს ომბუდსმენის ფუნქციები აქვთ... ხშირად ამბობენ, რომ ტყიბულის რაიონში ბევრ ოჯახს სოციალური დახმარება მოეხსნა - მართალია, 250 მოქალაქეს დახმარება გაუორმაგდა, მაგრამ სხვები ამის გარეშე დარჩნენ.

- ეს როგორ?

- ბევრმა ოჯახმა, ხელახალი გადამოწმების საფუძველზე, სათანადო ქულები ვერ დააგროვა. ერთ ასეთ შემთხვევაზე გიამბობთ: დედამ შვილი მიატოვა და ამის გამო ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. ბავშვს დოკუმენტაცია არ აქვს, ვცდილობთ, დავამტკიცოთ, რომ ეს ბავშვი ამ ოჯახში ნამდვილად ცხოვრობს... ასეთ დროს ბებიას დახმარება კი არ უნდა მოუხსნა, არამედ, გაუზარდო.

- ესე იგი, ტყიბულის სოციალური სააგენტო სათანადოდ ვერ მუშაობს? M

- ასობით წერილი დამიგროვდა, ადამიანები დახმარებას ითხოვენ, სოფლებში, მოსახლეობის მონახულების მერე, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ სოცსააგენტოს თანამშრომლები ოჯახებში საერთოდ არ არიან ნამყოფნი. ასეთ დროს მაჟორიტარის რეკომენდაციები ისე უნდა იქნეს მიღებული, როგორც - სახალხო დამცველის. სხვა შემთხვევაში, მაჟორიტარი ფულის ტომარა უნდა იყოს, რომ დახმარება შეეძლოს. სამწუხაროდ, ამ თემაზე უკმაყოფილებას მას მერე გამოვთქვამ, რაც ტყიბულში სააგენტო შეიქმნა. სააგენტო ქულებს პოლიტიკური მიდრეკილებისა და მოტივაციის მიხედვით არიგებდა. ეს ტენდენცია, სამწუხაროდ, შენარჩუნებულია. არ გამოვრიცხავ, რომ დადგება დრო, როცა კონკრეტულ პირებს დავასახელებ, რომლებიც სოცსააგენტოში მოკალათებულ კადრებს მფარველობდნენ!

- რევოლუციურ განწყობას, როგორც წესი, სწორედ სოციალური უსამართლობა ქმნის ხოლმე...

- ადამიანებს უსამართლობა არ უნდა დაანახო! როცა მეზობელი ხედავს, რომ დისკრიმინირებული პოლიტიკური შეხედულებების გამოა, უსამართლობის განცდა ძლიერდება.

...წინასაარჩევნოდ, ზოგ მაღალმთიან სოფელში ამომრჩეველთან შესახვედრად, მანქანას ყველანი ერთად ვაწვებოდით, დღეს კი, ტყიბულის ნებისმიერ სოფელში დაუბრკოლებლად მიხვალთ - ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, სოფლებში გზები შეკეთდა. ეს პროცესი ქალაქშიც მალე დამთავრდება.

- მაშასადამე, ტყიბულში ,,ნარმანიას სახელობის ორმოებიარ არის?!

- არა... სხვათა შორის, დავით ნარმანია, ინფრასტრუქტურის მინისტრის რანგში, დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევდა და შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, ტყიბულის რაიონისთვის ყველაფერი გააკეთა. სოფელ მუხურას ცენტრამდე მისასვლელი მობეტონებული გზაც მისი დამსახურებაა. არ ვიცი, თბილისელები ნარმანიას საქმიანობას როგორ აფასებენ, მაგრამ დათო კარგი მენეჯერია. მთავარია, საბოტაჟი, ხელის შეშლა არ მოხდეს.

- ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, გზების გარდა, კიდევ რითი ამაყობს?

- ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ წელს, ტყიბულში საცურაო აუზი აღდგება. გარდა ამისა, სპორტის სასახლის რეაბილიტაციაც დასრულდება - საბჭოთა პერიოდში, უნიკალური მოზაიკით ნაშენები სპორტის სასახლე, თბილისის მერე, მთელ საქართველოში საუკეთესო იყო და დიდი ტურნირებიც იმართებოდა. მიწასთან გასწორებული ორივე ობიექტი მალე ფუნქციონირებას დაიწყებს.

ხშირად მეჩვენება, რომ ზოგ ოპონენტს დავალება და სტრატეგია აქვს, რომ კარგი საქმის დისკრედიტაცია მოახდინოს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს... ისე, მინდა, სამუშაოები ქართული კი არა, გერმანული სიზუსტით შესრულდეს!

- ელისო, “ქართული სიზუსტითშესრულებული საქმე როგორია?

- 2006 წელს, ჩემს მშობლიურ მაღალმთიან სოფელ მუხურაში სკოლა ააშენეს, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილის მადლობელი ვარ. განათლების მაშინდელი მინისტრი, კახა ლომაია სკოლების რეორგანიზაციაზე გადაწყვეტილებებს ისე იღებდა, რომ ნამყოფი სოფლებში კი არა, ტყიბულშიც არ იყო. შესაბამისად, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სოფელში, სადაც ექვსი თვე თოვლია, ავტობუსები ხუთ კილომეტრზე ვერ ივლიდნენ. მაშინ ჟურნალისტი გახლდით, სოფელში ხელმოწერები შევაგროვეთ, რომ სკოლა არ გაუქმებულიყო და თემას ვრცელი სტატია მივუძღვენი. მთავრობამ სკოლის ასაშენებლად 600 ათას ლარზე მეტი გამოყო... წელს, უკვე ამორტიზირებული შენობის დოკუმენტები მოვითხოვე, მაგრამ განათლების რესურსცენტრში ვერაფერი ვიპოვნე, რადგან შენობის მიღება-ჩაბარების აქტიც არ არსებობს. ,,ნაცმოძრაობა” აი, ასე აშენებდა.

ახლახან, თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ სამღერეთში სამსართულიანი სკოლა გავხსენით, მკვიდრი ნაგებობაა, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ გაფრთხილება და დალაგება დასჭირდება.

- სამღერეთის სკოლა გერმანელებმა ააშენეს?

- არა, ქართველებმა, მაგრამ კარგად. სულ ასეთი ხარისხით უნდა ვაშენოთ, ეს ხომ ჩვენი ქალაქები და სოფლებია! ცუდად ნაშენები შენობებისგან საფრთხე შეიძლება, ნებისმიერ ჩვენგანს შეექმნას!

- ,,ოცნებასსაკუთარი საქმეების გახმოვანება, ანუ პიარი უჭირს. რატომ?

- ,,ნაციონალურ” ტელევიზიებსა და საინფორმაციო საშუალებებს მოვლენების შერჩევითი გაშუქება ახასიათებთ, მაგრამ პრობლემას უფრო იმ ადამიანებში ვხედავ, რომლებიც ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან... მეჩვენება, რომ მედია ისტერიული გახდა - როგორც ქალსა და მოქალაქეს, აგრესიული თემების ნიაღვარი მაწუხებს. რაღაც სიკეთისკენ უნდა შემოვაბრუნოთ! მედიის პრობლემები ქვეყნის პრობლემების კვალდაკვალ ვითარდება. მახსოვს, როცა ქვეყნიდან პროფესიულ ტრენინგებზე გავდიოდი, შინ დამშვიდებული ვბრუნდებოდი. ყოველდღიური სტრესული ინფორმაცია ადამიანებში სიმშვიდესა და მომავლის იმედს კლავს!

- ელისო, პრემიერი ღარიბაშვილიც პრესკონფერენციებზე ჟურნალისტებს იგივეს გვეუბნება, თქვენ ქმნით სრულ ქაოსსა და აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობასო...

- ხშირად რეალობის განსხვავებულად ასახვა ხდება. დიდაქტიკური ტონით არ ვისაუბრებ, მაგრამ ბევრი ანგაჟირებულობას არ უნდა კადრულობდეს. ერთ ცნობილ არხზე, ერთ-ერთ გადაცემაში ჩემთვის ნაცნობი პიროვნება ჰყვებოდა, თუ როგორ შეუწყდა სტუდენტის სტატუსი გადასახადის გადაუხდელობის გამო. არადა, ძალიან კარგად ვიცი, რომ უფასო ფაკულტეტზე სწავლობდა. როცა ჟურნალისტი სიუჟეტს ამზადებს, ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს - ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა. სიმართლე გითხრათ, მეც გავმხდარვარ ანონიმური წყაროს მსხვერპლი. ამიტომ, როცა რამეს ვგეგმავ, გახმოვანებისგან თავს ვიკავებ - ვიცი, რომ ვიღაც, ან რაღაც ხელს შემიშლის.

- მაინც, ვინ ვიღაც?

- პოლიტიკური ოპონენტები, რომელთა გეგმებში ჩემი გაკეთებული საქმეები არ შედის. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს საზოგადოების რჩეული ადამიანები არიან.

- ჩინოვნიკებისა და მედიის დამოკიდებულებაზე რას იტყვით?

- ჟურნალისტობისას ის, რაც ჩემს მიმართ ზოგმა ჟურნალისტმა იკადრა, არასოდეს მიკადრებია! საბედნიეროდ, ქართული მედია ასეთი არ არის, ის მაღალზნეობრივი და პატრიოტულია. გამოგიტყდებით და, დღესაც ჟურნალისტები უფრო მიყვარს, ვიდრე - ყველა პოლიტიკოსი ერთად აღებული იმიტომ, რომ ჟურნალისტობა კეთილშობილური პროფესიაა და მედიაში მომუშავენი, დაბალი ანაზღაურებით და ძალიან ცუდ პირობებში, საზოგადოებისთვის საჭირო საქმეს აკეთებენ.

- თქვენი დაკვირვებით, ჩვენი .. ყვითელი პრესა სხვა ქვეყნებისყვითელი პრესისგანგასხვავდება?

- ,,ყვითელი პრესა” ყველა ქვეყანაში კანონმორჩილია და სიბინძურეების დაბრალებისთვის პირს შესაძლოა, სერიოზული ფინანსური პასუხისმგებლობაც დაეკისროს, რაც პატიმრობაზე გაცილებით უფრო ძნელია. მე, როგორც მოქალაქე ელისო ჩაფიძე ცილისწამებისთვის პასუხს მოვითხოვდი, მაგრამ რახან პოლიტიკაში ვარ, თმენის ვალდებულება მაიძულებს, გავჩუმდე. გადავწყვიტე, ბოლომდე ასეთი თმენით მივიდე.

- კონკრეტული პირის მიმართ წყენას გულისხმობთ?

- არ დავაკონკრეტებ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს დისკრედიტაციას ცდილობენ.

- პარლამენტში, ჩხუბისას, ქალბატონები მანდილის ჩაგდებას რატომ ვერ ახერხებთ? ისე, მახსოვს, ეროვნულ სამოსზე კანონი მიიღეთ...

- (იცინის) პარლამენტში ასეთი აქსესუარით კი დავდივარ ხოლმე. პარლამენტი გამოხატვის თავისუფლების კანონზე მუშაობს... პოლიტიკური დებატებისას, ბევრი სიბინძურის მოსმენა გვიხდება. თავისუფლების სტანდარტი რომ შევზღუდოთ, ეს ძალიან ცუდად იქნება აღქმული. მთავარია, ხალხმა ცუდ რიტორიკასა და ცილისწამებას სწორი შეფასება მისცეს. ამ შემთხვევაში, საქართველოს ევროპული არჩევანი უფრო მაფიქრებს - ოღონდ დასავლეთისკენ გზა გაგვეხსნას და მირჩევნია, ყველა ცილისწამება ავიტანო! დავფიქრდეთ, ვიდრე წვრილმანებზე დავხურდავდებით. ევროპასთან საზღვრების გახსნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ერთი სკანდალური სტატია.

- ამბობენ, კოალიცია ,,ქართული ოცნებაიშლებაო?

- ასე რატომ ფიქრობთ?

- ,,თავისუფალი დემოკრატებიოპოზიციის გზას დაადგნენ, კულუარებში ხშირად ,,ოცნებისლიდერთა დაპირისპირებებზე ლაპარაკობენ...

- ნორმალური პროცესია, მაგრამ ხშირად უსაფუძვლოა ეჭვები. თამარ კორძაიაზეც გაავრცელეს დეზინფორმაცია, ,,რესპუბლიკურ პარტიაში” გადადისო. პარტია რთული სტრუქტურაა, ვნახოთ, გამოწვევებს ვინ გაუძლებს და ვინ სხვა პლატფორმისკენ გადაიხრება.

- ბიძინა ივანიშვილის ერთგულებაზე უარი ბევრმა თქვა?

- პირადად მე, უარის თქმას არ ვაპირებ. მთელი ცხოვრება, ამ ადამიანის მიმართ პატივისცემის გრძნობა არ გამიქრება. 2011 წლის დეკემბერში, იმედი არ იყო, რომ ქვეყანაში რაიმე შეიცვლებოდა, მაგრამ სტიმული გაჩნდა. ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ამას ყვირილი არ სჭირდება. ხე ნაყოფს წლების მერე გვაძლევს, დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას სათანადოდ შეაფასებს. წინასაარჩევნო პერიოდი უფრო რომანტიკული იყო, პრობლემები თანდათან გაჩნდა, მაგრამ პარტიული კუთვნილება ადამიანთა ბუნებას არ ცვლის. რაც გვაქვს, იმ ადამიანურ რესურსებს უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს მოსახლეობას სტაბილურობის შეგრძნება აკლია. ორი რამ, რაზეც სახელმწიფომ უნდა იმუშავოს, განათლება და დასაქმებაა. პირველადი მოხმარების საგნებზე პროდუქციის წარმოება შესამჩნევად გაზრდის მოქალაქეების შემოსავალს. დიდ პატივს ვცემ ჩინეთს, როგორც ჩვენს სავაჭრო პარტნიორს, მაგრამ ბევრი რამ, რაც ამ ქვეყნიდან შემოგვაქვს, შეგვიძლია, თავადაც ვაწარმოოთ. 2050 წლისთვის, მსოფლიო სასურსათო კრიზისისთვის ემზადება, ამ დროისათვის საქართველო ძლიერი აგრარული ქვეყანა უნდა იყოს, რომ მხოლოდ საკუთარი თავის გამოკვება კი არა, პროდუქციის გარეთ გატანაც შეეძლოს.

- ჰო, მართლა: ახლახან, პარლამენტში, გენმოდიფიცირებული სოიოს გამო კამათობდით. რაო, რა დასკვნამდე მიხვედით?

- გენმოდიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ ბევრი ქვეყანა გამოდის... მახსოვს, რა ამბავი ატყდა ,,ნაციონალების” დროს გენმოდიფიცირებული სიმინდის გამო - წყალში ჩაიყარა გლეხის ფულიც და შრომაც.

- წეღან არასტაბილურობაზე საუბრობდით. რომან გოცირიძემ თქვა, ლარი ,,ოცნებისმესაფლავე გახდაო...

- რომან გოცირიძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ჩანს, ,,ოცნება” არ უყვარს, თორემ გულშემატკივრის პოზიციიდან ისაუბრებდა.Kმისი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროსაც არ იყო კუპონი და ლარი კარგ მდგომარეობაში. ლარის კურსი საქილიკო თემა არაა. მჯერა, რომ ეს საგარეო ფაქტორებით გამოწვეული პრობლემაა და უახლოეს პერიოდში დარეგულირდება.

- ელისო, მოდით, ,,ენ-დი-აი”-სა და ,,აი-რა-ისკვლევებზეც ვისაუბროთ. ეს ორგანიზაციები წყალს ვის წისქვილზე ასხამენ?

- სოციალურ ქსელში აქცია იყო, სადაც მოქალაქეები ამ შეკითხვას სვამდნენ. ჩემს ათასობით მეგობარსა და მხარდამჭერში ვერავინ ვიპოვნე, ვინც ამ კვლევაში მონაწილეობდა. სოციოლოგიური მეცნიერება ამბობს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, შეკითხვას ვინ, როგორ, რა ინტონაციით და ფორმულირებით სვამს. როცა ევროკავშირს და მის ინსტიტუტებს ერთმანეთისგან პოლიტიკოსებიც კი ვერ არჩევენ, შეცდომას, ბუნებრივია, შორ სოფელში მცხოვრები, თუნდაც განათლებული ადამიანებიც უშვებენ. ზოგს გარკვეული იმედგაცრუებებიც აქვს და, შესაბამისად, ,,ოცნებამ” მხარდამჭერები დაკარგა, მაგრამ გამოწვევებს უნდა გავუძლოთ, ვინც ჩვენს გვერდით ჭირში იყო, ლხინშიც იქნება. პრობლემების გადალახვას კი, დრო სჭირდება.

- ოპონენტები გსაყვედურობენ, გახმაურებულ მკვლელობებზე შედეგები დღემდე ვერ დადესო. დაპირებული სამართლიანობის აღდგენა სადაა?

- ამ საქმეში სამოქალაქო ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. სამართლიანობის აღდგენა საიდან უნდა დაიწყოს? - საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, პროტესტს ბევრი რამე იწვევდა. საბჭოური სახელმწიფოს დანგრევის მერე, ბევრმა ნაძარცვი ქონებით ხელი მოითბო და დიდი ფულის პატრონი გახდა. წლების განმავლობაში, ქართული პოლიტიკა სწორედ ასეთი ადამიანების ზეგავლენით კეთდებოდა. იმედი მაქვს, ქართულ პოლიტიკაში ახალი თაობა სუფთა ხელებით, წარსულით, ადამიანებით მოვა და უფრო წარმატებული იქნება. დღეს, მგონია, რომ საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ადამიანის პატივისცემას, შებრალებას კანონი დაარეგულირებს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ადამიანების საქციელს სათანადო ორგანოების მიერ მათზე დაგროვილ-შეკრებილი კომპრომატები განსაზღვრავდა.

- მომავალი საარჩევნო კამპანია ივანიშვილის გარეშე ჩატარდება, ,,ოცნებასეს პროცესი როგორ წარმოუდგენია?

- თუ ვიტყვი, რომ მომავალზე არ მიფიქრია, გულწრფელი არ ვიქნები.

- პარლამენტარობისთვის 2016-შიც იბრძოლებთ?

- თუ ჩავთვლი, რომ ეს ეტაპი და სტადია ამოვწურე, ვეცდები, ახალი მიზანი დავისახო.  2011 წლის 31 დეკემბერს ვერ ვიფიქრებდი, რომ პოლიტიკაში წავიდოდი. რამდენიმე პროექტი და ავსტრიიდან მოწვევა მქონდა. სწორედ ამ დროს ბატონი ბიძინასგან შეთავაზება მივიღე.Dდიდხანს ვიფიქრე.

- რატომ?

- როცა მთელი ცხოვრება შენს პროფესიაზე ფიქრობ და ემსახურები, ორჭოფობ, შიშობ, გგონია, რომ სულ სხვა სამყაროში მოხვდები. არანაირი ტიპის ვაჭრობა არ მიკადრებია, რახან გადავწყვიტე, ნებისმიერი სამუშაოს შესასრულებლად მზად ვიყავი. ვფიქრობდი, რომ იმ ეტაპზე პოლიტიკაში ახალი ძალის გამოჩენა ქვეყნის გადასარჩენად მნიშვნელოვანი იყო. მიზანი დავისახე და არჩევნებში ,,ნაცმოძრაობის” ოდიოზურ ფიგურას, პავლე კუბლაშვილს მოვუგე. მშობლიურ ქალაქში დედა და ახლო ნათესავები მყავს, გარშემო უამრავი მეგობარია, მაგრამ ჩემს წარმატებას, საარჩევნო ხმებს დედას ვუმადლი, რომელიც დღეს სოფელ მუხურაში ცხოვრობს. მან ყველაფერი გააკეთა, რომ ობლად დარჩენილი შვილები გზაზე დავეყენებინეთ.

- ზოგი დღესაც გაჰყვირის, ქართველი ქალი ნაცარში უნდა იჯდეს და შვილებს ზრდიდესო... თქვენ აქტიური გზა აირჩიეთ.

- ქართველმა ქალებმა საკუთარ მხრებზე დიდი ტვირთი აიღეს და ქვეყანა გადაარჩინეს.

- ხაჭაპურს აცხობთ?

- ჩემთვის საჭმლის მომზადება დიდი სიამოვნებაა. სტუდენტობისას არაფრის კეთება ვიცოდი - ან ქვაბს ვწვავდი, ან საჭმელს, ან ხელს ვიწვავდი. მერე, ყველაფერი ვისწავლე, მაგრამ ხშირად ჭამისთვისაც ვერ ვიცლი.

- საზოგადოებაში სტერეოტიპები ელვისებურად იმსხვრევა. 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა...

- აზროვნების რადიკალიზაცია მაღიზიანებს. გამაღიზიანებელია, როგორც თავგამოდებული მორწმუნეების საქციელი - მათი მორწმუნეობა სხვებს თვალში რომ ეჩხირება და, მეორეს მხრივ, იმ ადამიანთა საქციელი, რომლებიც ცდილობენ, გამორჩეულობას ხაზი აუცილებლად გაუსვან, ივაჭრონ და ქულები დაიწერონ. ყველას თავისი ცხოვრების წესი აქვს და ნურავის აიძულებ, რომ შენი განსხვავებულობა ნორმად აღიქვას. ხარ მორწმუნე და ჩემი გადარჩენისთვის ლოცულობ? - ილოცე, მაგრამ ეს ლოცვა ტაძარში აღავლინე და არა - სოციალურ ქსელში. საქართველოში ნაკლები ტოლერანტობაა, რისგანაც ყველა ვიტანჯებით.

- ელისო, მოდით, ისევ თქვენი მშობლიური ქალაქის პრობლემებს დავუბრუნდეთ. ტყიბულის ქვანახშირი ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრეა, რაც ჩვენს დანგრეულ ეკონომიკას, უდავოდ, წაადგებოდა...

- 90-იან წლებში, ტყიბულის ნახშირის წარმოება სრულად განადგურდა და “დიდი დეპრესიის” პირობებში, სპეციალისტები ქვეყნიდან გავიდნენ. 2006 წელს, ტყიბულის ქვანახშირი კერძო მფლობელობაში გადავიდა. ცამეტ-მეგავატიანი თბოელექტროსადგური, როგორც სჩვეოდათ, ,,ნაციონალებმა” ნაჩქარევად, ფართხაფურთხით ააშენეს. ამბობდნენ, როცა მიხეილ სააკაშვილმა პულტს ხელი დააჭირა, დიდი ალბათობით, თბოელექტროსადგურის აფეთქება მოსალოდნელი იყოო.

- ტყიბულის მაღაროები მართლა ბეჟუაშვილების საკუთრებაა?

- დიახ, ასეა, მათ შორის, შახტებიც ბეჟუაშვილების საკუთრებაა.

- ქვანახშირი სრული დატვირთვით რატომ არ მოიპოვება. ეს ბიზნესი მომგებიანი არაა?

- ამბობენ, რომ ეს უფრო სოციალური პროექტია, ვიდრე - დიდი ბიზნესი. არ მინდა დავიჯერო, რომ ადგილი აქვს საბოტაჟს, რადგან მაღაროებში მომუშავეებს წარამარა ამცირებენ, ხელფასს უკლებენ. იზრდება უკმაყოფილება - კადრების შემცირება პოლიტიკური ნიშნით ხდება. ხმასაც კი ავრცელებდნენ, რომ ტყიბულის ქვანახშირი უვარგისია. არა, ბატონო, ნედლეული ვარგისიანია. დღეს ტყიბულის ქვანახშირი კერძო საკუთრებაა და მის მართვაში ჩარევა არაკანონიერია. საინვესტიციო ფონდისა და კომპანია ,,ჯი-აი-ჩი”-ს დაგეგმილი აქვს ერთობლივი პროექტი  - ახალი თბოელექტროსადგურის აშენება. მოპოვებული ქვანახშირით შეგვიძლია, ტყიბულის მაღალმთიანი სკოლები გავათბოთ, რაც გაზზე გაცილებით იაფი დაჯდება. ასე რომ, ეფექტური მენეჯმენტის პირობებში, ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის მარაგიც ჯერჯერობით უზარმაზარია, ეროვნულ ინტერესებს მოემსახურება.

- ანუ, ტყიბული გამდიდრდება?

- დარწმუნებული ვარ, ჩემი ტყიბული მდიდარი ქალაქი გახდება, მთავარია, შეცდომები არ გავიმეოროთ და აშენებულს, არსებულს გავუფრთხილდეთ. თუნდაც ერთი უმუშევარი და ულუკმაპუროდ დარჩენილი ოჯახის ფასად, პოპულარობა და პოლიტიკური კარიერა არაფრად მიღირს!

- რას ჰკითხავს ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე პარლამენტარ ელისო ჩაფიძეს?

- ელისო, რაც გსურდა ყველაფერი გააკეთე?

- ბანალური შეკითხვაა...

- (იცინის) პარლამენტარ ელისო ჩაფიძეს ვკითხავდი: პოლიტიკოსო ელისო, ჟურნალისტობის დროს ხმამაღლა რომ გაჰყვიროდი, ახლა რას გაჩუმებულხარ?!

- და პასუხი რა იქნებოდა?

- მოდით, ამ კითხვის პასუხი შემდეგი ინტერვიუსთვის გადავდოთ.

- წარმატებებს გისურვებთ!