უმუშევრობა შემცირდა, მთავრობა „სტატისტიკური ქულების“ ჩაწერას შეუდგა

უმუშევრობა შემცირდა, მთავრობა „სტატისტიკური ქულების“ ჩაწერას შეუდგა

ცოტა კი ძნელია დაჯერება, მაგრამ შარშან უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა და თან 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაფიქსირდა. მოსახლეობა ამას ვერ გრძნობს და უკმაყოფილოა, სამაგიეროდ, კმაყოფილია მთავრობა, რომელიც „სტატისტიკური ქულების“ ჩაწერას შეუდგა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წელთან შედარებით, შარშან დასაქმებულთა რაოდენობა 2,2%-ით გაიზარდა და უმუშევრობის მაჩვენებელმა 12,4% შეადგინა. ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის დაუფროსი ასაკის მოსახლეობა) 66,5% შეადგინა. წინა წელთან შედარებით, მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 0,3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 1.7 პროცენტული პუნქტით.

2014 წელს დასაქმების დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია ბოლო 11 წლის განმავლობაში, ხოლო აქტიურობის დონე 2014 წელს ჩამოუვარდება მხოლოდ 2012 წლის მაჩვენებელს. დასაქმების დონე გაზრდილია 1,6 პროცენტული პუნქტით როგორც სოფლის, ასევე ქალაქის ტიპის დასახლებებში. წინა წელთან შედარებით, აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0,5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში, პირიქით, 0,8 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

ტრადიციულად, დასაქმებულებში სჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2014 წელს, 2013 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 5,2%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა უმნიშვნელოდ - 0,2%-ით, რის შედეგადაც აღნიშნული თანაფარდობა ცოტათი შეიცვალა. დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 1,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2014 წელს უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 22,1% და 5,4% შეადგინა. გარდა ამისა, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 11 წლის, ხოლო სოფლად ბოლო 7 წლის განმავლობაში.

შარშანდელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ ქვემო ქართლსა და იმერეთში, შესაბამისად, 1.5 და 0,8 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, იგი 6,6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

გამოქვეყნებული მონაცემებით კმაყოფილია მთავრობა. როგორც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, ეს მაჩვენებელი ადასტურებს, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია.

„ეს არის ის შედეგები, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. ამაზე არაერთხელ ვსაუბრობდით და მაჩვენებლები პირუთვნელად ადასტურებენ, რომ საქართველოში დასაქმება გაზრდილია“, - განაცხადა ხადურმა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი გაგრძელდება: „მესმის იმ ადამიანთა პრობლემა, რომელთაც სამსახური არ აქვთ, მაგრამ ყველა პრობლემა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავჭრათ“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე კი უმუშევართა რაოდენობის შემცირებას მთავრობის მიერ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორში გატარებულ პოლიტიკას უკავშირებს. მისი თქმით, ბოლო 11 წლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე 2014 წელს დაფიქსირდა, რაც ძალიან კარგი შედეგია, თუმცა მთავრობა ამ შედეგით არ დაკმაყოფილდება და ეკონომიკურ რეფორმებს კიდევ გააგრძელებს.

სხვაგვარად აფასებენ სტატისტიკურ მონაცემებს სპეციალისტები. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, რომ თვითონ სტატისტიკური მონაცემები პოზიტიურია, თუმცა ამ 2%-იანი გაუმჯობესებით თავის დამშვიდების უფლება არც ხელისუფლებას აქვს და არც საზოგადოებას.

„ჩვენ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს თვითდასაქმებულების და გამოქვეყნებული მონაცემებით, მათი რიცხვი 60%-ზე მეტია საერთო ჯამში. ეს დაახლოებით ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მთლიანად ევროპაში. თვითდასაქმებულების დიდი კონტიგენტი, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობაშია. სამუშაო ადგილების სიმცირის გამო მოტივაცია ქვეყნიდან შრომითი მიგრანტების გასვლისა ისევ მაღალია, ამიტომ ამ 2%-იანი გაუმჯობესებით, რომ იტყვიან თავის დამშვიდების უფლება არც ხელისუფლებას აქვს და არც საზოგადოებას. რეალურად, უმუშევართა რიცხვი გაცილებით უფრო მეტია და აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით არანაკლებ 40-45% მაინც უნდა იყოს“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე თვლის, რომ საქართველოში უმუშევრობის დონის შემცირება და ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე ჩამოწევა პოზიტიური ინფორმაციაა.

„დასაქმების მაჩვენებლის ზრდა როგორც კერძო სექტორის, ისე სახელმწიფო სექტორის მაჩვენებლის ხარჯზე მოხდა. ბუნებრივია, პოზიტიური მონაცემია. სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდა გამოწვეულია ძირითადად 2014 წელს სახელმწიფო აქტივობაზე ორი მიმართულებით. ერთი არის არჩევნებთან დაკავშირებული თემა და პროგრამა, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობდა და მეორეა საყოველთაო აღწერა და ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან დასაქმებულთა ჩართვა“, - განუცხადა სააგენტო „პირველს“ კალანდაძემ.

სამაგიეროდ, ექსპერტი დასაქმების მაჩვენებლის შემცირებას ელოდება 2015 წელს, რადგან არჩევნებიც და აღწერაც მოკლევადიანი დასაქმების შესაძლებლობას იძლეოდა. ამიტომ, გამორიცხული არაა ამ მხრივ შემცირება დაფიქსირდეს.

„თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვან სეგმნენტში - კერძო სექტორში ფიქსირდება ზრდა. შეიძლება ეს გამოწვეული იყოს პროგრამებით, რომელიც ინიცირებული იყო სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი პროგრამების გააქტიურების თვალსაზრისით. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ფონს ვართ გასული. ამ მიმართულებით ძალიან ბევრია სამუშაო და მინდა, რომ 2015-16 წლის სტატისტიკურ მონაცემებში კერძო სექტორის კომპონენტი იყოს შენარჩუნებული. ის, რომ სახელმწიფო სექტორში ზრდა ფიქსირდება, ჩავთვალოთ, რომ ეს ერთჯერადია და არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს ბიუროკრატიული აპარატის ზრდა შენარჩუნდება მომავალში. უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფოს ხვედრითი წილი და სახელმწიფო სექტორის მონაწილეობა დასაქმების სფეროში შევამციროთ და უზრუნველვყოთ კერძო სექტორის ხვედრითი წილის როგორც მინიმუმ შენარჩუნება, საუკეთესო შემთხვევაში ზრდა“, - განაცხადა ლევან კალანდაძემ.