ივლისიდან ბანკებს ახალი სსიპ-ი გააკონტროლებს

ივლისიდან ბანკებს ახალი სსიპ-ი გააკონტროლებს

საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი უქმდება.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა და მისმა პირველმა მოადგილემ ნოდარ ებანოიძემ მოამზადეს, 2015 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოს ეროვნულ ბანკთან იქმნება სსიპ „საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო“, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება: საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება სააგენტოს საბჭოს წინაშე. სააგენტოს საქმიანობას სააგენტოს საბჭო უხელმძღვანელებს.

სააგენტოს საბჭოს შემადგენლობაში შვიდი წევრი შევა, რომელთაგან პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ერთ-ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება, ხოლო დანარჩენი - საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და რომლებსაც ექნებათ საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება. სააგენტოს საბჭო, სააგენტოს საბჭოს წევრებისგან, თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით აირჩევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმავდროულად არ შეიძლება სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარე იყოს.

პროექტის მიხედვით, სააგენტოს საბჭოს 2-2 წევრის (გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა) წარდგენის უფლება ექნებათ პარლამენტის თავმჯდომარეს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს. საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს სააგენტოს საბჭოს წევრებს, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა. პარლამენტი უფლებამოსილი იქნება სააგენტოს საბჭოს ზოგიერთი წევრი 7 წელზე ნაკლები ვადით აირჩიოს.

პროექტით განისაზღვრება სააგენტოს უფლებამოსილება საფინანსო სექტორის ზედამხედველობის, კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის საქმიანობის რეგულირების, საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და ზედამხედველობის, კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის კუთხით. ცვლილება სულ 13 კანონში ხორციელდება.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს. როგორც ხადურმა განაცხადა, საკითხზე პარლამენტი მუშაობს და გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.

„საქართველოს პარლამენტი განიხილავს ამ საკითხს და მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს არის მისი ინიციატივა“, - აღნიშა ფინანსთა მინისტრმა.

ექსპერტი რომან გოცირიძე კი მიიჩნევს, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა სინამდვილეში ეროვნული ბანკის დანგრევაა. „ეს არ ეხება მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურს, აქ არის უამრავი ფუნქცია, რომელიც ამ ზედამხედველობის სამსახურში გადადის, რომელიც კანპონპროექტის თანახმად იქნება საჯარო სამსახურის იურიდიული პირი, რომელსაც როგორც უნდა ისე ატრიალებს პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს არ არის იმუნიტეტით დაცული ორგანო, როგორიც არის ეროვნული ბანკი და რაც მთავარია, გაურკვეველია მისი შექმნის მოტივი და ისიც, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელად კეთდება. ყველა ანგარიშსწორება ფინანსური მონიტორინგიდან, ანუ აპოლიტიკური ორგანოდან, ეროვნული ბანკიდან გადავიდა მთავრობაში. ეს არის ნაბიჯი, როდესაც ამ ნაბიჯით ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, უქმდება და მხოლოდ ტექნიკური ფუნქციები რჩება“, - განაცხადა გოცირიძემ.

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე სხვაგრვად ფიქრობს - მთავარი პოლიტიკური ნებაა, თორემ საბანკო ზედამხედველობის სამსახურის, როგორც ეროვნული ბანკის ქოლგის ქვეშ, ისე მის მიღმა ბევრი წარმატებული მოდელი არსებობს.

„რამდენადაც ვიცი, ახალი რეგულაცია მხოლოდ სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე ორიენტირებულია და საუბარი არ არის რამე დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე. უნდა დაველოდოთ პროცესს, მივისმინოთ არგუმენტები ორივე მხარის მხრიდან და საბოლოო ჯამში, გარკვეული კომპრომისული ვარიანტი იქნას მიღებული, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ამ სფეროს მაღალ გამჭვირვალობას და იმავდროულად ორიენტირებული იქნება შედეგზე. მხედველობაში მაქვს ოპტიმალური მონეტარული პოლიტიკის ჩამოყალიბების და განხორციელების წინა პირობების გატარება ქვეყანაში“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლევან კალანდაძემ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“, „ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“, „საერთაშორისო სავაჭრო პალატა“, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ და „საქართველოს ბანკების ასოციაცია“ კი ეწინააღმდეგებიან ახალი ტიპის ზედამხედველობას.

„ამგვარი ინიციატივით, სრულიად უსაფუძვლოდ, ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად კიდევ ერთხელ ვაყენებთ დარტყმის ქვეშ ქართულ საბანკო სექტორს, რომელიც წლების განმავლობაში ყველაზე წარმატებული და მდგრადი სექტორი გახლდათ. მათი პარტნიორები და დამფუძნებლები ხშირად მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები არიან და რომელთა მეშვეობითაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა მოხერხდა.

პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ საბანკო სისტემას არ უქმნის პრობლემას, ის დიდწილად აზიანებს ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, რომლის ფორმირებას ხშირად წლები და ათწლეულები სჭირდება.

იმედი გვაქვს, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებამდე, კიდევ ერთხელ მოხდება შექმნილი ვითარების სრული საფუძვლიანი ანალიზი, რათა თავიდან აცილებულ იქნას ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაჭრისათვის მოიძებნოს სხვა რაციონალური გზები“, - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციების განცხადებაში.