უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკის, უსაფრთხოების ექსპერტის, კონსტანტინე ფორჩხიძის დღევანდელ ინტერვიუს რომ წაიკითხავთ, შეიძლება, იფიქროთ, ყველაფერი ეს ხომ ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური მანიპულაციააო, მაგრამ ვიდრე დასკვნას გააკეთებთ, დაფიქრდით, რამეთუ, როგორც ფორჩხიძე ამბობს, სპეცსამსახური ადამიანების შესწავლას სწორედ მათი მიმიკებით, ჟესტებითა და მეტყველებით იწყებს. მოკლედ, “ქართული სიტყვა” აგრძელებს სკანდალური ინტერვიუების ციკლს ქართველ სპეცსამსახურელთან, რომელიც, დაზომბირების მეთოდების პარალელურად, აქცენტს “ნაცმოძრაობაში” დაწყებულ რყევებზეც აკეთებს. ისე, კოტე ფორჩხიძე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ “ნაციონალები” მიშასგან გამიჯვნას დაიწყებდნენ. “ქართული სიტყვის” ტრადიციული რესპონდენტი დღესაც ამ აზრზეა და ამბობს, რომ მისი პროგნოზი ახდა.
კონსტანტინე ფორჩხიძე: - ...რიგის სამიტზე აზერბაიჯანის პოზიცია მკვეთრად უარყოფითი იყო, ანუ ევროკავშირთან თანამშრომლობის სურვილი იმ ფორმატში კი არ გამოთქვა, როგორი ფორმატის მომხრეც საქართველოა, არამედ, ყურადღება ორმხრივ ურთიერთობაზე გაამახვილა. დაახლოებით, ასეთივე პოზიცია აქვს ბელარუსს, რომელიც მომხრეა, რომ თავისუფალი ვაჭრობა მხოლოდ ევროკავშირთან კი არა, ევრაზიულ კავშირთანაც ჰქონდეს. მოკლედ, ყველაფერი ეს ევროატლანტიკურ არჩევანს არ ნიშნავს.
- შეიძლება, მაგრამ რიგის სამიტზე მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია შეიძლება, დეკემბერში მიიღოს. ამ პერიოდში შესაძლოა, რომ რუსეთმა გარკვეული წინააღმდეგობა შექმნას, ვთქვათ, კონფლიქტურ ან, სულაც, ეთნიკური არაქართველებით დასახლებულ რეგიონებში პროვოკაციები გაამძაფროს?
- რა თქმა უნდა, შეიძლება. რუსეთი კარგად აცნობიერებს - თუკი საქართველო ევროპასთან ვიზალიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის სრულ პაკეტს მიიღებს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემები შეექმნება, რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მხოლოდ ტერიტორიები არაა. იქ ხალხი ცხოვრობს, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს პასპორტის აღება და ვიზალიბერალიზაციით სარგებლობა მოითხოვოს. ამიტომ, რუსეთი შეეცდება, სამხედრო მარწუხებს უფრო მოუჭიროს და ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცროს. ამის ნათელი დადასტურება 58-ე არმიის სარდლის, გენერალ ხრულოვის აფხაზეთის ე.წ. გენშტაბის ხელმძღვანელად დანიშვნაა. სხვათა შორის, ხრულოვი 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველებმა დაჭრეს. კრემლმა ანალოგიური ნაბიჯი ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც გადადგა.
მეორე, რაც რიგის სამიტზე გამოჩნდა, ვიმეორებ, აზერბაიჯანის პოზიციაა - ოფიციალურმა ბაქომ, როგორც აღვნიშნე, ევროკავშირში ინტეგრაციაზე, პრაქტიკულად, უარი თქვა და რუსეთის ვექტორისკენ შებრუნდა. ამ პოზიციამ თურქეთი გააღიზიანა, რადგან თუკი აზერბაიჯანი რუსეთის ფინანსური და ეკონომიკური გავლენების ქვეშ მოექცევა, თურქეთი ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დადგება, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე ოფიციალურ ანკარას სერიოზული გავლენა აქვს.
საერთოდ, ეს იდეოლოგიური კი არა, უფრო ეკონომიკური, ანუ იმპერიული გავლენებისთვის ბრძოლაა. ისე, რუსეთი კაპიტალისტური ქვეყანა, თავისი ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით არც დასავლეთისგან განსხვავდება და არც - აშშ-სგან.
- კარგი, რა, ბატონო კოტე, რუსეთში მთელ ბიზნესსა თუ სამოქალაქო სექტორს სპეცსამსახურები აკონტროლებენ და “ლიბერალურ პოლიტიკას” ამას ეძახით?
- ოფიციალურ პოლიტიკაზე ვლაპარაკობ, თუმცა სინამდვილეში, რუსეთი ავტორიტარული სახელმწიფოა და კრემლს ეს ავტორიტარიზმიც იმისთვის სჭირდება, რომ თავისი იმპერიული ზრახვები შეინარჩუნოს.
- თქვენის ნებართვით, საუბრის თემას შევცვლი: მართალია, ექსპერტების უმეტესობა, პრემიერისა არ იყოს, მიიჩნევთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, დამთავრებულია, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ: ჩვენი ქვეყნის ყოფილი მმართველი რიგის სამიტზე ოფიციალურად იყო მიწვეული...
- მერე, ეს ვისი ბრალია?..
ისე, სააკაშვილი დღეს უკრაინის ოფიციოზს წარმოადგენს. დიპლომატიაში კი ასეთი რაღაცები არ “მოსულა,” რომ ოფიციოზის წარმომადგენელს მიღებაზე უარი უთხრან.
- დიპლომატიური ეტიკეტი მედლის ერთი მხარეა, მაგრამ ხომ არ გვავიწყდება, რომ სააკაშვილზე “შიდა ძებნაა” გამოცხადებული? საქართველოს ხელისუფლებას, ნუთუ, ერთი ბერკეტიც არ ჰქონდა, რომ რიგაში ძებნილი მიშა დაეკავებინა?
- ამ ოპერაციის ჩატარებას თავისი იურიდიული საფუძველი უნდა ჰქონდეს.
- “შიდა ძებნა” იურიდიული საფუძველი არაა? ბოლოს და ბოლოს, თავის დროზე ნიკიტა ხრუშჩოვი დაიჭირეს და ეს სააკაშვილი რა გახდა?
- ხრუშჩოვი საბჭოთა პერიოდში აიყვანეს. მიშაზე კი, ძებნა ინტერპოლით არაა გამოცხადებული და ეს ხელისუფლების უნიათობის ბრალია. მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური ფიგურის პოლიტიკური სივრციდან მოშორებისთვის სულ ერთი საათია საჭირო, მაგრამ “ოცნებას” ამის თავი არ აქვს. ამ დეგენერატებმა თავი გაანძრიონ და ის საკითხი წამოსწიონ, რაშიც სააკაშვილს ბრალი მიუძღვის, ლაპარაკია 2008 წელს მის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე.
- ბატონო კოტე, ამ თემებზე დიდი ხანია, ლაპარაკობთ...
- იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მათ, ვინც ძვირადღირებულ მანქანებში სხედან, ერთი ადგილი გაანძრიონ, თუკი ყველაფერი ეს, მართლაც, გარიგება არაა.
- რას გულისხმობთ?
- სააკაშვილისა და “ოცნების” ხელისუფლებას შორის შესაძლოა, გარიგება მოხდა და ამის ყველა ნიშანი სახეზეა...
- ისე, თქვენი პროგნოზი, მგონი, ახდა - “ნაცმოძრაობა” ოთხმა სახემ - ზურაბ ჯაფარიძემ, პალიკო კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ დატოვა. კოტე ბატონო, “ნაცებმა” მიშასგან გამიჯვნა რეალურად დაიწყეს?
- დიახ, ასეა, რასაც აუცილებლად მოჰყვება “ნაცმოძრაობიდან” პროდასავლურად განწყობილი სხვა, მათ შორის, მძიმე პოლიტიკური ფიგურების გამიჯვნაც.
- სხვათა შორის, თავდაპირველი ინფორმაცია, რომ პარტია გიგა ბოკერიამაც დატოვა, არ დადასტურდა...
- ეს მხოლოდ დროის საკითხია...
- გაქცეულებზე “ნაცებმა” ისიც თქვეს, პასუხისმგებლობას ვერ გაუძლესო...
- პასუხისმგებლობა და ზეწოლა არაფერ შუაშია.
- აბა, საქმე რასთან გვაქვს?
- საქმე ისაა, რომ უკრაინაში ე.წ. ქართველი რეფორმატორების მიმართ უარყოფითი განწყობა ნელ-ნელა მატულობს. ადრე ვთქვი, მიშა უკრაინას ორ-სამ თვეში დატოვებს-მეთქი და ყველაფერი აქეთკენ მიდის.
უკრაინაში უკმაყოფილება პოროშენკოს მიმართაც იზრდება, ანუ უკრაინელები აცნობიერებენ, რომ მანაც, მიშასი არ იყოს, რუსული დავალებები შეასრულა.
- ეს გასაგებია, მაგრამ “ნაცებიდან” ოთხი “ტიპის” გაქცევა უკრაინასთან რა კავშირშია?
- პოროშენკოს, შესაბამისად, სააკაშვილის მისამართით ამერიკული განწყობა უკვე სახეზეა და ამას თუნდაც ჯონ ქერის ბოლო განცხადებებიც ადასტურებს, მათ შორის, ლავროვთან გაკეთებულიც, როცა ქერიმ პოროშენკო არ დაიცვა.
მოკლედ, “ნაციონალების” ერთი ჯგუფი მიშასგან გათავისუფლებას ცდილობს.
ამავე დროს, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ “მოქკავშირის” სცენარი განმეორდეს, ანუ თუ გახსოვთ, “ვარდების რევოლუციის” წინ, “მოქკავშირი” კი არ დაიშალა, არამედ, გაიშალა. სწორედ მაშინ შეიქმნა “ნაცმოძრაობა”.
- ანუ, ვარაუდობთ, რომ “ნაციონალები” ახალ პარტიას შექმნიან?
- ან ახალ პარტიას შექმნიან, ან არსებულს მიუერთდებიან.
- მაგალითად, რომელს?
- ვთქვათ, დავითაიას, ან ხარატიშვილის პოლიტიკურ ძალას ან, სულაც, “ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას”.
ისე, მგონია, რომ ყველაფერ ამის უკან ფარული ამერიკული იტერესები იგრძნობა.
- რატომ მაინცდამაინც ზემოხსენებული ოთხეული?
- არც პალიკო კუბლაშვილი, არც ზურაბ ჯაფარიძე და, სხვათა შორის, არც სერგო რატიანი კომპრომეტირებულნი არასოდეს ყოფილან, თუმცა რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ.
ისე, არ გამოვრიცხავ, რომ “ნაცმოძრაობა” მალე გიორგი კანდელაკმა, გიგა ბოკერიამ, პატიმრობაში მყოფმა გიგი უგულავამ და მამუკა ახვლედიანმაც დატოვონ და ამით “ნაცმოძრაობაში” მხოლოდ ფარულად პრორუსულად განწყობილი ძალებიღა დარჩებიან, რომლებიც თავიანთი თავის კომპრომეტირებას თავად მოახდენენ...
- წინა ინტერვიუში დაზომბირების მეთოდებზე საუბრობდით...
- დიახ და ახლაც ვიმეორებ, რომ მხოლოდ სააკაშვილი კი არა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბევრია დაზომბირებული! ამ თემაზე კი იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ხალხმა დაზომბირებული ლიდერების გამოცნობა შეძლოს.
საერთოდ, თანამედროვე ცხოვრების სიძნელეებმა და ურთიერთობების გართულებებმა იმ ადამიანების ამოცნობის აუცილებლობა წარმოშვა, ვისთანაც ყოველდღიური საზოგადოებრივი, საქმიანი თუ საყოფაცხოვრებო კონტაქტი გვაქვს. სწორედ ეს კონტაქტი განაპირობებს თითოეული ჩვენგანის წარმატებას...
- ბატონო კოტე, დამპირდით, რომ ზომბირების ახალ მეთოდებზე ვილაპარაკებდით და ეს რა შუაშია?
- ვანო, ძალიან გთხოვთ, არ გამაწყვეტინოთ, ბოლომდე მომისმინეთ და მერე, დასკვნა თავად გამოიტანეთ...
- კეთილი, გისმენთ...
- ადამიანები, როგორც წესი, ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ამიტომ, თუკი გვინდა, რომ არ მოვტყუვდეთ, თანამოსაუბრის ზუსტი მიზნების გამოცნობა უნდა ვიცოდეთ.
- მიზნების გამოცნობას ხომ, მინიმუმ, ტელეპატიის უნარი სჭირდება?
- ხომ გთხოვეთ, არ გამაწყვეტინოთ-მეთქი?
- კარგი, ბოდიში...
- ორი ადამიანის საუბრისას, ინფორმაციის 7 პროცენტის აღქმა სიტყვიერად ხდება, 30 პროცენტის - საუბრის ტონალობითა და ინტონაციით, 60 პროცენტზე მეტის აღქმა კი, - არავერბალური არხებით.
- არავერბალური არხები რა არის?
- გამოხედვა, ჟესტები, მიმიკები...
მოსაუბრის სწორად შესაფასებლად საუბარი მხოლოდ სიტყვებით გადმოცემული ინფორმაციით კი არა, არამედ, ინტონაციით, ტონალობით, გამოხედვით, ჟესტებითა და მიმიკებით მიღებული ინფორმაციის ანალიზითაც უნდა აღვიქვათ.
ადამიანები სულიერ შეგრძნებებსა და ემოციებს ორნაირად - კონვენციალურად (მოცემულ გარემოში სტანდარტულად მიღებული ხერხები) და სპონტანურად (არაცნობიერი) გამოხატავენ.
როცა ადამიანი ცდილობს, რომ თანამოსაუბრის მიმართ თავისი რეალური განწყობა დამალოს, ყველაფერი შეიძლება, არავერბალურ მინიშნებებზე დავიდეს. ეს მინიშნებები ზოგჯერ ჭეშმარიტია, თუმცა უმეტესად, დეზორიენტაციას იწვევს.
ადამიანები სიტყვებს არცთუ იშვიათად ვწონით და მიმიკებსაც ვაკონტროლებთ, მაგრამ საგულისხმოა, რომ ერთდროულად მხოლოდ ორი-სამი რეაქციის კონტროლის უნარი გვაქვს. ინფორმაციის მიღება, ანუ სპეცსამსახურის ენით რომ გითხრათ, ე. წ. დაფარული ინფორმაციის ამოღება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მოსაუბრე შესაბამის ცოდნას ფლობს.
საერთოდ, ყველა ადამიანის რეაქცია ინდივიდუალურია. ქალების ემოციურობის მიზეზის ამოცნობა უფრო ადვილია, ვიდრე - მამაკაცების.
სხვათა შორის, ადამიანის ემოციებს თავის ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო მართავს, ლოგიკას და მეტყველებას კი, - მარცხენა. სხეულის სხვადასხვა ნაწილს კი, ორივე ნახევარსფერო აკონტროლებს. ამიტომ, ის, რისი დემონსტრირებაც პიროვნებას სხვებისთვის სურს, სხეულის მარჯვენა ნაწილზე გამოისახება, ის კი, რასაც რეალურად განიცდის, - მარცხენაზე, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი განცდებს მოძრაობით, მიმიკით, ჟესტებითა და ქცევით გამოხატავს...
სახის მიმიკა
სულიერი განცდის ზემოქმედებით, ადამიანის სახის გარკვეული სტრუქტურის ცვლილება, ანუ მოდუნება ხდება. გულწრფელ ემოციას სიმეტრიული ცვლილებები მოჰყვება. ტყუილი კი, სახის მარჯვენა და მარცხენა ნაწილებს შორის ასიმეტრიულობას წარმოშობს.
ე.წ. ადვილად ამოცნობადი მიმიკა დროის მცირე მონაკვეთში წარმოიშვება, ხშირად შეუმჩნეველია და ასეთი მიმიკის “დასაჭერად”, რა თქმა უნდა, სპეციალური ცოდნაა საჭირო.
ამასთან, დადებითი ემოციის ამოცნობა უარყოფითზე ადვილია.
განსაკუთრებული ემოციურობით, როგორც წესი, ტუჩები გამოირჩევა და ამის, ასე ვთქვათ, წაკითხვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ასე, მაგალითად, ტუჩების კვნეტა იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი შფოთავს, პირის ერთი მიმართულებით “მოქცევა” სკეპტიციზმისა და დაცინვის ნიშანია.
ღიმილი, როგორც წესი, მეგობრულობისა და კეთილგანწყობის გამოხატულებაა. ღიმილი მამაკაცისთვის კარგი შესაძლებლობაა, რომ აჩვენოს, თავს ნებისმიერ სიტუაციაში ვფლობო. ქალების ღიმილი კი, უფრო საიმედო და ჭეშმარიტია, რომელიც ხშირად ქალის რეალურ მდგომარეობას გამოხატავს.
საერთოდ, შეიძლება, ღიმილი მრავალნაირად აღვიქვათ. ამიტომ, სპეცსამსახურის სახელმძღვანელოებში ღიმილის სტანდარტული განმარტება არ არსებობს და რამდენიმე ტიპის ღიმილს გამოარჩევენ:
სტანდარტული ღიმილი - თუკი თანამოსაუბრე ზედმეტად იღიმის, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა, მისი ნათქვამი კარგად იქნეს აღქმული.
ირიბი ღიმილი, როცა სახე ერთ ან მეორე მხარესაა მოქცეული, კონტროლირებადი ნერვიულობის ნიშანია.
როცა თანამოსაუბრე იღიმის და ამ დროს წარბები ზევით აქვს აწეული, იმაზე მიანიშნებს, რომ ის მორჩილებისთვისაა მზად. მაშინ კი, როცა ღიმილისას წარბები ქვევითაა დაშვებული, თანამოსაუბრე ხაზს თავის უპირატესობას უსვამს.
თუ ადამიანი გიღიმით, მაგრამ თვალებს არ ახამხამებს და გუგები შევიწროებული აქვს, იცოდეთ, რომ გემუქრებათ.
სახის ტიპური გამომეტყველება კი, რომელიც ამა თუ იმ ემოციას გვამცნობს, ასეთია:
სიხარული - ტუჩები “დაბრეცილია”, მისი კუთხეები უკანაა გადაწეული; თვალებთან წარმოიქმნება მცირე ნაოჭები.
ინტერესი - წარბები ოდნავ აწეული, ან დაშვებულია, ლოყები კი, ოდნავ გაფართოებული, ან შევიწროებული.
ბედნიერება - თვალები მშვიდია, ტუჩების კუთხეები აწეულია.
გაოცება - აწეული წარბები შუბლზე ნაოჭებს ქმნის, თვალები გაფართოებულია, გაღებულ პირს მომრგვალებული ფომა აქვს.
ზიზღი - წარბები დაშვებულია, ქვედა ტუჩი გამოწეული, ან აწეულია და ზედასაა მიბჯენილი; თვალები სიელმის შთაბეჭდილებას ტოვებენ და ადამიანს თითქოს, მაპატიეთ და, გადაფურთხების სურვილი აქვს.
შიში - ოდნავ აწეულ წარბებს სწორი ფორმა აქვს, შუბლზე ჰორიზონტალური ნაოჭებია, თვალები გაფართოებულია, ქუთუთოები კი, - დაჭიმული. პირი, შესაძლოა, ღია იყოს, მისი კუთხეები კი, უკან ისე იყოს გაწეული, რომ ტუჩები თითქოს კბილებს ეკვრის, რაც ემოციის ინტენსიურობაზე მეტყველებს. მაშინ კი, როცა თანამოსაუბრეს წარბები ზემოთ აქვს აწეული და სხვას ვერაფერს ვამჩნევთ, საქმე კონსტრუირებულ შიშთან გვაქვს.
მრისხანება - ქვევით მიმართული შუბლის კუნთები შიგნითაა შეწეული; ცხვირის ნესტოები აწეულია, პირი მჭიდროდაა შეკრული და სწორკუთხოვანი ფორმა აქვს მიღებული. სახეზე სიწითლე აღინიშნება.
სირცხვილი - თავი დაშვებულია, სახე შებრუნებულია, თვალები აქეთ-იქით დარბიან, ქუთუთოები დაწეული, ან ოდნავ ღიაა. სახე საგრძნობლად გაწითლებულია, პულსი აჩქარებულია, სუნთქვა კი, - შეფერხებული.
გლოვა - თვალები ამღვრეულია, პირის კუთხეები დაწეული.
თვალები და გამომეტყველება
ადამიანის განწყობას ყველაზე კარგად თვალები გადმოსცემენ, ანუ ადამიანს, როგორც წესი, გასცემს:
გამოხედვის ცვლილება, რომელიც რაღაც ემოციაზე რეაგირებაა;
“საგრძნობლად მორბენალი” თვალები შეიძლება, გამოხატავდეს შიშს, სირცხვილს, შეშფოთებას, ნევრასთენიას.
გაბრწყინებული გამოხედვა აღგზნების, ნაუცბათევი ქცევითი რეაქციის მანიშნებელია;
შეშინებული გამოხედვა მძლავრ სისუსტეზე მიუთითებს, გუგების გაფართოება კი, - ინტერესის გამოხატვასა და მიღებული ინფორმაციით განცდილ კმაყოფილებაზე, თუმცა ეს რეაქცია შესაძლოა, გარე ფაქტორების ზემოქმედებითაც წარმოიშვას, მაგალითად, საკვებით, მუსიკით, ფოტოგრაფირებით, ძლიერი განცდით, ნარკოტიკის (კოკაინი, მარიხუანა) მიღებით;
გუგების შევიწროვება გაღიზიანებაზე, მრისხანებაზე, არაკეთილგანწყობასა და უარყოფით ემოციაზე მიანიშნებს. ეს მდგომარეობაც, შესაძლოა, ზოგიერთმა ნარკოტიკმა, მაგალითად, მორფმა, ან ჰეროინმა გამოიწვიოს.
თუ თანამოსაუბრე თვალებს ხშირად ახამხამებს, ეს იმას ნიშნავს, რომ აღგზნებულია და იტყუება. ადამიანები ერთმანეთს თვალებში მაშინ უყურებენ, როცა საუბარს ისმენენ და არა - უბრალოდ, საუბრობენ.
თუკი სუბიექტი მთელი საუბრის 1/3 დროის განმავლობაში, თვალებში გიყურებთ, იცოდეთ, რომ ან ცრუობს, ან სიმართლის დამალვას ცდილობს. თუკი დაჟინებულად გიყურებთ და ამავე დროს, თვალის გუგები გაფართოებული აქვს, თქვენდამი განსაკუთრებულ ინტერესს გრძნობს, იმ შემთხვევაში კი, თუ თანამოსაუბრე თვალს არ გაშორებთ და გუგები შევიწროვებულია, თქვენდამი მტრულადაა განწყობილი, ან თქვენზე დომინირებას ცდილობს.
ე.წ. თვალის კონტაქტის მოდიფიკაცია, შეიძლება, ასე გავშიფროთ:
ე.წ. არაფრისმეტყველი გამოხედვა კონცენტრირებული გააზრებაა.
გამოხედვის გადატანა გარეშე საგანზე, ვთქვათ, ჭერზე, ან იატაკზე - პარტნიორის გრძელი მონოლოგის გამო, საუბრისადმი ინტერესის დაკარგვა.
თვალებში დაჟინებული მზერა, როცა გუგები შევიწროვებულია, არაკეთილგანწყობის, ბოროტი განზრახვის, ან პარტნიორზე დომინირების განმსაზღვრელია. მაშინ კი, როცა გუგები გაფართოებულია, უნდა ჩათვალოთ, რომ თანამოსაუბრეს სექსუალურად იზიდავთ.
გამოხედვის შებრუნება, ან თვალების დახრა სირცხვილზე, ან ტყუილზე მიანიშნებს; გვერდით გახედვა კი, - უნდობლობაზე.
თუკი თანამოსაუბრე პარტნიორს ხან უყურებს და ხან - არა, ეს უნდობლობაზე მეტყველებს.
სხეულის პოზა
ადამიანის სულიერ განცდებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას სხეულის სტატიკური მდგომარეობა იძლევა. თუკი ერთი და იგივე პოზა ხშირად მეორდება, ეს პიროვნების მდგრადობაზე მიანიშნებს. მაშინ კი, როცა საქმე გრძნობათა ცვლილებებთან გვაქვს, ადამიანი სახეს უფრო კარგად აკონტროლებს, ვიდრე - სხეულს. ზოგჯერ ადამიანის ჭეშმარიტ განცდაზე მიმიკა კი, არა, პოზა მეტყველებს.
ადამიანის სხეულის მდგომარეობა და მისი ფსიქიკური განცდების შესატყვისობა ასე იშიფრება:
თუ ხელები ზურგს უკანაა, თავი აწეულია, ნიკაპი კი, გამოწეული, ეს თვითდაჯერებულობისა და სხვებზე უპირატესობის გამოხატვას ნიშნავს.
თუ კორპუსი წინაა წამოწეული და ადამიანს დოინჯი აქვს შემოყრილი, ეს ნიშნავს, რომ პიროვნება საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და თავის პოზიციას აქტიური მოქმედებითა თუ აგრესიულობით ბოლომდე დაიცავს.
როცა სუბიექტი ფეხზე დგას, ხელები კი, მაგიდაზე, ან სკამზე აქვს დაყრდნობილი, ამით თანამოსაუბრესთან კონტაქტს განსაზღვრავს. მაშინ კი, როცა ხელები თავზე აქვს შემოხვეული, პარტნიორს თავის უპირატესობას აგრძნობინებს.
ხელის ცერა თითის ქამარში, ან ჯიბეში ჩაყოფა აგრესიისა და თვითდაჯერებულობის ნიშანია; ცერა თითის ჯიბიდან ამოღება მაშინ, როცა სხვა თითები ჯიბეშია, პარტნიორზე უპირატესობის დემონსტრირებაა.
ხელების, ან ფეხების გადაჯვარედინება სკეპტიკურ განწყობას, ან თავდაცვას გამოხატავს; იგივე პოზა, როცა თანამოსაუბრეს პიჯაკი გახსნილი აქვს ნდობის დამყარებაზე მიანიშნებს; თავის გვერდზე მიბრუნება - ინტერესის გაღვიძებაზე; თავის დახრა - უარყოფით დამოკიდებულებაზე; თავის უკან ნელი გადაწევა - აგრესიულობაზე.
სკამის კიდეზე ჯდომა იმას ნიშნავს, რომ ადამიანი გაქცევისთვის მზადაა, ან შექმნილ სიტუაციაში გრძნობების დაშოშმინებასა და საუბარში ჩართვისთვის ყურადღების მიქცევას ცდილობს.
ფეხის ფეხზე გადადება და გულ-მკერდზე ხელების დალაგება საუბრიდან გათიშვას მოასწავებს; ფეხის სავარძლის სახელურზე გადადება - გარემოცვის უგულველყოფას.
ხელის მტევნების გადაჯვარედინება არაკეთილგანწყობილი ურთიერთობის შეკავებაზე, შიშსა და აღელვებაზე მეტყველებს, ანუ ეს პოზა თვითკონტროლი და ნეგატივისგან დაცვის მცდელობაა.
როცა დგომისას ან ჯდომისას ფეხები გასასვლელისკენაა მიმართული, საუბრის შეწყვეტის სურვილს ნიშნავს; პოზის ხშირი ცვლილება, მაგალითად, ცქმუტვა, შეშფოთებისა და დაძაბულობის ნიშანია.
თუკი ადამიანი საუბრისას წამოდგა, ეს ნიშნავს, რომ საუბარი არ აინტერესებს, რაღაცამ გააოცა, ან დაშოკა; თუკი ორივე ხელის თითები შეერთებულია, ადამიანი ცდილობს, რომ იმედგაცრუება და უარყოფითი განწყობა დამალოს. თუკი მარჯვენა ხელის მტევანზე (ან პირიქით) მარცხენა ხელის თითებია გადაჯაჭვული, ადამიანი ხაზს თავის უპირატესობასა და თვითდაჯერებულობას უსვამს; თუკი პიროვნებას ხელის მტევნები პირის გასწვრივ უჭირავს, ესე იგი, ჭეშმარიტი განზრახვის დამალვას ცდილობს და თანამოსაუბრეს კატათაგვობანას ეთამაშება.
თავის ხელზე ჩამოდება მოწყენილობაზე მიანიშნებს: ნიკაპის ქვეშ თითების მუშტად ისე შეკვრა, რომ ზედ თავი არ ეყრდნობა, - დაინტერესებაზე.
ნიკაპის ე.წ. დიდი თითებით დაჭერა კრიტიკულ შეფასებაზე მეტყველებს; ჭიქის ორივე ხელით აღება - მასკირებულ ნერვიულობაზე; სიგარეტის კვამლის ზევით გაშვება - დადებით განწყობასა და თვითრწმენაზე, დაბლა გაბოლება - ნეგატიურ განწყობაზე, ფარულ და ეჭვიანი აზრების გამოხატვაზე.
ჟესტები და სხეულის მოძრაობა
ჟესტი სხეულის კი არა, სულის მოძრაობაა, რომელიც ადამიანის სურვილებს და იმ ინფორმაციას გვამცნობს, თუ რას განიცდის პიროვნება. კონკრეტული ადამიანისთვის დამახასიათებელი ჟესტები კი, მის ხასიათს განსაზღვრავენ. ერთნაირი ჟესტები სხვადასხვა ადამიანში შეიძლება, რამეს ასახავს, თუმცა ყველა ადამიანის ჟესტებს საერთო მახასიათებლები აქვთ.
აქტიური ჟესტიკულაცია დადებითი ემოციის კერძო კომპონენტია, რომელიც მეგობრობაზე მიანიშნებს; უზომო ჟესტიკულაცია - ნერვიულობასა და თვითრწმენის ნაკლებობაზე.
ინდივიდის აზრებისა და ემოციების განსასაზღვრად მის არაბუნებრივ ჟესტიკულაციაზე დაკვირვება აუცილებელია:
ხელის გულების დემონსტრირება გულწრფელობაზე მეტყველებს; მუშტის შეკვრა - შიდა დაძაბულობასა და აგრესიაზე (მუშტი რაც მაგრადაა შეკრული, ემოცია უფრო მეტია).
ცხვირის ხელით წვალება ან მოფხანა მიღებული, ან გაცემული ინფორმაციის სანდოობაში დაურწმუნებლობას, ტყუილსა და ახალი კონტრარგუმენტების მოძიებას ნიშნავს. ისე, ალბათ, გახსოვთ, მსგავსი ჟესტიკულაცია მიხეილ სააკაშვილს ახასიათებს!
თითის ქუთუთოსთან მიტანა ტყუილს, ან პარტნიორის მხრიდან ტყუილის გამოაშკარავებაზე მეტყველებს; თავის სხვადასხვა ნაწილის მოფხანვა (შუბლის, ყურის, კეფის) - შეშფოთებაზე, უხერხულობაზე, დაურწმუნებლობაზე; ნიკაპზე შეხება - გადაწყვეტილების მიღებაზე; ხელების უნებლიე მოძრაობა (კანკალი, რაღაცით თამაში, ავტოკალმის ტრიალი, ტანსაცმლის ნაწილების შესწორება) - ნერვიულობაზე, უხერხულობასა და შეშფოთებაზე.
თუ ადამიანი ხელის გულს იფხანს, ესე იგი, აგრესიისთვის მზადაა. ფრჩხილების კვნეტა კი, შინაგანი შეშფოთების მაჩვენებელია; ხელების უაზრო მოძრაობა - მასკირებული ნევროზის.
ტანსაცმლიდან უცხო სხეულის მოცილება, მაგალითად, ძაფის, არაკეთილგანწყობის ჟესტია; საუბრისას საკინძის შეხსნა, ან საყელოს გასწორება იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი ეჭვობს, ტყუილში გამომიჭირესო; იგივე მოძრაობა შესაძლოა, მრისხანებასაც გამოხატავდეს.
თუკი ადამიანი სათვალეს ხშირად წმენდს, მოსაფიქრებლად პაუზას იღებს; სათვალის უცებ მოხსნა და მაგიდაზე დაგდება მძიმე საუბარს მოასწავებს; სიგარეტის ჩქარ-ჩქარა ჩაფერფლება ნერვიულობასა და მძიმე შინაგან განწყობაზე მეტყველებს; თმის ხშირი გასწორება - შეშფოთებაზე, რამეზე მიყუდების ან ჩამოყრდნობის სურვილი კი, - სირთულესა და უსიამოვნებაზე, ანუ ადამიანი ცდილობს, შექმნილი მდგომარეობიდან როგორმე გამოვიდეს.
ხმის ინტონაცია
ხმა ადამიანის შინაგან მდგომარეობას საკმაოდ ზუსტად ასახავს, ანუ ხმის ტონალობით ობიექტის ემოციის “დაჭერა” შესაძლებელია. განგაშისა და ნერვიულობისას ადამიანს ხმის ტემბრი ეცვლება. სწორედ ეს დაედო საფუძვლად ე.წ. უკონტაქტო სიცრუის დეტექტორის შექმნას.
ხმამაღლა საუბარი ენთუზიაზმზე, სიხარულსა და უნდობლობაზე მეტყველებს; ფართო დიაპაზონისა და ტონალობის მაღალი ხმა - მრისხანებასა და შიშზე; ზემაღალი გამჭოლი ხმა - შეშფოთებაზე; რბილი, მოგუდული ხმა, როცა ყველა ბოლო ფრაზა დაბალი ინტონაციითაა წარმოთქმული - დაღლილობასა და მწუხარებაზე.
ხმის ფორსირება დაძაბულობისა და ტყუილის გამომხატველია.
ასევე, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ე.წ. არავერბალური ხმაც:
სტვენა დაურწმუნებლობისა და საშიშროების მომასწავებელია; არასათანადო მომენტში ხარხარი - დაძაბულობის, ხმის სპაზმა - დაძაბულობის, მუდმივი ჩახველება - შეშფოთების, ტყუილსა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის.
ლექსიკის თავისებურებანი
ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე წარმოდგენას მისი მეტყველების ანალიზიც იძლევა. მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ სვამს ობიექტი მახვილს, როგორი სისწრაფით წარმოთქვამს სიტყვებს, როგორაა ფრაზები კონსტრუირებული, იყენებს თუ არა არასწორ სიტყვებს, წყვეტს თუ არა ფრაზებს და მიდრეკილია თუ არა ე.წ. პარაზიტი სიტყვების გამოყენებისკენ.
სწრაფი მეტყველება შესამჩნევ აღელვებასა და შეშფოთებაზე მიანიშნებს. ამ დროს ადამიანს სურს, დაგაჯეროთ, რომ მისი არგუმენტები მართებულია, ან გამზადებთ, რომ პირად პრობლემებზე დაგელაპარაკოთ.
ნელი მეტყველება დაღლილობას, დამთრგუნველ მდგომარეობას, მწუხარებას, ან შესაძლოა, ქედმაღლობას გამოხატავს; ფრაზების გაწყვეტა - დარწმუნებულობას. საუბრისას განსაკუთრებით გამართული მეტყველების გაჩენა - აღგზნებას; ლაკონური მეტყველება - თვითრწმენას; ერთი და იგივე სიტყვების ან ფრაზების გამოყენება დაძაბულობის, ან ტყუილის მაჩვენებელია; გაწელილი პასუხები - დაუინტერესებლობას და უთანხმოებას; სიტყვაძუნწობა - განაწყენებას. საკუთარი აზრების უცაბედი გამოთქმა კი, ზემაღალი აღგზნების მაჩვენებელია...