თუკი თბილისში წყლის ტარიფების საკითხს გამოხმაურება არ მოჰყოლია, რადგან ყველაფერი ძველ ნიშნულზე დარჩა, მცხეთაში საპირისპირო სცენარი განვითარდა. ძველ სატახტო ქალაქში მოსახლეობის ნაწილისთვის გადასახადის 100%-ით გაძვირებამ დიდი დაპირისპირება გამოიწვია.
მცხეთის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე ქალაქის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებს. „2008 წელს შპს მცხეთის წყალკანალი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო 100%-იანი წილით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასხვისა კერძო კომპანიაზე. როდესაც აკაკი ბობოხიძე განცხადებას აკეთებს და ხელს ჩვენსკენ იშვერს, მე მას შევახსენებ, რომ მცხეთელებს წყალი სწორედ მათ გაუძვირეს.
რაც შეეხება ვალდებულებებს, კომპანიას ხელშეკრულებაში უდევს ტარიფის გაძვირება 2008 წლიდან 2018 წლამდე ყოველწლიურად, მაგრამ ამასთანავე, მათ ვალდებულებებში უდევთ წყლის ხარისხის გაუმჯობესებაც და ასევე გამრიცხველიანების დამთავრება 2015 წლამდე.
კერძო კომპანიამ შეისყიდა მცხეთის მუზეუმის შენობა და მცხეთის ისტორიული ექსპონატები აბსოლუტურად შეუსაბამო გარემოში, კონტროლის პალატის შენობის სარდაფში დაასაწყობეს, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობას. ესეც აკაკი ბობოხიძის ხელისუფლების დამსახურებაა. კატეგორიულად ვგმობ მცხეთის მოსახლეობისთვის წყლის ტარიფის გაძვირებას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
2 დღის წინათ მცხეთაში გამრიცხველიანებულ აბონენტებს, სემეკის გადაწყვეტილებით, საფასური 0,10 ლარიდან 0,204 ლარამდე გაეზარდათ 1 კბ/მ-ზე. რაც შეეხება გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის წყლის ტარიფი არ შეცვლილა და დარჩა 2.40 ლარი, ერთ სულზე თვეში. ასევე, წყლის ტარიფი უცვლელი დარჩა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის - 4.40 ლარი 1 კბ/მ-ზე. აღნიშნული ტარიფები ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
კომპანია „მცხეთის წყლის“ მიერ სატარიფო განაცხადით მოთხოვნილი იყო შემდეგი ტარიფები (დღგ-ს ჩათვლით): გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 0.295 ლარი 1 კბ/მ-ზე, გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის - 3.50 ლარი 1 სულზე თვეში და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის - 4.40 ლარი 1 კბ/მ-ზე.
„მცხეთის წყალი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ და „რუსთავის წყალთან" ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას მცხეთაში მცხოვრებ 2520 აბონენტს (მოსახლეობა), 90 საბიუჯეტო ორგანიზაციასა და კომერციულ ობიექტს უწევს.
როგორც სემეკის წევრმა გოჩა შონიამ განმარტა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შპს „მცხეთის წყალს“ წყლის ტარიფი სემეკმა დაუდგინა. აქამდე ტარიფს კომპანიას მცხეთის მუნიციპალიტეტი უდგენდა.
მცხეთაში 100 პროცენტით გაზდილი წყლის გადასახადი ლეიბორისტებმაც გააპროტესტეს. შრომის პარტიის ლიდერები სემეკის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავენ. ისინი მოითხოვენ, რომ მცხეთელებს ძველი ტარიფი შეუნარჩუნდეთ და ამ საკითხის დაყენებას მცხეთის საკრებულოს სხდომაზეც გეგმავენ.
„წყლის გაძვირება დაიწყო მცხეთიდან მალე გააძვირებენ თბილისში და მთელ საქართველოში. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სასამართლოში, რომ ხალხის ძარცვა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა.
თავის მხრივ, კომპანია „მცხეთის წყალი“ არ ეთანხმება სემეკის მიერ დადგენილ ახალ ტარიფებს, რადგან კომისიამ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული სატარიფო ცვლილება:
„სემეკის გადაწყვეტილებით, შპს „მცხეთის წყლის“ მრიცხველის მქონე საყოფაცხოვრებო აბონენტებს ტარიფი 1 კბ/მ-ზე სასმელი წყლის მიწოდება-გატარებისთვის 0,10 ლარიდან - 0.204 ლარამდე გაიზარდა, ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული 0.295 ლარისა. რაც შეეხება გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის ფიქსირებული სულადობრივი გადასახადი არ შეცვლილა და დარჩა 2.40 ლარი, ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული 3.50 ლარისა.
სემეკმა „მცხეთის წყლის“ ტარიფების დადგენისას, არ გამოიყენა კანონით („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, თავი მე-3, მუხლი მე-11) მინიჭებული უფლებამოსილება და არ გაითვალისწინა სახელმწიფოს მიერ დადებული გარიგება. ამ გადაწყვეტილებით დაირღვა ნასყიდობის ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ტარიფის ცვლილების ვალდებულება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ელის ხელისუფლების პოზიციას სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და, თავის მხრივ, გეგმავს აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო დონის კონსულტანტების ჩართვას“, - აცხადებენ შპს „მცხეთის წყალში“.