25 ტონა გენმოდიფიცირებული სოიოს გამო დეპუტატები პასუხს აგულაშვილს სთხოვენ

25 ტონა გენმოდიფიცირებული სოიოს გამო დეპუტატები პასუხს აგულაშვილს სთხოვენ

გარემოს დაცვის მინისტრის რანგში პარლამენტში გიგლა აგულაშვილის პირველი ვიზიტი ხმაურისა და ცხარე კამათის ფონზე წარიმართა. ყოფილ დეპუტატს ყოფილი კოლეგები - გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე და გია გაჩეჩილაძე დაუპირისპირნენ და არ არის გამორიცხული, საკანონმდებლო ორგანოში დაწყებული დავა სასამართლოში გაგრძელდეს.

მხარეებს შორის განხეთქილების მიზეზი მიმდინარე წლის 24 აპრილს, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ელგუჯა ხოკრიშვილის მიერ გამოცემული N198-ე ბრძანება გახდა, რომლის საფუძველზეც საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოს შემოტანა დაშვებული იქნება.

დეპუტატებისა და ექსპერტების განმარტებით, ქვეყანაში გენმოდიფიცირებული სოიოს 25 ტონაა შემოტანილი და რეალური საფრთხეა იმის, რომ გარემოში გენმოდიფიცირებული სოიოს თესლის ინტროდუქცია მოხდეს, რაც კანონით აკრძალულია. გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა კი ირწმუნება, რომ საქართველოში შემოტანილი სოიოს აღნიშნული სახეობა განკუთვნილი იქნება ცხოველისთვის საკვებ პროდუქტად, რაც კანონით დაშვებულია.

კანონმდებლები ელგუჯა ხოკრიშვილის გამოცემულ ბრძანებას სასამართლოში თუ როდის გაასაჩივრებენ, ამას არ აკონკრეტებენ, მაგრამ ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილების წინააღმდეგ დღეს, ფრაქცია „მრეწველების“ წევრები გამოვიდნენ და მათ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე პასუხები ახალ მინისტრს, გიგლა აგულაშვილსა და მის მოადგილეს, თემურ მურღულიას მოსთხოვეს.

ორი საათის მანძილზე, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს შორის გამართული შეხვედრა ცხარე დებატების ფონზე წარიმართა. სხდომაზე ტყემალაძე მურღულიას დაუპირისპირდა და ის ხოკრიშვილის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, ხოლო თოფაძე პოლიტიკურად აგულაშვილს გაუსწორდა.

ზურაბ ტყემალაძის ცნობით, საქართველოში უკრაინიდან გენმოდიფიცირებული სოიოს 25 ტონა იქნა შეტანილი და სოიოს ეს თესლი მინდორში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს. დეპუტატის განმარტებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მთავრობის იმ დადგენილებას ეყრდნობა, რომელიც მას შემდეგ უნდა ამუშავდეს, როცა გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების საბაჟოზე გადაკვეთა მოხდება.

„საბაჟოზე გადაკვეთა ვერ მოხდება, ვიდრე მეცნიერ-ექსპერტების მიერ არ იქნება შესწავლილი და დადებითი დასკვნა არ იარსებებს. მინისტრს ასეთი ბრძანების გამოცემა მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში შეეძლო. აქ ევროკავშირის რეესტრი არაფერ შუაშია და ასოცირების ხელკშეკრულებაში ამდაგვარი არაფერი წერია. ევროკავშირი ვერ დაგვავალდებულებს და ასოცირების ხელშეკრულება ვერ მოგვთხოვს იმას, რომ სულ სხვა ქვეყანაში და არა ევროკავშირის წევრ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას კარი გავუხსნათ, მით უფრო, როცა საქმე ეკოლოგიურად არასუფთა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს ეხება“, - განაცხადა ტყემალაძემ.

დეპუტატის მოსაზრებით, თემურ მურღულიას „კუჭი ისე ეწვის“, რომ როგორც ჩანს, ეს ბრძანება მისი მომზადებულია და მან ყოფილი მინისტრი შეცდომაში შეიყვანა.

„ბატონო თემურ, მთავრობის 740-ე დადგენილებას იცნობთ, რომელიც საბაჟო-კონტროლის გავლით, ქვეყანაში ცოცხალი გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანას ეხება? აქ აღნიშნულია ის, ცოცხალი გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანა თუ როგორ უნდა მოხდეს. ევროკავშირს თავისი რეესტრი და ნუსხა აქვს ჩამოთვლილი, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულებაში რომელიმე მუხლი და სიტყვა მიმითითეთ, რომელიც გვავალდებულებს, რომ არაევროპულ ქვეყანაში წარმოშობული პროდუქციის განთავსება ჩვენს სივრცეში მოხდეს. ასეთი მითითება არსად არ არის. ეს პროდუქცია საიდან არის შემოტანილი? ეს არ იცით? თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ეს იცოდეთ? ეს თესლი შემოტანილია უკრაინიდან და აქ ევროკავშირის რეესტრი რა შუაშია? ჩემთვის მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნება, ადამიანის ჯანმრთელობა და ა.შ. როგორც ჩანს, ბატონო თემურ, დადგენილებებს არ იცნობთ. ბატონო თემურ, ისე გეწვით კუჭი, რომ მგონი, ის ბრძანება თქვენი მომზადებულია და ყოფილი მინისტრი შეცდომაში შეიყვანეთ“, - მიმართა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილეს ტყემალაძემ.

for.ge-სთან საუბარში თემურ მურღულია განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონი გენმოდიფიცირებული თესლის ცხოველთა საკვებად შემოტანას არ კრძალავს და ასეთ შემთხვევაში, მის ეტიკეტირებას ითვალისწინებს.

მურღულიას შეფასებით, დეპუტატებს ასეთი ნეგატიური წარმოდგენა არაინფორმირებულობის გამო აქვთ.

„ლოგიკა, რომელსაც დეპუტატები ანვითარებენ, უცნაურია. საქართველოს იმის საშუალება არ აქვს, რომ ყველა გენმოდიფიცირებული ორგანზმი გრძელვადიანი ტესტებით განსაზღვროს - რომელია კარგი და რომელი ცუდი. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ მხრივ ქვეყანა ევროკავშირის ნუსხას ეყრდნობა და მინისტრის ბრძანებით დაშვებული სოიოს გენმოდიფიცირებული თესლი, ევროკავშირის ნუსხით არის დაშვებული. მსოფლიოში სოის დიდი ნაწილი გენმოდიფიცირებულია. როდესაც საბაჟომ მისი შემოტანა დააფიქსირა, ჩვენ მოგვმართეს და გვითხრეს, რომ რაკი ევროკავშირის მიერ აღიარებული სია არსებობს, რას ვაკეთებდით - ვრთავდით თუ არა მათ მისი შემოტანის ნებას. ჩვენ შეზღუდვის არანაირი საფუძველი არ გვქონდა, რადგან ეს ევროკავშირის ნუსხით დაშვებული სოიოს თესლია“, - აცხადებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე.

მურღულიას განმარტებით, საუბარია ცოცხალი გენმოდიფიცირებული სოიოს თესლზე, რომელიც ცხოველის საკვებისთვის გამოიყენება.

„დეპუტატების მხრიდან არასწორი ინტერპტრეტაცია კეთდება და მათთან შინაგანი წინააღმდეგობა არ მაქვს. მათ ასეთი ნეგატიური წარმოდგენა არაინფორმირებულობის გამო აქვთ. გარემოს ზედამხედველობის ინსპექციას ვალდებულება აქვს, ეს პროცესი გააკონტროლოს და გაარკვიოს, იყო თუ არა სოიოს გენმოდიფიცირებული თესლი შერეული კომბიკორნში, რომელსაც ცხოველს აჭმევენ, თუმცა, არა ცოცხლად. ეს დაიფრქვევა და კომბიკორნში შეერევა. თქვენ მეკითხებით, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ეს გარემოში მოხვდეს? - წინასწარ როგორც ბოროტი განზარხვის გამჟღავნება ვერ ხდება, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას ეხება, ასეა ეს პროცესიც. თუკი ვინმე თესლს ჯიბეში ჩაიყრის და მიწაში ჩაყრის, უკაცრავად, მაგრამ ამის გაკონტროლებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ასეთი მსხვილი იმპორტის დროს ვალდებულებაა, რომ ეს შეფუთულ კონტეინერებში იყოს და მას გარემოს დაცვის ინსპექცია მანამდე მისდევს, სანამ ის არ დაიფქვება“, - განაცხადა მურღულიამ.

მურღულიას კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი გოგი თოფაძეც დაუპირისპირდა, რომელიც დაინტერესდა, საქართველოში 25 ტონა გენმოდიციფირებული სოიოს თესლი თუ რატომ შემოიტანეს.

თოფაძის თქმით, იტალიაში როგორც გენმოდიფიცირებული პროდუქტები, ასევე გენმოდიფიცირებული თესლის შეტანა აკრძალულია და მეცნიერები ამბობენ, რომ ეს პროდუქტი გათვალისწინებულია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც აფრიკაა.

„საუბარი 25 ტონაზეა და ეს ცხოველის საკვებად როგორ შემოგაქვთ? რა აუცილებელია, რომ გენმოდიფიცირებული სოიოს თესლი შემოიტანოთ? ხოკრიშვილს ვიცნობდი და ის არც იმის გამკეთებელია, რომ მას ამ ბრძანების გამოცემა თავის თავზე აეღო. კაცი მიდიოდა და მისი მხრიდან ამ ბრძანების გამოცემა, რა აუცილებლობა იყო? - როგორც ჩანს, მას ეს ბოლო ბრძანება დააწერინეს. გავიწყდებათ, რამდენი წელია, ბრძოლა მიდის - შემოვიდეს თუ არა ეს თესლი. საქართველოში ჭოპორტის პამიდორი და შუშა კიტრი აღარ იქნება და ეს გინდათ?! რა ინტერესი გაქვთ, ჩვენი სურსათი არ გვყოფნის? ამას აფრიკაში აკეთებენ და მსოფლიოში ამბობენ კიდეც, რომ მათ არ სურთ, მოსახლეობა 50 მილიარდი გახდეს და ამიტომ მოსახლეობის შემცირება სურთ და ეს ქართველებს გვინდა?“, - მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს თოფაძემ, რომელმაც მათ საჭიროებისამებ, მეცნიერების მიერ მომზადებული მასალების მიწოდება შესთავაზა, რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქციასა და თესლს ეხება.

ტყემალაძე-თოფაძე-მურღულიას ცხარე დებატებში გიგლა აგულაშვილი ჩაერთო, რომელმაც ყოფილი კოლეგების მიმართ უკმაყოფილება არ დამალა და მათ მინისტრის რანგში პირველი „სასიამოვნო შეხვედრის“ მოწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

აგულაშვილი წინამორბედის მიერ გამოცემულ ბრძანებას კანონიერად მიიჩნევს და ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრი სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი დონის დავისთვის და ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის მზადაა.

„ამ რანგში ჩემი პირველი სტუმრობაა და სასიამოვნო შეხვედრის მოწყობისთვის მადლობას გიხდით. ამის მიუხედავად, არ დამეზარება, აქ კიდევ მოვალ და იმ პოლიტიკას გავაგრძელებ, რასაც ანგარიშვალდებულება გულისხმობს. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო. ბრძანება კანონების სულისკვეთებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარეა გამოცემული. ჩვენ არ შეგვიძლია იმ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა ვიმოქმედოთ, რაც მოქმედებს. თქვენი ნებაა, რა პოლიტიკურ ინსტრუმენტებს გამოიყენებთ, რომ სამინისტროს სახელი შეილახოს, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი დონის დავისთვის და ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის მზად ვართ. თუ ხედავთ, რომ კანონი შავ ხვრელებსა და თეთრ ლაქებს უშებს, რომ თესლი ბუნებაში მოხვდეს, მაშინ ცოცხალი გენმოდიფიცირებული პროდუქტის საკვებად გამოყენებაც ავკრძალოთ და შესაბამისად, ჩვენი ბრძანებაც შეიცვლება. რისკი იმისა, რომ როდესმე ცოცხალი გენმოდიფიცირებული თესლი ბუნებაში მოხვდეს, არსებობს, მაგრამ იმის გამო, რომ ეს რისკი არსებობს ვერ ვიტყვი, რომ ბრძანება უკანონოა“, - განაცხადა აგულაშვილმა, რომელმაც დეპუტატების მიმართ გაღიზიანება არ დამალა.

გარემოს დაცვის მინისტრის მოსაზრებით, დეპუტატები მის უწყებას სთხოვენ, რომ უკანონო მოქმედება განახორციელოს.

„რატომ გვეჩხუბებით და გვსაყვედურობთ, ვერ გავიგე? გაუმჯობესება გინდათ, კი ბატონო, გავაუმჯობესოთ. სამინისტროს უკანონობის ჩადენას ნუ სთხოვთ, თქვენ კანონი შეცვალეთ და დაგემორჩილებით. თქვენ ამბობთ, რომ მთავრობამ უკანონობა ჩაიდინოს, რასაც არასოდეს გავაკეთებ. მინისტრი მე რომ ვყოფილიყავი, ამ დოკუმენტს ხელს მეც მოვაწერდი, რადგან კანონშესაბამისია. დისკუსიისთვის მზად ვარ, მაგრამ არა იმ ტაქტიკით, რაც თქვენ აირჩიეთ“, - მიმართა დეპუტატებს აგულაშვილმა, რომლის საპასუხოდ, for.ge-სთან საუბარში დეპუტატი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ სამინისტროს უკანონო ნაბიჯის გადადგმას არავინ სთხოვს.

გაჩეჩილაძის მტკიცებით, ხოკრიშვილის მიერ გამოცემული ბრძანება კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.

„სოფლის მეურნეობაში გენმოდიფიცირებული თესლების მოხვედრა კატეგორიულად ავკრძალეთ და როცა ეს ცხოველთა საკვებისთვის შემოგაქვთ, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს თესლი ბუნებაში მოხვდება? ცხოველური გადამუშავების შემდეგ, შეიძლება, ის ისევ ბუნებაში მოხვდეს. ეს ეწინააღმდგება თუ არა კანონს? ასოცირების ხელშეკრულება არ გვეუბნება, რომ ეს პუნქტები გადმოვიტანოთ და სოიოს შემოტანის აუცილებლობა რითი უნდა ავხსნათ? გენმოდიფიცირებულ სოიოზე განსაკუთრებული მოთხოვნაა? რა აუცილებლობა იყო, „მონსანტოს“ სოიოს შემოტანის?“, - ინტერესდება გაჩეჩილაძე, რომლის კითხვებსაც პასუხი for.ge-სთან საუბარში მეცნიერმა დიანა ძიძიგურმა გასცა, რომელიც კომიტეტის სხდომაზე იდეით გამოვიდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს სახელწოდება შეეცვალოს.

ძიძიგური ინტერესდება, როდესაც ქვეყანაში 25 ტონა გენმოდიფიცირებული სოიოს თესლი შემოდის, ვინ არის იმის გარანტი, რომ ის შეგნებულად თუ შეუგნებლად გარემოში არ მოხვდება?

„18 წელია გარემოს დაცვის სამინისტროსთან მუდმივი ბრძოლა და შეხლა-შემოხლა მაქვს. ხომ არ დადგა დრო, ამ სამინისტროს სახელდწოდება შევუცვალოთ? როცა მეცნიერი ამბობს, რომ რაღაც საშიშია, ამას სამინისტრო უნდა ითვალისწინებდეს, თუ გვებრძოდეს? თუკი კანონში ვწერთ, რომ გენმოდიცირებული თესლის ინტროდუქცია გარემოში უნდა აიკრძალოს, მეორეს მხრივ, რისკებს ვქმნით? ერთი ხელით კანონით რაღაცას ვკრძალავთ, მეორე ხელით ვუშვებთ. რითი ხსნიან, რომ 25 ტონა სოიოს შემოტანა მოხდება? - ამას ბიზნესსინტერესებს ვუკავშირებ, რომელსაც „მონსანტოს“ კოორპორაცია ლობირებს“, - განაცხადა ძიძიგურმა.

გარემოს დაცვის მინისტრის პოსტი ელგუჯა ხოკრიშვილმა 28 აპრილს დატოვა, მან გადაწყვეტილების მოტივად ოჯახური მდგომარეობა დაასახელა და მოგვიანებით ის, გერმანიაში საქართველოს ელჩის მრჩევლად დანიშნეს. იმ შემთხვევაში თუკი, „მრეწველები“ მუქარას სისრულეში მოიყვანენ და სასამართლოს სარჩელით მიმართავენ, ყოფილ მინისტრს საქართველოში დაბრუნება და კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.