რესპუბლიკელები დაცემისთვის აღაზევეს?

რესპუბლიკელები დაცემისთვის აღაზევეს?

ვახტანგ ძაბირაძის რჩევები ,,ოცნებას

 უნდა თუ არა ხალხს ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება, რატომ ვერ მოიპოვებს ,,ოცნება' გამარჯვებას ვადამდელი არჩევნების გარეშე, რას ნიშნავს რესპუბლიკელების ბოლოდროინდელი ,,პოლიტაღზევება' და რა შემთხვევაში დაბრუნდებიან ხელისუფლებაში ნაციონალები? - ,,ვერსიის' კითხვებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს.  


_ ბატონო ვახტანგ, პარლამენტის ბოლო რამდენიმე სხდომა ჩაიშალა: იზიარებთ მოსაზრებას, რომ უმრავლესობა მხოლოდ პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად და მთავრობის დასამტკიცებლად იკრიბება? 
_ პარლამენტის როლი, მოქმედი კონსტიტუციით, ძალიან დიდია. ის, რომ ზედიზედ რამდენიმე სხდომა ჩაიშალა, სამწუხარო კი არა, უფრო საინტერესოა _ რეალურად, საქმე რასთან გვაქვს, მით უმეტეს, უმრავლესობას 84 კაცი ჰყავს და მობილიზება თავისუფლად შეუძლია, მაგრამ სხვა პროცესები მიდის და ეს მხოლოდ ქუთაისში ჩასვლა_ არჩასვლას აღარ ეხება. სასურველია, პარლამენტი უფრო აქტიური და პოლიტიკური იყოს, ვიდრე დღესაა. 

_ ამასობაში, ,,ოცნებას' თამარ კორძაია გამოაკლდა. ეს მმართველი პარტიის დაშლის დასაწყისია თუ რესპუბლიკელების ,,აღზევების' განმტკიცება, მით უმეტეს, ბოლო დროს ორი რესპუბლიკელი გამინისტრდა? 
_ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რესპუბლიკელების აღზევების ხანა დადგა. მათ მიერ მინისტრების პორტფელების აღება ბუნებრივი და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პირველ რიგში, სწორედ ,,ოცნების' მხრიდან, თუმცა ვერც ერთი მინისტრი და ვერც ცალკე აღებული უწყება ქვეყანაში ვითარებას ვერ შეცვლის. ეს მთელმა კაბინეტმა უნდა გააკეთოს. მთავრობა პოლიტიკური ორგანო უნდა იყოს, თუმცა სამწუხაროდ, ტრადიცია გრძელდება და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პოლიტიკურზე მეტად, სამეურნეო ნაწილია წამოწეული. ეს ნაზავი კი ეფექტურად არ მუშაობს. რომელ აღზევებაზეა საუბარი, როცა რესპუბლიკელებს სულ 9 დეპუტატი ჰყავთ და არა საპარლამენტო უმრავლესობა. ეს ,,აღზევება' შეიძლება, ძალიან სწრაფად შეიცვალოს. ბოლო ბოლო, კონსტიტუციით, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, პარლამენტის დაუკითხავად, 6 მინისტრი შეცვალოს. თავდაცვის წინა მინისტრთან კითხვები არსებობდა, ხიდაშელის იქ მისვლა კი რამდენიმე სტერეოტიპს ამსხვრევს და არც მის პროდასავლურ კურსში შეაქვს ვინმეს ეჭვი. 

_ ცოტა ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილი რესპუბლიკელებს თითს უქნევდა, პარტიის ლიდერები კი ამბობდნენ, მიგვანიშნეს, კოალიცია დატოვეთო. ახლა თანამდებობების ჩამორიგება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ეშინიათ, კოალიცია კიდევ ერთმა გამოკვეთილმა პროდასავლურმა ძალამ არ დატოვოს? 
_ ეს ვარიანტი აბსოლუტურად რეალურია. გულწრფელად რომ ვთქვათ, რესპუბლიკელები კოალიციიდან თუ გავლენ, ,,ოცნება' პოლიტიკური გუნდის ელფერს მნიშვნელოვნად დაკარგავს, თუმცა არ მგონია, ეს ფაქტორი გადამწყვეტი იყოს. ვფიქრობ, მინისტრთა კაბინეტი გაპოლიტიკურებას საჭიროებდა და ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღეს, თუმცა არ მგონია, რესპუბლიკელებისთვის თანამდებობა განმსაზღვრელი იყოს. თუკი მათთვის ქვეყნის კურსი მიუღებელი იქნება, მშვიდად დატოვებენ იმ თანამდებობებს, რომელზეც ახლახან დანიშნეს. 

_ რაკი საგარეო კურსს შევეხეთ, NDI_ კვლევებზეც გკითხავთ, რომლის შედეგებითაც, ევრაზიის კავშირის მომხრეთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ამის მიზეზი რა არის? 
_ ცალკე საკითხია, ამ კვლევებს ვენდობით თუ არა, მაგრამ ტენდენცია, საითაც პროცესი მიდის, სწორადაა ასახული. 31% არცთუ საგანგაშოა, თუ მის საპირწონე 68%_ს გავიხსენებთ, რომელსაც ევროკავშირში შესვლა სურს. ჩემი აზრით, ამ მაჩვენებლის ზრდა ხელისუფლების კურსმა კი არა, იმ ფაქტორმა განაპირობა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება და ამ შემთხვევაში, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ვგულისხმობ. ალბათ, ისიც მოქმედებს, რომ ამ ხელისუფლების მიმართ მოლოდინი ძალიან მაღალი იყო, მაგრამ არაფერი შეიცვალა, ხალხი იმედგაცრუებული დარჩა და გაჩნდა ნოსტალგია ძველი ურთიერთობებისადმი. ვიღაცებს ისევ აქვთ იმედი, რომ რუსეთთან კავშირით ეკონომიკური პრობლემები მოგვარდება. კარგი იქნებოდა, ამ 31%_ის წვლოვანება გვცოდნოდა _ მეეჭვება, ისინი ახალგაზრდები იყვნენ. ვფიქრობ, ევრაზიულ კავშირზე უფრო ჩემი და ჩემზე უფროსი თაობა ფიქრობს. 

_ ხელისუფლებას საქმე არც პოლიტიკურ რეიტინგებში აქვს სახარბიელოდ _ არჩევნებიდან სამი წლის თავზე, ,,ოცნებისა' და ნაციონალების რეიტინგი მხოლოდ 8%_ით განსხვავდება. გამოკითხულთა ყველაზე დიდ ნაწილს, 30%_ კი არავინ მოსწონს. ეს ნაციონალების მობრუნების პერსპექტივაა თუ ახალი ძალის გაჩენის მოთხოვნა? 
_ სხვათა შორის, ,,ოცნების' რეიტინგის ასეთი სწრაფი ვარდნა ძალიან საეჭვოა, რადგან ცოტა ხნის წინ ჩატარებულ გამოკითხვებში, ამ ძალას 36% ჰქონდა, ახლა კი 24% აქვს. ტენდენცია ისევ სწორია, ხელისუფლების რეიტინგი იკლებს, მაგრამ ორ თვეში 12%_ის დაკლება მაინც არარეალური მგონია. ამ სურათიდან ჩანს, რომ მოსახლეობა ემიჯნება ,,ქართულ ოცნებას', ამაზე ის 30%_იც მეტყველებს, ვინც არ იცის, ვინ მოსწონს. არ ნიშნავს, რომ ეს ნაწილი ,,ოცნებასთან' აპრიორი დაპირისპირებულია, არც იმას ნიშნავს, რომ ეს 30% ხმას ნაციონალებს მისცემს, თუმცა ხვალ_ზეგ ხალხის ეს ნაწილი აუცილებლად დაუპირისპირდება ,,ქართულ ოცნებას' და ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენის აუცილებლობაც რეალურად მაშინ დადგება. 

_ ნაციონალებს რევანშის შანსი აქვთ? 
_ არა, სტაბილურ გარემოში ნაციონალების დაბრუნება გამორიცხულია! მათ მთავარ ოპოზიციურ ძალად ასახელებენ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველი ამ ძალისკენ წავა. ჩემი აზრით, უფრო მოსალოდნელია, იმედგაცრუებული ხალხი არჩევნებზე საერთოდ არ მივიდეს, თუმცა ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი გავლენა და რეიტინგი, ამომრჩევლის დიდი ნაწილი ,,ქართული ოცნებისკენ' შემოაბრუნოს. ცოტა ხანში, ახალი პოლიტიკური ძალის მოთხოვნა მართლაც გაჩნდება ან ყველა პოლიტიკური ძალა თითქმის თანაბრად იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში და უმრავლესობის დაკომპლექტება ძალიან გაჭირდება. თუ მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაიწყება და დღევანდელი ვითარება 2016 წლამდე გაგრძელდება, მეეჭვება, ვითარება ,,ოცნების' სასარგებლოდ თუნდაც ივანიშვილმა შემოაბრუნოს. ვფიქრობ, ამის შანსი მხოლოდ შემოდგომით, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში არსებობს. 2016 წელს კი ,,ოცნების' მიერ რეალური უმრავლესობის დაკომპლექტება, ჩემი აზრით, გამორიცხულია. 

_ სხვათა შორის, გამოკითხვებში ივანიშვილზე საგულისხმო კითხვა იყო, მის როლს სად ხედავთო. თუკი აქამდე ხალხი ერთხმად ითხოვდა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, ახლა გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ იგი პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა ჩაერიოს. ,,ოცნების' გამარჯვებას ივანიშვილის ფაქტორი თუნდაც ვადამდელ არჩევნებზე ეყოფა? 
_ ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილს გამარჯვების რესურსი აქვს, თუმცა არა ისეთი, როგორც 2012 წელს ჰქონდა. ახლა მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი საკმარისი აღარ იქნება და საჭიროა სამი კომპონენტი: ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები კოალიციაში და პირველ რიგში, მის პერსონალურ შემადგენლობაში. პარლამენტში შესაბამისი გამოცდილების მქონე მეტი პოლიტიკოსი უნდა შევიდეს. ასევე, ,,ოცნების' მთავრობამ სერიოზული ეკონომიკური გარღვევა უნდა მოახდინოს, თუნდაც ლარის კურსის გამყარების კუთხით და ამას უნდა დაემატოს ივანიშვილის ფაქტორი. ყველაფერი ეს შემოდგომამდე უნდა მოხდეს, თორემ წელიწადნახევრის შემდეგ ვეღარც ბიძინა ივანიშვილი შეძლებს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვებას. შესაძლოა, ,,ოცნება' პარლამენტში ყველაზე დიდ ფრაქციად ისევ შევიდეს, თუმცა უფრო დიდი წარმატების მიღწევა უკვე ძალიან გაუჭირდება.