ბიუჯეტს 2 თვის შემდეგ შეამცირებენ

ბიუჯეტს 2 თვის შემდეგ შეამცირებენ

როგორც ჩანს, მთავრობაშიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბიუჯეტს შემცირება არ ასცდება, თუმცა ჯერჯერობით აჩქარება საჭირო არ არის. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები ამბობენ, რომ საბიუჯეტო ცვლილებები მეორე კვარტლის შემდეგ დადგება დღის წესრიგში.

ეს ყველაფერი კი გამოწვეულია უცხოური საფინანსო ორგანიზაციების მიერ ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებით. ბოლო 2 თვეა ყველა მათგანმა საქართველოსთან მიმართებაში მშპ-ს წლიური მაჩვენებელი შეამცირა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა იგი 2%-მდე დაიყვანა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - 2,3%-მდე.

ასეთ ფონზე საბიუჯეტო ცვლილებას არ გამორიცხავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც, თუმცა ამტკიცებს, რომ კაპიტალური და სოციალური ხარჯები არც ერთ შემთხვევაში არ შემცირდება.

„ეკონომიკის მინისტრმა და მეც თებერვალში ვთქვით, რომ შესაძლებელია ბიუჯეტის კორექტირება. ჯერჯერობით იგი სრულდება გადაჭარბებით, თუმცა ეს კონომიკური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, გვაფიქრებინებს, რომ პროგნოზს გადავხედოთ. შესაძლოა მოგვიწიოს ბიუჯეტის კორექტირება, მაგრამ შეიძლება არც დაგვჭირდეს ხარჯის შემცირება. ახლავე დარწმუნებით გეტყვით, რომ კაპიტალური და სოციალური ხარჯები არ შემცირდება. შესაძლოა, ერთი ტიპის შემოსავალი, მეორე ტიპის შემოსავალმა ჩაანაცვლოს“, - აღნიშნა ხადურმა.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილ ევრობანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 2,3 პროცენტამდე შემცირებას გამოეხმაურა.

„მეორე კვარტლის ბოლოს მთავრობა დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ეს, რა თქმა უნდა, არის მოკლევადიანი ეფექტი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, თუმცა აბსოლუტურად ყველა ინვესტორი თანხმდება ერთ რამეზე, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა იქნება რეგიონში და არა მარტო რეგიონში, ევრაზიის კონტინენტზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით კითხვაზე კი, ეკონომიკის მინისტრი პასუხობს, რომ საჭირო იქნება ბიუჯეტის კორექტირება და ამაზე კითხვის ნიშანი არ არსებობს.

„მეორე კვარტლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვახდენთ საბიუჯეტო ცვლილებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ეკონომიკურ საკითხებში, პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის აზრით კი, ევრობანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების მიუხედავად, ბიუჯეტის კორექტირება ნაადრევია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი აბაშიშვილმა განუცხადა, უმჯობესია, საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება ემყარებოდეს უფრო სწორ გათვლას, რომელიც ორი კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე იქნება.

„უფრო მნიშვნელოვანია დაველოდოთ ორი კვარტლის მაჩვენებლებს, ერთია რომ 2,3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აქვს ევრობანკს, მაგრამ წინა თვეების მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, ეკონომიკური ზრდა საქართველოში უფრო მაღალია. ამიტომ, სჯობს, უფრო ზუსტი პროგნოზის გასაკეთებლად (რომელმაც, შესაძლოა, გარკვეული პარამეტრების ცვლილებამდე მიგვიყვანოს), დაველოდოთ კიდევ უფრო ზუსტ მონაცემს, რომელიც იქნება 6 თვის ან 2 კვარტლის შედეგებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.