„შრომითი უფლებები „საქართველოს რკინიგზასა“ და „საქართველოს ფოსტაში“ ხშირად ირღვევა“

„შრომითი უფლებები „საქართველოს რკინიგზასა“ და „საქართველოს ფოსტაში“ ხშირად ირღვევა“

ხელშეკრულების ვადები, წერილობითი ხელშეკრულება, დასაქმებულის ანაზღაურება, ზეგანაკვეთური შრომა, და შრომითი უსაფრთხოება - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომლებზეც დღეს დასაქმებულ ადამიანებს აწუხებს. ცალკე პრობლემაა შესაფერისი სამსახურის პოვნა და შემდეგ საკუთარი უფლებების დაცვა.

„შემიძლია გითხრათ, რომ შრომითი უფლებები „საქართველოს რკინიგზასა“ და „საქართველოს ფოსტაში“ ხშირად ირღვევა. ხშირია პროფესიული ნიშნით ადამიანების დევნა, სამსახურიდან დათხოვნა, არასწორად შეფარდებული დისციპლინური სახდელები ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებით, როდესაც ერთთვიანი ხელშეკრულებები იდება, შემდგომ სასამართლოს საჭიროებს. ახლაც მიმდინარეობს განხილვა მოკლევადიან ხელშეკრულებებთან მიმართებაში.

2013 წლიდან შეზღუდვები დაწესდა - ხელშეკრულება მინიმუმ ერთწლიანი უნდა იყოს. გარდა ამისა, ხშირად ადამიანებს არ აქვთ წერილობითი ხელშეკრულება და ზეპირი ხელშეკრულების შემთვევაში ძალიან რთულია, ფაქტობრივად, შეუძლებელია რაიმეს მტკიცება“, - აღნიშნავს პროფკავშირების გაერთიანების იურიდიული სამსახურის უფროსი რაისა ლიპარტელიანი.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი პრობლემაა ანაზღაურების ნაწილში, მათ შორის, საჯარო სექტორშიც. „ხშირად ხდება გადაცდენა ანაზღაურების ნაწილში. მაგალითად, დასაქმებულს ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებით, უნდა მიეცეს ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით. საჯარო მოხელეები ხშირად გვიანობამდე მუშაობენ, შაბათ-კვირას, უქმე დღეებშიც და ამის კომპენსირება არ ხდება. ძირითადად, პრემიებით აპელირებენ, რომ ზეგანაკვეთური შრომისთვის მიეცათ, თუმცა ზეგანაკვეთური შრომა აბსოლუტურად ცალკე რეგულირდება და პრემია აქ არაფერ შუაშია“, - აღნიშნავს რაისა ლიპარტელიანი „ბიპიენ“-თან საუბრისას.

შრომითი ურთიერთობების საკითხს იკვლევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას ინფორმაციით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს დასაქმებულთა მხრიდან, სამსახურის დაკარგვის შიშით, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე უარის თქმა. დასაქმებულები არათუ ვერ გამოთქვამენ პროტესტს შრომის არასათანადო პირობებთან დაკავშირებით, არამედ არის შემთხვევები, როდესაც საწარმოო ტრავმის დროს ორგანიზაციის ადმინისტრაცია სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით აიძულებს დასაქმებულს განაცხადოს, რომ ტრავმა საწარმოში არ მიუღია.

შრომის უსაფრთხოების საკითხს დიდ პრობლემად მიიჩნევს პროფკავშირები, განსაკუთრებით კი, ისეთ ობიექტებზე, სადაც არსებობს მომეტებული საფრთხე - მაღაროები, მშენებლობები და ა.შ. ლიპარტელიანის ინფორმაციით, შრომითი უფლებების დარღვევა ხდება ყველა ტიპის საწარმოში, უბრალოდ სხვადასხვა ფორმით:

„არ არსებობს შრომის ინსპექცია, რომელსაც ევალება აკონტროლოს ვითარება. ამიტომ დამსაქმებელს არაფერი აბრკოლებს კვლავ დაარღვიოს შრომის კოდექსი. თუ დარღვევა დადგინდება, არანაირი სანქცია არ არსებობს - სახელმწიფოს ყველაფერი მიშვებული აქვს თავის ნებაზე“, - ამბობს ლიპარტელიანი.

საია-ში ამბობენ, რომ აუცილებელია არსებობდეს სათანადო სახელმწიფოებრივი კონტროლის მექანიზმი - შრომის ინსპექცია, რათა დაცული იყოს დასაქმებულთა უფლებები და მათ მიეცეთ სათანადო პირობებში მუშაობის შესაძლებლობა. ამ მექანიზმის შექმნის მიზნით, 2015 წლის 5 თებერვალს მიიღეს მთავრობის N38 დადგენილება, რომლითაც იქმნება „შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“.

„ვფიქრობთ, შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა - წარმოდგენილი ფორმით ვერ იქნება ეფექტური და ვერ შეასრულებს სახელმწიფოს ვალდებულებას - უზრუნველყოს შრომის უსაფრთხო პირობები და დასაქმებულთა სხვა უფლებების დაცვა, ვინაიდან იგი ითვალისწინებს მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში შრომის პირობების მონიტორინგს, რომლებმაც წინასწარი წერილობითი თანხმობა განაცხადეს. ამასთან, პროგრამა გულისხმობს დამსაქმებლების წინასწარ ინფორმირებას მონიტორინგის თაობაზე“, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.