მომაკვდინებელი ვირუსის შემოტევას ჯანდაცვა არ ადასტურებს

მომაკვდინებელი ვირუსის შემოტევას ჯანდაცვა არ ადასტურებს

საქართველოში ახალი მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ ადასტურებს. ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ამ მომენტისათვის ვირუსების თვალსაზრისით საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება. არადა, მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ მოსახლეობა საგონებელში ჩააგდო.

ადვოკატი ლალი აფციაური პრესასთან საუბრისას ამბობს, რომ თუ დროული სამედიცინო ჩარევა არ მოხდა, ავადმყოფობა შეიძლება ლეტალური შედეგებით დასრულდეს. ეს ვირუსი მას და მისი ოჯახის წევრებსაც შეხვდათ და რომ არა დროული რეაგირება, დღეს ის ცოცხალი არ იქნებოდა.

ადვოკატი ვირუსის სიმპტომებსაც აკონკრეტებს. „იწყება დაბალი სიცხით, მაშინვე ხდება ფილტვების შეშუპება, მერე ავადმყოფი კომაში ვარდება, გადმოსდის დუჟი და რაც ყველაზე საგანგაშოა, სიკვდილით მთავრდება… თავად ექიმებიც აღნიშნავენ, რომ უმძიმესი პროცესია. საავადმყოფოდან რომ გამომიყვანეს, ჩემი ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ სიკვდილს ბეწვზე გადავურჩი. გადარჩა დეიდაჩემიც, თუმცა დედაჩემმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა“, - აღნიშნავს აფციაური, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, დროულად მიმართონ ექიმს, რათა უბედური შემთხვევები თავიდან აირიდონ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ინფორმაციას, თითქოს, საქართველოში მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა, არ ადასტურებენ. ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ცენტრის ვებ-გვერდზე ყოველკვირეულად იდება ინფორმაცია თუ რა სიტუაციაა ქვეყანაში გრიპის მაგვარი დაავადების მიმართვიანობის მხრივ. ეს ეხება ამბულატორიულ მიმართვიანობას და მძიმე მიმდინარეობას – როცა ხდება ჰოსპიტალიზაცია.

„სტატისტიკას რომ გადავხედოთ, თუ რა სიტუაცია იყო წინა წლებში და დღეს – როგორც პოლიკლინიკაში, ასევე საავადმყოფოში აბსოლუტურად ერთი და იგივე მდგომარეობაა. არაფერი არ ხდება ისეთი, რაც არ ხდებოდა შარშან ან შარშანწინ. შეიძლება ითქვას, რომ ამას გარკვეულწილად ამინდები განაპირობებს, სანამ სიცივე იქნება, მანამ იქნება ვირუსებიც. ზამთრის სეზონის ვირუსები მაისის ბოლოს გაქრებიან და მოვა ზაფხულის სეზონის ვირუსები და ბაქტერიები“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

ბოლო კვირის მონაცემებით, იყო და ჯერ კიდევ დადიოდა გრიპის H1N1 A ტიპის ვირუსები, იყო რინოვირუსები, იყო რესპირატორულ-სინციტიური ვირუსები.

„ეს არის ჩვეულებრივი ვირუსები, რომლებიც იწვევენ გრიპის მაგვარ დაავადებებს. ზოგი ადამიანი ამას ძალიან მარტივად გადაიტანს, ზოგს ექიმი არ დაჭირდება, ზოგი საშუალო სიმძიმით და ექიმთან ვიზიტი სჭირდება, მაგრამ უკიდურესად იშვიათად, ეს რა თქმა უნდა, გამწვავდება და ძალიან ძალიან იშვიათად შეიძლება ამან ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს. სამწუხაროდ ასეთი მაგალითები ჩვენ ბევრი გვაქვს ხოლმე.

გრიპის მაგვარი და რესპირეატორული ვირუსების კუთხით – არავითარი განსხვავება არ არის წინა წლებთან შედარებით, ასევე ლეტალური შემთხვევებში. სამწუხაროდ სეზონის განმავლობაში, როდესაც იწყება გრიპის მაგვარი დაავადების სეზონი, წლიურად 50-60 ადამიანის გარდაცვალება ხდება. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე.