ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკაში წასვლას გამორიცხავს და ირწმუნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საკუთარ კარიერაში „საჯარო თარიღის“ დასრულებას გეგმავს.
უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ქადაგიძეს უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი წელი რჩება და ის მიმდინარე კვირას, წლიური მოხსენებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლას გეგმავს, მაგრამ მანამდე, მას კანონმდებლებმა კომიტეტების ფორმატში მოუსმინეს.
დეპუტატების კითხვები ძირითადად ლარის კურსის რყევებს შეეხო და კანონმდებლები დაინტერესდნენ, რა პერსპექტივა აქვს ლარს, ლარის გაუფასურება რატომ მოხდა და ვინ არის დამნაშავე.
სანამ, დეპუტატები „დამნაშავეს“ ეძებდნენ, მანამდე, მათ ქადაგიძემ ლექციის სახით, ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებზე ესაუბრა და განმარტა, რომ კურსის რყევის მიზეზი იმპორტ-ექსპორტისა და გადმორიცხვების შემცირება იყო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლით, კანონმდებელთა ნაწილი უკმაყოფილო დარჩა, მეორე ნაწილმა ქადაგიძის მინისტრებთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, მაგრამ „კაცური მოლაპარაკებების შედეგი“ არ გაამჟღავნა.
ხუთსაათიანი მსჯელობის შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივმა კომიტეტებმა ეროვნული ბანკის 2014 წლის საქმიანობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასეს, თავად ქადაგიძე კი - „უზარმაზარ პროფესიონალად“.
გამოსვლისას ქადაგიძემ ყურადღება 240 გვერდიან ანგარიშზე გაამახვილა, მოგვიანებით კი, ლარის კურის პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ლარის შემდგომ გაუფასურებას აღარ ელოდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, გზავნილებისა და ტურისტების რაოდენობის შემცირება ლარის კურსის არსებულ ნიშნულში უკვე ასახულია. მისი თქმით, არასწორი პედალირება იყო როგორც რეფინანსირებასთან დაკავშირებით, ასევე სავალუტო რეზერვების გამოყენებასთან მიმართებაში.
„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით კურსის თუნდაც რამდენიმე თვითა და რამდენიმე პუნქტით გამყარება ეკონომიკის რეცესიაში გადაყვანას ნიშნავს, რადგან სარეზერვო ფული და ფულადი აგრეგატების ზრდა ისედაც ნულზე გვაქვს დაყვანილი. ასევე სასესხო პორტფელი აღარ იზრდება. 15 წლის განმავლობაში სარეზერვო ფული აბსოლუტურ გამოხატულებაში მხოლოდ 2008 წლის ბოლოს შემცირდა. ამის გაკეთება არ შეიძლება. სწორედ ამიტომ ითვლება, რომ ჩვენი ჩარჩო-ოპერაციები სწორია“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ქადაგიძის მტკიცებით, ეროვნული ბანკი მოურჩენელ სენთან – დოლარიზაციასთან აქტიურ ბრძოლას აწარმოებს. მისი ცნობით, მონეტარული ინსტრუმენტების განვითარების შედეგად, მოსახლეობის ნახევარზე მეტს სესხი ლარში აქვს და არა - დოლარში.
„ქართული ეკონომიკის მოურჩენელ სენთან - დოლარიზაციასთან აქტიური ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ. მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხი დოლარში აქვს, შემოსავალი კი ლარში, შესაბამისად, მათთვის ლარის გაუფასურება მტკივნეულია. მონეტარული ინსტრუმენტების განვითარებით შევძელით, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტს სესხი აქვს ლარში და არა - დოლარში. ასევე ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის 75%-დან 48%-მდე ჩამოყვანა შევძელით“, - განაცხადა ქადაგიძემ.
გამოსვლისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აქცენტი ანტისაბანკო განწყობების გაღვივებაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა ძალიან საფიხათო თამაშია.
მისი შეფასებით, ქვეყანაში ანტისაბანკო განწყობები უკვე მრავალი წელია მძვინვარებს, რაც ძალიან სახიფათო პროცესია.
ქადაგიძის მტკიცებით, ანტისაბანკო განწყობების შექმნის მიუხედავად, მოსახლეობას ძალიან მაღალი ნდობა აქვს საბანკო სექტორისადმი.
„მოსახლება ანაბრებს ინახავს არა ბალიშებში, არამედ ბანკებში, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ბანკები ეკონომიკას აკრედიტებენ. ბანკები არანაირ ზემოგებას არ ნახულობენ და ეს სრულ შესაბამისობაშია განვითარებადი ქვეყნების სტატისტიკასთან. ბევრ ქვეყანაში ბანკირები არ უყვართ და ეს ახალი ფენომენი არ არის, მაგრამ ანტისაბანკო განწყობების გაღვივება, ანტისაბანკო ხაზზე პოპულიზმი და თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა, ძალიან სახიფათო თამაშია. დარწმუნებული ვარ, რომ იმ შეცდომებს არ გავიმეორებთ, რაც უამრავმა ქვეყანამ როგორც სამხრეთ ამერიკაში, ასევე ევროპაში ჩაიდინეს“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ქადაგიძემ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ იმ ვალდებულებებისგან უკან ერთი წუთითაც არ გადაუხვევიათ, რა ვალდებულებებიც აიღეს.
„საუბარი იმაზე, რომ რამეს ჩვენი შეხედულებით თვითნებურად ვაკეთებთ და ჩვენი პოლიტიკა მთავრობის საპირისპიროა, არასწორია. ეროვნული ბანკის დადანაშაულება და განტევების ვაცის ძიებაზე საუბარი, ქვეყნისთვის და ინვესტორებისთვის საზიანოა. ვერ წარმომიდგენია, რომ ამ პროცესებით ვინ შეიძლება იხეიროს. ძალიან სერიოზულ ტექსტს ვაბარებთ როგორც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ისე ინსტიტუტიციური განვითარების და ჩვენი პოლიტიკის რეაგირების კუთხით. თუ ამ ტესტს ვერ ჩავაბარებთ, რამდენიმე წლით უკან დავიხევთ. ამის ფუფუნება კი არ გაგვაჩნია“, - განაცხადა ქადაგიძემ, რომელმაც ეროვნული ბანკის გუნდზეც ისაუბრა - „ეროვნული ბანკის მომავალ ხელმძღვანელობას ვალების გარეშე, გამართული და აწყობილი ინსტიტუტი ჩაბარდება“.
ქადაგიძის ინფორმაციით, 1994 წლის შემდეგ, პირველად, ეროვნულ ბანკს ვალი აღარ აქვს. გამოსვლის ბოლოს, ქადაგიძე კომერციულ ბანკებთან მიმართებაში მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არის ოთხ კომერციულ ბანკთან დაკავშირებით, მისი მისამართით არსებულ კითხვებს სასამართლოს საშუალებით უპასუხოს.
მისი მტკიცებით, ის „კორსტანდარტ ბანკის“, „ინტელექტბანკის“, „ქართუ ბანკისა“ და „სახალხო ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კითხვებს არასდროს გაურბის.
„ყველა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. ქვეყანაში პროკურატურა არსებობს და ყველა მონაწილე დაკითხულია. თუ გამოძიება ჩათვლის, რომ ადგილი ჰქონდა რაიმე დარღვევას, მაშინ ის ვალდებულია სასამართლოში წავიდეს. თუკი ჩემი მიმართულებით ბრალდებები იქნება, კითხვებს სასამართლოში ვუპასუხებ. სანამ ეს არ ხდება, ნებისმიერი ბრალდება არის სპეკულაცია“, - განაცხადა ქადაგიძემ, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა „უზარმაზარი პროფესიონალი“ უწოდა, მაგრამ დეპუტატმა ქადაგიძე მაინც გააკრიტიკა.
მეჭიაურის შეფასებით, 2012 წლამდე, ქადაგიძე სიტუაციას ძალიან კარგად ალაგებდა და მას ლარის კურსის პულსი ყოველდღიურ რეჟიმში ეჭირა, მაგრამ გასული წლის იანვრიდან-ნოემბრამდე, მას არცერთი ინტერვენცია არ განუხორციელებია.
„იმაზე მეტს არ გავასაჯაროვებ, რაც კაცური მოლაპარაკებების შემდეგ, გარეთ არ უნდა გამოვიდეს, მაგრამ წინა ღამეს, ჩვენ მინისტრებთან კონსულტაციებისთვის შევიკრიბეთ, იქ რაზე ჩამოვყალიბდით? - ყველას ჩვენი წილი გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ კურსის გამყარება მოხდეს. ბოლოს თქვენ და ჯავახიშვილი ერთად დარჩით და ისაუბრეთ. თქვენ მინიმუმ თქვით, რომ რეფინანსების სესხებს არ გაზრდიდით, მეორე დღეს, რეფინანსების სესხი რომ გაზარდეთ, ფინანსთა სამინისტრო საქმის კურსში ჩაააყენეთ?! უზარმაზაი პროფესიონალი ხართ და ყველაზე ცუდია, რომ თავს ამ გუნდის წევრად არ თვლით. ხალხი ამ ოპერაციებშიც ძალიან კარგად ერკვევა“, - მიმართა ქადაგიძეს მეჭიაურმა, რომლის მსგავსად, ქადაგიძე პროფესიონალად შეაფასა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ, რომელმაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნდობა არ გამოუცხადა.
ნიშნიანიძის თქმით, ქადაგიძეს ლარის კურსთან მიმართებაში მეტის გაკეთება შეეძლო.
„საქმე პროფესიონალთან გვაქვს, რომელმაც ჩვენი პრობლემები საკმაოდ დავარცხნილად წარმოგვიდგინა. ეს დიდი შეღავათი არ არის და უკმარისობის გრძნობა მაინც მრჩება. მინდა, თვალი მის წარსულსაც გავადევნო და გეტყვით, რომ ბატონმა გიორგიმ, ბანკთან მიმართებაში კომერციული საიდუმლოება ფეხქვეშ გათელა. გონივრული მიჩნდება ეჭვი მიჩნდება, რომ მას მეტის გაკეთება შეეძლო, თუნდაც ლარის კურსთან მიმართებაში. ჩემში საბოტაჟის ნიშნების განცდა ჩნდება“, - დასძინა ნიშნიანიძემ.
აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, პაატა კვიჟინაძე და ზურაბ ტყემალაძე დაინტერესდნენ, 2013-2014 წლებში, ეროვნული ბანკი რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა, როცა ლარის გაუფასურება არ მოხდა.
კვიჟინაძემ იმპორტ-ექსპორტის მონაცემებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეროვნულ ბანკთან მიმართებაში, 2015 წლის იანვრამდე პრეტენზია არავის ჰქონდა, რადგან საბანკო სექტორი განვითარებულია. მისი თქმით, თუკი რაიმე მთავრობის პრობლემა იყო, მაშინ, ეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნდა თქვას.
„2009-2010 წლებში, ეროვნული ბანკი პროცესებში 50-ჯერ არის ჩარეული და მაჯისცემას გრძნობდით, რომ ემოციური თუ სპეკულაციური პროცესი არ წასულიყო და ახლა ხელი რამ შეგიშალათ? ამერიკაში სპეკულაციის გამო ოთხი ბანკი დააჯარიმეს და რატომ არ შეიძლება, აქაც იგივე ხდებოდეს?“, - მიმართა ქადაგიძეს კვიჟინაძემ.
დარგობრივი და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გარდა, ეროვნული ბანკის გასული წლის საქმიანობა უარყოფითად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც შეაფასა და ბანკთან მიმართებაში კანონმდებლები საკუთარ პოზიციებს პლენარულ სხდომაზეც დააფიქსირებენ, რადგან მიმდინარე კვირას, ქუთაისში მდებარე გამჭირვალე შენობაში გიორგი ქადაგიძის ჩასვლა იგეგმება.